1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზელენსკის არწმუნებდნენ, რომ კურსკში არ შეჭრილიყო, მაგრამ პრეზიდენტმა მაინც თავისი გაიტანა – Politico
ზელენსკის არწმუნებდნენ, რომ კურსკში არ შეჭრილიყო, მაგრამ პრეზიდენტმა მაინც თავისი გაიტანა – Politico

ზელენსკის არწმუნებდნენ, რომ კურსკში არ შეჭრილიყო, მაგრამ პრეზიდენტმა მაინც თავისი გაიტანა – Politico

1.37K
0

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (ოფისი – ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზელენსკის არწმუნებდნენ, რომ კურსკში არ შეჭრილიყო, მაგრამ პრეზიდენტმა მაინც თავისი გაიტანა“ (ავტორი – ჯეიმი დეტმერი), რომელშიც უკრაინის არმიის რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის ზოგიერთი დღემდე უცნობი გარემოებებია გადმოცემული.
პუბლიკაცია იწყება ავტორის საუბრით ერთ-ერთ უკრაინელ ჯარისკაცთან, რომელიც კურსკის ოლქში შესულ უკრაინის არმიის ქვედანაყოფში მსახურობდა. მართალია, სერგეი ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ მისი თქმით, იგი ბედნიერია, რომ ისტორიული ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობდა: „როცა შეჭრის ბრძანება მივიღეთ, მე ვიგრძენი, რომ ისტორიული მოვლენის მონაწილე გავხდი – პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის არ გაუბედავს რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ოკუპაცია, ჩვენ კი გავბედეთ და განვახორციელეთ, რუსეთს საპასუხო სახმელეთო დარტყმა მივაყენეთ“, – ამბობს სერგეი (სახელი შეცვლილია). მას მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინის ჯარების ოპერაცია კურსკის ოლქში ლოგიკურია და ფრიად მნიშვნელოვანი – იმის მიუხედავად, რომ ამჟამად რუსეთის არმია ნელ-ნელა წინ მიიწევს და უკრაინის არმიას უკან ახევინებს.

თუმცა უკრაინის არმიის ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცის თვალსაზრისი რადიკალურად განსხვავდება უკრაინის არმიის გენერლების, მაგალითად, აწ ყოფილი სარდლის ვალერი ზალუჟნის პოზიციისაგან, რომელიც ამჟამად უკრაინის ელჩის ფუნქციებს ასრულებს დიდ ბრიტანეთში. იგი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ უკრაინის არმია რუსეთში შეჭრილიყო. მსგავსი გეგმა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში წამოაყენა, თუმცა იმ მომენტში მას გადაათქმევინეს. გარდა ამისა, შეჭრის წინააღმდეგ გამოდიოდა გენერალი ემილ იშკულოვიც – მე-80 სადესანტო-შემტევი ბრიგადის მეთაური, რომელიც ივლისის თვეში პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამხედრო მაღალჩინოსანი მის გათავისუფლებას არ იწონებდა: „ჩვენ არ გვესმის, თუ რატომ არის უმაღლესი მთავარსარდალი – [პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია] – უარყოფითად განწყობილი დიდი ავტორიტეტისა და ძლევამოსილი საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცრების მიმართ“, – აცხადებდნენ უკრაინის არმიის მეთაურები სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეორგოლში.

როგორც უკრაინული მედია წერს, ემილ იშკულოვის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ გენერალს არ სურდა იმ დავალების შესრულება, რომელიც მისი ბრიგადის შესაძლებლობებს აღემატებოდა და საბოლოო ჯამში, დონბასის ფრონტზე გავლენას ვერ მოახდენდა. გარდა ამისა, მისთვის გაურკვეველი იყო უკრაინის პრეზიდენტის მომდევნო ნაბიჯი, რაც შეჭრას უნდა მოჰყოლოდა. როგორც უკრაინის არმიის ორი ინკოგნიტო მაღალჩინოსანი ამბობს სტატიის ავტორთან საუბარში, გეგმის განხილვისას თურმე ვალერი ზალუჟნის უკითხავს ვოლოდიმირ ზელენსკისათვის – „დიახ, ჩვენ შეგვიძლია საკეთესო ქვედანაყოფებით გარკვეული ტერიტორიის დაკავება, მაგრამ შემდეგ რას ვაკეთებთ?“. გენერალმა კითხვაზე მკაფიო და მტკიცე პასუხი ვერ მიიღო. იგი გრძნობდა, რომ კურსკის ოლქში შეჭრა მხოლოდ [პროპაგანდისტულ] სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურას წარმოადგენდა და ამით დონბასის ფრონტზე რუსეთის არმიის შეტევა არ შეჩერდებოდა.
პრინციპში, მართლაც ასე მოხდა, რასაც უცხოელი სამხედრო ექსპერტებიც ადასტურებენ: კურსკის ოლქში შეჭრამ რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა დონბასში მოქმედი რუსული არმიის შეტევის აქტიურობაზე, რომელიც ამჟამად ქალაქ პოკროვსკის გარეუბნებს მიუახლოვდა და ალყაში მოქცევით ემუქრება უკრაინის არმიის ქვედანაყოფებს.

მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი მაინც დაბეჯითებით ცდილობს წარმატებულად წარმოაჩინოს კურსკის ოპერაცია და აცხადებს, რომ რუსეთი იძულებული გახდა დონბასიდან ჯარების ნაწილები მოეხსნა და ისინი კურსკის დასაცავად გადაესროლაო და ასეთი არგუმენტი მოჰყავს: „პოკროვსკზე რუსეთის შეტევა გრძელდება, მაგრამ უკრაინის ჯარისათვის სიტუაცია გაუმჯობესდა. მაგალითად, თუ ადრე რუსეთი, ვთქვათ, პოკროვსკის მიმართულებით საათში 12 ჭურვს ისროდა, ახლა მხოლოდ ორს ისვრის“.

რაც შეეხება უკრაინის არმიის სარდალს, გენერალ ალექსანდრე სირსკის, იგი მხარს უჭერს პრეზიდენტის არგუმენტს, რომ კრემლმა შეტევის ინტენსიურობა შეასუსტა და თავისი ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი კურსში გადაისროლა. ამასთან გენერალს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ რუსეთი ტაქტიკურ წარმატებას მაინც ფლობს, მოსკოვის არმია წინ მიიწევს და პოკროვსკთან ახლოს მდებარე, სამხრეთით და ჩრდილოეთით განლაგებულ სოფლებს ზედიზედ იკავებს.
Politico-ს ჟურნალისტი ესაუბრა დონბასის ფრონტზე მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც ამბობენ, რუსეთი გააფთრებით აგრძელებს შეტევას, რის გამოც კიევის დანაკარგები სწრაფად მატულობს. გენერალი ალექსანდრე სირსკი იძულებულია კურსკის ოლქიდან გარკვეული რაოდენობის ქვედანაყოფები გამოიყვანოს და პოკროვსკის დამცველებს მიაშველოს.
რაც შეეხება უშუალოდ ვალერი ზალუჟნისა და ემილ იშკულოვს, მათ რაიმე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.

წყარო