1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ყველაზე პოპულარული განდების დინასტიიდან- პრიანკა განდი ინდოეთის პოლიტიკაში”-BBC
“ყველაზე პოპულარული განდების დინასტიიდან- პრიანკა განდი ინდოეთის პოლიტიკაში”-BBC

“ყველაზე პოპულარული განდების დინასტიიდან- პრიანკა განდი ინდოეთის პოლიტიკაში”-BBC

67
0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ყველაზე პოპულარული განდების დინასტიიდან: პრიანკა განდი ინდოეთის პოლიტიკაში // ჯავაჰარლალ ნერუ და ინდირა განდი საქართველოში“, რომელშიც განხილულია ინდოეთის პოლიტიკის „ამომავალი ვარსკვლავის“, ჯავაჰარლალ ნერუსა და ინდირა განდის შთამომავალის პრიანკა განდის პოლიტიკური პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პრიანკა განდი-ვადრამ, ინდოეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიის „ეროვნული კონგრესის“ ლიდერის რახულ განდის დამ, რომელიც ბოლო დრომდე არ იკავებდა რაიმე პოლიტიკურ პოსტს და ინდოეთის პოლიტიკაშიც პირდაპირ არ მონაწილეობდა, ახლახან განაცხადა, რომ პოლიტიკაში გააქტიურებას იწყებს.

52 წლის პრიანკა შედის ნერუ-განდის ოჯახის შემადგენლობაში – ქვეყნის ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ დინასტიაში. ასე რომ, მისი პოლიტიკური დებიუტი საზოგადოების ყურადღების ქვეშ იქნება.

პრიანკას გააქტიურება არჩევნებში მონაწილეობას გულისხმობს და თუ იგი წარმატებას მიაღწევს, ინდოეთის პარლამენტში განდების პოლიტიკური დინასტიის სამი წევრი აღმოჩნდება: ძმა რახული ქვედა პალატაში ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობს, ხოლო მათი დედა – სონია განდი – ზედა პალატაში – შტატების საბჭოში მოღვაწეობს.

სონია განდი ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაჯივ განდის ქვრივია. რაჯივ განდიმ ინდოეთის პრემიერის პოსტზე დედამისი ინდირა განდი 1984 წელს შეცვალა, მისი მკვლელობის შემდეგ.
ამრიგად, პრიანკა განდი ინდირა განდის შვილიშვილია და ინდოეთის პირველი პრემიერ-მნისტრის ჯავაჰარლლ ნერუს შვილთაშვილი.

ინდოეთში ამას წინათ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნულმა კონგრესმა მოულოდნელად მაღალი შედეგები აჩვენა, თუმცა მცირე უპირატესობით გამარჯვება წილად ისევ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის საარჩევნო ბლოკს ხვდა.

რახულ განდი, რომელმაც თავისი კანდიდატურა ორ საარჩევნო ოლქში წამოაყენა, ორივეში სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, მაგრამ რადგანაც ერთი ადამიანი არ შეიძლება პარლამენტში ორ რეგიონს წარმოადგენდეს, ერთ-ერთში (ქერალას შტატის ვაიანადას ოკრუგში) ხელახალი არჩევნები ჩატარდება და ამჯერად მასში მონაწილეობას რახულის და – პრიანკა მიიღებს.

როგორც პრიანკა აცხადებს, იგი არ ღელავს არჩევნების სავარაუდო შედეგების გამო და დარწმუნებულია, რომ ვაიანადელები მხარს ისევე დაუჭერენ, როგორც მის ძმას დაუჭირეს.

სხვათა შორის, ინდოეთში დამკვირვებლები დიდი ხანია ამბობდნენ, რომ პრიანკა განდის პოლიტიკაში მოსვლა დროის საკითხიაო და ეს დროც დადგა. მრავალი წლის განმავლობაში პრიანკა განდების კლანის ყველაზე პოპულარულ ფიგურად ითვლება – ბავშვობიდანვე შემჩნეული იყო, რომ იგი ზალიან ჰგავდა ბებიამისს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ინდირა განდის.

პრიანკა აქტიურად მონაწილეობდა დედამისის – სონია განდის საარჩევნო კამპანიაში 1990-იან წლებში, შემდეგ კი თავისი ძმის – რახულის წინსვლაში, მაგრამ საკუთარი კანდიდატურა არასოდეს არ წამოუყენებია.

როგორც ინდოელი პოლიტიკური კომენტატორი ნირჯა ჩოუდჰური ამბობს, ამბობს, საინტერესო იქნება და-ძმის პარლამენტში მოღვაწეობაზე დაკვირვება იმ შემთხვევაში, თუ იგი არჩევნებში წარმატებას მიაღწევს. „პირადად მე ვთვლი, რომ პრიანკა უფრო ჭკვიანია, ვიდრე მისი ძმა რახული. მას შეუძლია სიტუაციის სწორად შეფასება და ხალხისათვის გასაგებ ენაზე საუბრობს“.

რაც შეეხება მმართველ პარტიას „ბჰარატია ჯანატას“, რომელმაც პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა, გააკრიტიკა ოპოზიციურ „ეროვნულ კონგრესში“ დინასტიური პოლიტიკური კლანების შექმნის იდეა: „კონგრესი, როგორც ჩანს, პარტია კი აღარ არის, არამედ ოჯახური ბიზნესი“, – განაცხადა „ბჰარატია ჯანატას“ ლიდერმა შეჰზად პუნავალმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ცნობისათვის: პრიანკა განდის ბებია – ინდირა ნერუ-განდი (განდი მისი ქმრის გვარია) საქართველოში პირველად 1953 წელს ჩამოვიდა. შემდეგ, 1955 წელს კი მამასთან – ჯავაჰარლალ ნერუსთან ერთად ჩამოვიდა, დაათვალიერეს თბილისი და რუსთავის იოსებ სტალინის სახელობის მეტალურგიულ ქარხანა (აღსანიშნავია, რომ 1940-იანი წლების დასასრულიდან სტალინს და ნერუს ერთმანეთთან აქტიური მიმოწერა ჰქონდათ). მოგვიანებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი კიდევ რამდენჯერმე იყო თბილისში, სულ ბოლოს – 1976 წელს.