“დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმეზე ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს.
თეონა თამაზაშვილი მისი შვილის მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი გამომძიებელი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს იძიებდა “სინდისმა” შეაწუხა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სიმართლის თქმა.
“მოვედი, რათა შევიტანო განცხადება, რომ თავიდან აღიძრას თამარის საქმე. იმიტომ, რომ თამარს თავი არ მოუკლავს, იგი მოკლეს. ალბათ დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც სინდისიერ გზას ირჩევს და სიმართლეს ამბობს. ეცდებიან, თავი დაიცვან, რომ არ აღიძრას ეს საქმე და თუ მონაწილეობა არ მიიღო აბა ეს კაცი იტყუება?!.
ჩემი პოზიციაა, რომ კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს ჩემი შვილის საქმეს და დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება მათივე უწყების თანამშრომლისგან, რომელმაც უკეთესად იცის რაც ხდება ზოგადად, ამ სისტემაში. უტყუარი ფაქტები მოიყვანა და ამიტომ აუცილებელია, რომ თავიდან დაბრუნდეს ძიებაში ეს საქმე,“ – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ პროკურატურაში დღეს ჩვენება არ მისცა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა.
სერგო შუბითიძე პროკურატურაში დაკითხვაზე მისი ინტერვიუს საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული. მისი ინტერვიუს საფუძველზე გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.
შუბითიძემ საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი უფლებაა მოსამართლის წინაშე დაკითხვა.
სერგო შუბითიძის ადვოკატის, მარიამ მაღრაძის განცხადებით კი, შუბითიძის ამ პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ახლა პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. მისივე თქმით, შუბითიძემ რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა, არ ნიშნავს მისი მხრიდან გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დამატებით სხვა დეტალებზე, მათ შორის, რის თქმას აპირებს გამოძიებისთვის შუბითიძე, არც ყოფილი გამომძიებელი და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ.
სერგო შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.