1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ყოფილი მოსამართლე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
ყოფილი მოსამართლე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

ყოფილი მოსამართლე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

516
0

უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე,  ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს  ღია წერილით მიმართავს.

ალავიძე, რომელიც 2021 წლის თებერვლამდე იკავებდა თანამდებობას უზენაესი სასამართლოში, მათ შორის, იყო “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლე, სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე საუბრობს  და ბიძინა ივანიშვილს  მოუწოდებს, გაათავისუფლოს სასამართლო სისტემა კლანისგან. 

მიმართვაში ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ თუ მისი საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საფრთხე შეექმნებათ, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს.

„თქვენ მე მიცნობთ და შესწავლილი გაქვთ ჩემი ფსიქოლოგია, ხშირად ყოფილა ჩემი პიროვნება თქვენს კაბინეტებში განხილვის საგანი, კარგად თუ ავად. არაერთხელ მიმიღია შემოთავაზება მაღალ თანამდებობაზე, თუმცა არც ერთხელ არ მივიღე თქვენი წინადადება. რომ არ დაგღალოთ და ზედმეტად დაგტვირთოთ ემოციებით, მინდა პირდაპირ გითხრათ ის, რაც თქვენთვის მაქვს სათქმელი — მოგიწოდებთ, უშუალოდ მიმართოთ სასამართლოს „კლანის“ წევრებს „შინაურულად“ და ურჩიოთ სახლში წასვლა. მართლაც ელოდა მთელი სასამართლო კორპუსი მათგან გათავისუფლებას, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ იმედი გაუცრუეთ პატიოსან და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს”- წერს ბესარიონ ალავიძე.

ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, გაატაროს სასამართლოს რეფორმები, ამ გზით ქვეყანამ დაიმკვიდროს ადგილი ევროპაში და შესაბამისად, ივანიშვილმა ისტორიული მისია შეასრულოს.

 

ახლა, როცა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, თქვენ გაქვთ შანსი ისტორიაში შეხვიდეთ როგორც ჩვენი სახელოვანი წინაპრების გზის გამგრძელებელი, რომელთა სანუკვარი ოცნება იყო ევროპულ ოჯახში დაბრუნება და მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება — არა ისეთის, რომელიც დღეს ვერ სარგებლობს ნდობით და რომელსაც სახელი აქვს გატეხილი“, — ნათქვამია წერილში.

 

როგორც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე  წერს,  მისი თხოვნა ივანიშვილისადმი ერთი შეხედვით უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ზოგჯერ საშუალება ამართლებს მიზანს.

 

„გულწრფელად გეტყვით და სრული პასუხისმგებლობით, ის ადამიანები, რომელთაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ, ასე უხსნიდნენ მოსამართლეებს, მათ შორის მეც, „ახალი მორჩილების“ ამბავს — „ჩვენ ყველა იმ ხელისუფალს უნდა ვემსახუროთ, რომელიც უმრავლესობით მოვა. ასე ვიყავით „ნაციონალების“ დროს, ასე უნდა ვიყოთ ახლა და მომავალში ვინც მოვა, იმასთან ვიქნებითო“, — წერს ყოფილი მოსამართლე.

 

ბესარიონ ალავიძის შეფასებით, სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით ივანიშვილმა საფრთხის წინაშე დააყენა ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

 

„სწორედ ეს ადამიანები კარნახობდნენ მოსამართლეებს, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ვიდრე თქვენ ოპოზიციაში იყავით. დროს ყველაფერი შეუძლია, რა იცით, იქნებ აღმოჩნდეთ ნაცნობ, მძიმე სიტუაციაში და ისევ დაგჭირდეთ სამართლიანი სასამართლო. გაძლევთ გარანტიად საკუთარ სიცოცხლეს, რომ ამას ვერ მიიღებთ „კლანური“ მმართველობის პირობებში. თქვენ გაქვთ შანსი, გააუვნებელყოთ თქვენს ხელში არსებული ნაღმი და შეასრულოთ ისტოროული მისია. შეგიძლიათ წარდგეთ მართალი მომავალი თაობების წინაშე და ბოლოს, თუ ამ წერილის გამო ჩემს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს შეექმნებათ მცირედი საფრთხე მაინც, თქვენ უნდა აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მე საკუთარი თავი გადადებული მაქვს!“ — ნათქვამია ყოფილი მოსამართლის ღია წერილში.

 

ბესარიონ ალავიძე 2009-2011 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2011 წლის თებერვლიდან კი ათი წლის ვადით იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.   2021 წლის 22 თებერვალს მას სამოსამართლეო ვადა გაუვიდა. 

2019 წელს, ჯერ კიდევ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის პოზიციიდან, ბესარიონ ალავიძე სასამართლო სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და “ჩაწყობების” სისტემაზე საუბრობდა.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  27 ივნისს, მიხეილ ჩინჩალაძე  სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით  მეორედ აირჩია.