1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზელენსკი, ტრამპი და პუტინი: როგორც ჩანს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველას თავისი ინტერესი აქვს – The Economist
ზელენსკი, ტრამპი და პუტინი: როგორც ჩანს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველას თავისი ინტერესი აქვს – The Economist

ზელენსკი, ტრამპი და პუტინი: როგორც ჩანს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველას თავისი ინტერესი აქვს – The Economist

846
0

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ზელენსკი, ტრამპი და პუტინი: როგორც ჩანს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველას თავისი ინტერესი აქვს“, რომელშიც განხილულია საკითხი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. „პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას მეორე ვადითაც გეგმავს. არჩევნები შეიძლება უკვე ივლისში გაიმართოს, ანუ სავარაუდოდ, სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, რომლის მიღწევასაც თეთრი სახლი 20 აპრილისთვის გეგმავს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

„უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ ახალი დადგმა, რომელიც 28 თებერვალს კიევის ცნობილ ივან ფრანკოს თეატრში გაიმართა, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო უკრაინის თეატრალურ ცხოვრებაში, მაგრამ სპექტაკლი სწორედ იმ დღეს თეთრ სახლში მომხდარმა დიპლომატიურმა კატასტროფამ დაჩრდილა… და მაინც მაყურებლები, რომლებსაც დიდი  შთაბეჭდილება დარჩათ „მაკბეტის“ ნახვის შემდეგ, გარკვეულ პარალელს ავლებდნენ შექსპირის პერსონაჟებსა და დღევანდელი დროის „გმირებს“ შორის. ვიღაცეები „მაკბეტს“ სისხლისმსმელ მოსკოველ დიქტატორს ამსგავსებდნენ. სხვებისთვის კი შექსპირის ტრაგედია  წარმოადგენს ისტორიას ამბიციებზე, ხელისუფლებაზე და ღალატზე“, – ნათქვამია პუბლიკაციის დასწყისში, შემდეგ კი სტატიაში უშუალოდ მოქმედი „ვადაგასული“ პრეზიდენტის შანსებია განხილული:

„კიევში ვოლოდიმირ ზელენსკიზე „ხანჯლებს ლესავენ“ – მის წინააღმდეგ ინტრიგები იხლართება. რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი საზღვარგარეთიდან ძლიერ ზეწოლას განიცდიდა: ვლადიმერ პუტინისაგან, რომელიც მის ლეგიტიმურობას ეჭვქვეს აყენებს  და დონალდ ტრამპისაგან, რომელიც კრემლის მეთაურის თეზისებს იმეორებდა. როგორც ჩანდა, ორივეს ვოლოდიმირ ზელენსკის ჯიუტობა აღიზიანებდათ. თეთრი სახლი და კრემლი – ორივე ითხოვდა არჩევნების ჩატარებას ომის დროს და, ალბათ, ვარაუდობდნენ, რომ უკრაინელი ამომრჩეველი ამერიკელ და რუს ლიდერს სურვილს შეუსრულებდა – „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელ პრეზიდენტის ხელისუფლებას დაამხობდა. ორი თვის წინათ ვოლოდიმირ ზელენსკი კატეგორიულად იყო არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი, მაგრამ თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა მისმა რეიტინგმა, ჟურნალ „ეკონომისტის“ ეგიდით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მნიშვნელოვნად მოიმატა, პრეზიდენტის განწყობა შეიცვალა, მან თავისი გათვლები შეცვალა. ამჟამად მიმდინარეობს სერიოზული მზადება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავს და საკმაოდ მალე. გასულ კვირას პრეზიდენტმა თათბირი ჩაატარა და თავის გუნდს დაავალა – მოემზადნონ არჩევნებში ხმის მიცემისათვის საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შემდეგ“, – წერს „ეკონომისტი“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ არჩევნებისათვის მზადების პირველი ნიშანი შეიძლება გახდეს უკრაინის ვერხოვნა რადაში (საკანონმდებლო ორგანოში) ხმის მიცემა სამხედრო მდგომარეობის გაგრძელებისათვის (ან არგაგრძელებისთვის), რომელიც არა უგვიანეს 5 მაისამდე უნდა  განხორციელდეს.

როგორც „ეკონომისტი“ წერს, სხვადასხვა წყაროები არჩევნების სხვადასხვა თარიღს ასახელებენ, თუ როდის შეიძლება პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს, თუმცა წყაროთა უმრავლესობა იხრება იმ ვერსიისაკენ, რომ ამომრჩევლები საარჩევნო ყუთებთან უკვე მიმდინარე წლის ივლისში მივლენ. კანონის თანახმად, ხმის მიცემა შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 60 დღის (ორი თვის) განმავლობაში სამხედრო მდგომარეობის გაუქმებიდან. „ეკონომისტის“ ზოგიერთმა მოსაუბრემ არ გამორიცხა არჩევნების ორგანიზება სამი თვის შემდეგაც: მათი თქმით, საარჩევნო ორგანოებს წინ უამრავი რთული საკითხის მოგვარება ელოდებათ, რომლებიც ძალზე ბევრია დაგროვილი – სიების შემოწმება, უცხოეთში მყოფი ლტოლვილების მონაწილეობა არჩევნებში და ა.შ.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა ივარაუდა, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკი შეეცდება თავისი მეტოქეები ანაზდეული მოქმედებით საგონებელში ჩააგდოს და არჩევნები ივლისში დანიშნოს – იმ იმედით, რომ შეკვეცილი ვადები მას შესაძლებლობას მისცემს ბრძოლა მოუმზადებელ  მოწინააღმდეგეებთან ჰქონდეს“. მისი თქმით, „ხანგრძლივი საარჩევნო კამპანია ქვეყანას ნაწილ-ნაწილად დაგლეჯს“.

ამასთან, უკრაინის ოპოზიცია უფრო ხანგრძლივი (სამთვიანი) საპრეზიდენტო კამპანიის მომხრედ გამოდის.

ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი სავარაუდო მთავარი ოპონენტის, ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აზრით, არჩევნები შეიძლება ჩატარდეს „აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით“ პერიოდში, ნებისმიერ დროს. მისი თქმით, ვოლოდმირ ზელენსკის საარჩევნო კამპანიის სტარტი იმ დროიდან დაიწყო, როცა მოქმედმა პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა.

თავის მხრივ, პარტია „ბატკივშჩინის“ დეპუტატი სერგეი ვლასენკო თვლის, რომ 8 მაისისათვის, როცა უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის ვადა ამოიწურება, ცეცხლის შეწყვეტაზე საიმედო შეთანხმების მიღწევა რთული საქმე იქნება. „კიდევ უფრო რთული იქნება იმ უკრაინელების საარჩევნო უფლების რეალიზება, რომლებიც ან საზღვარგარეთ იმყოფებიან, ან ფრონტის ხაზზე და ან რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

შენიშვნა: უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახური“ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებას კატეგორიულად უარყოფს. როგორც დავით არახამიამ – „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა ვერხოვნა რადაში – განაცხადა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებლის («Суспiльне») ტელეეთერში, „არავითარი თათბირი არ გამართულა და საერთოდ, ამჟამად არავინ არ ფიქრობს არჩევნების მომზადებასა და მის ჩატარებაზე. ყველა საპარლამენტო ფრაქცია შეთანხმდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება სამხედრო მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ“.

წყარო