
ყველა საფინანსო ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები -ლაშა ხუციშვილი
ყველა საფინანსო ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფორუმზე „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ განაცხადა.
ლაშა ხუციშვილმა ფორუმი გახსნა და ისაუბრა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (EBRD, ADB, WB, IMF, AIIB) წლიური შეხვედრების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართული მოლაპარაკებების შესახებ.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა გარკვეული გამოწვევები, რომელიც ეხებოდა ეკონომიკის სიძლიერის ფუნდამენტურ საკითხებს.
„პირველ რიგში, ქვეყანას უნდა მიეღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური მდგრადობისთვის, რათა შექმნილიყო საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის, რადგან, ქვეყანას თუ არ აქვს მაკროეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა, სხვა ყველაფერი, რაზეც შეიძლება დაშენდეს ეკონომიკური სტრატეგია, ვერ იქნება მყარი და გრძელვადიანი. ბოლო ოთხ წელიწადში ქვეყანამ სრულად მიაღწია მაკროეკონომიკურ სტაბილურობას იმდაგვარად, რომ მასზე შეიძლება აიგოს ძლიერი ეკონომიკური მომავალი. ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-დან შემცირდა 2.4%-მდე, საგარეო ვალის მაჩვენებელი, რომელიც იყო 60%-მდე, ჩამოვიდა 36%-მდე – თითქმის განახევრდა ოთხ წელიწადში მშპ-თან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, როცა გვქონდა ორნიშნა, ახლა გვაქვს ისტორიული მინიმუმი 4.4%-ის ოდენობით, ინფლაციის მაჩვენებელი ახლოსაა მიზნობრივთან და ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შესაბამისობაში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არის იშვიათ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომელმაც მოკლე დროის მონაკვეთში შეძლო, აღედგინა ფისკალური მდგრადობა, რითიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პარტნიორია საფინანსო ინსტიტუტებისთვის.
„ისევე როგორც ბანკებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ რა თანხასაც დააბანდებს თუ ინვესტიციას გააკეთებს ქვეყანაში, არ დადგეს რისკის ქვეშ. ამ მხრივ ალბათ მსოფლიოს 3-4 ქვეყანას შორის ვართ, რომელთანაც ფისკალურ მდგრადობასთან დაკავშირებით კითხვები საერთოდ არ არის და, პრინციპში, ესეც იყო იმის შედეგი, რომ პრაქტიკულად ყველა საფინანსო ინსტიტუტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები. მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაახლოებით 700-800 მეგავატ განახლებადი ენერგიის წყაროებს შეჰმატებს საქართველოს ელექტროსისტემას. შესაბამისად, მინდა, აღვნიშნო, რომ საფინანსო ინსტიტუტების მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, პროგნოზები და, ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდებში გვექნება განახლებები და სიახლეები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანი მისიის შედეგებსა და გამოთქმულ შეფასებებზე. მისი თქმით, ფონდმა დაადასტურა ყველა ის ფინანსური, ეკონომიკური პარამეტრი, რაც ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა მიმდინარე პროცესსა და პროგნოზებში.
„ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოს ეკონომიკამ შექმნა იმ რაოდენობისა და მოცულობის ბუფერები, რომელიც გაუმკლავდება ნებისმიერ პოტენციურ კრიზისს, რაც შეიძლება, თეორიულად იქნეს წარმოქმნილი, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით ყველა ფისკალური პარამეტრი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაგრძელდეს მსხვილი საინვესტიციო პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა თუ ლოგისტიკის მიმართულებით, ასევე ყურადღება გამახვილდეს IT სექტორის განვითარებაზე, რომელიც მზარდია და აქვს დიდი შესაძლებლობები.
ამასთან, საინვესტიციო ბანკებთან გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიერ საკრედიტო რეიტინგებში მიღწეული პროგრესი, როგორც ეკონომიკური, ისე მმართველობითი ხარისხის მიმართულებით და საინვესტიციო ბანკების მხრიდან მზაობა, ქვეყანასთან გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ.