“ზოგს სკოლები, ზოგს კი – რეპრესიები. როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობები?” -BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის” რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ მასალას სათაურით „ზოგს სკოლები, ზოგს კი – რეპრესიები. როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანში ეროვნული უმცირესობები?” (ავტორი – მაგერამ ზეინალოვი). პუბლიკაციაში ქართველების (ინგილოების) მდგომარეობაც არის მიმოხილული.
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანის მოსახლეობაში ეროვნული უმცირესობების წილი მხოლოდ 5%-ს შეადგენს (ზოგიერთი აზერბაიჯანელი ექსპერტი მიუთითებს, რომ 2019 წელს მოსახლეობის აღწერა არაკეთილსინდისიერად ჩატარდა და ამიტომ ოფიციალური მონაცემების სისწორე საეჭვოაო), თანაც ზოგიერთებს – მაგალითად, რუსებს და ქართველებს, სხვებთან შედარებით, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ საკუთარ ენაზე ისწავლონ და თავიანთი კულტურა განავითარონ.
რუსებს აზერბაიჯანის მოსახლეობის ეროვნულ უმცირესობებში რაოდენობით მესამე ადგილი უკავიათ, ლეზგებისა და თალიშების შემდეგ, (0,7% ანუ დაახლოებით 71 ათასი).
ქართველები შედარებით ცოტანი არიან – 8,4 ათასი ქართველი და 1,8 ათასი ინგილო (ინგილოები ქართველების ეთნოგრაფიულ ჯგუფია, რომლებიც საკუთარ თავს ასე უწოდებენ და ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე ლაპარაკობენ). როგორც რუსებს, ისე მათაც აქვთ თავიანთ ენაზე სკოლები და სასწავლო სახელმძღვანელოები, რომლებითაც ისინი საქართველოდან მარაგდებიან.
ბაქოს თითქმის ყველა სკოლაშია დაშვებული რუსული ენის სწავლება, არსებობენ რუსულენოვანი უმაღლესი სასწავლებლები, მოსკოვის “ემგეუს” ფილიალი და კულტურული ცენტრები.
მიდგომებში განსხვავება იმით აიხსნება, რომ ქართველებს და რუსებს “პატრონი სახელმწიფოები” ჰყავთ, რომლებთანაც ბაქოს კარგი ურთიერთობები აქვს, ამიტომაც არ არსებობს პოლიტიზების რისკი ეთნიკური ნიშნით.