2026 წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასები 10%-ით გაიზრდება – ფინანსთა მინისტრი
2026 წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება – ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხუციშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე 74 პროცენტიდან 90 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.
„გასულ წელს, როდესაც დამტკიცდა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი, განსაზღვრული იყო გარკვეული პრინციპები, როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი. შესაბამისად, დაევალა საქართველოს მთავრობას, წარედგინა პარლამენტისთვის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში ხელფასების მოწესრიგება და ეს გარკვეულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული. მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის დარეგულირება უკვე გრძელვადიან პერიოდში.
შესაბამისად, განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი. ეს მიმართულებები შემდეგია:
2026 წლის პირველი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულადაც ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში გაიზრდება არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი. ასევე, 2026 წლიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80 პროცენტზე ნაკლები და 90 პროცენტზე მეტი. განისაზღვრა დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც უნდა იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე შედარებით კერძო სექტორთან მიმართებით. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს ვითარება, რომ საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე დაახლოებით 74 პროცენტს შეადგენს კერძო სექტორთან მიმართებით, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად იცვლებოდა, 93-94 პროცენტიც კი იყო, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74 პროცენტამდე.
კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა გაიზრდება დაახლოებით 10 პროცენტით ყოველწლიურად, რათა მიღწეული იქნას ის პარამეტრები, რაზეც ვისაუბრე. ეს დიაპაზონი უნდა იყოს 80-დან 90-მდე დიაპაზონში კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასისა, რაც შინაარსობრივად ნიშნავს, რომ 2023-2024-2025 წლებში საბაზისო ხელფასი უნდა გაიზრდოს დაახლოებით 10 პროცენტით ყოველწლიურად საჯარო სექტორში. აღნიშნული პარამეტრები განიხილება კანონმდებლობის დონეზე, როდესაც წარდგენილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი. შესაბამისად, აღნიშნულ კანონში აისახება მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.