ზუგდიდში, აქციაზე პიროტექნიკის მიტანის გამო პოლიციასა და „დროას“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილებს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და პარტიის სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქციის დაწყებამდე ელენე ხოშტარიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს, გურამ ზესაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პიროტექნიკის გამო, რომელიც ელენე ხოშტარიას თან ჰქონდა. პოლიციამ ხოშტარიას პიროტექნიკა ჩამოართვა.
მიუხედავად ამისა, ადგილზე მყოფებმა რამდენიმე ფოიერვერკის გაშვება მაინც მოახერხეს, რასაც „დროას“ ადგილობრივი ლიდერის, მარიამ სიჭინავას დაკავება მოჰყვა.
სამხარეო პოლიციის უფროსი გურამ ზესაშვილი პირველ არხთან აცხადებს, რომ მარიამ სიჭინავა დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
ვითარება აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავები შეეცადნენ, ხელი შეეშალათ ელენე ხოშტარიასა და აქციის იმ მონაწილეებისათვის, ვინც ასფალტზე აკრავდა სტიკერს – „გაიფიცე“.
არსებული ინფორმაციით, მარიამ სიჭინავა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი და მასთან რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლობის იურისტი შევა.