ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა – პრემიერი
2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება; 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს არავითარი წნეხი ბიზნესზე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას.
„ყველას გახსოვთ 2012 წლამდე რა ვითარება იყო ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით, რამდენად მძიმე ზეწოლა იყო ბიზნესზე, პირდაპირი ტერორი ხორციელდებოდა ბიზნესმენების მიმართ. იყო ათასობით ფაქტი იმისა, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფოზეც კი უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სხვა კერძო პირებზე უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება. 10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება. 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე.
დღეს ბიზნესი არის თავისუფალი. არავითარი წნეხი ბიზნესზე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.