1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვმუშაობთ იმ ქართველებისთვის, რომელთაც ნამდვილად სურთ, ეს ქვეყანა იყოს ევროკავშირში-ასუნსიონ სანჩეს რუისი 
ვმუშაობთ იმ ქართველებისთვის, რომელთაც ნამდვილად სურთ, ეს ქვეყანა იყოს ევროკავშირში-ასუნსიონ სანჩეს რუისი 

ვმუშაობთ იმ ქართველებისთვის, რომელთაც ნამდვილად სურთ, ეს ქვეყანა იყოს ევროკავშირში-ასუნსიონ სანჩეს რუისი 

114
0

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ასუნსიონ სანჩეს რუისის განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყებაში დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო უწყებამ წარმოადგინა თავისი ხედვა ევროკომისიის მიერ გასულ წელს გაწერილ ცხრა ნაბიჯის პროგრესთან დაკავშირებით.

ამასთან, ასუნსიონ სანჩეს რუისის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ხელისუფლების განზრახვაა, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი. მისივე განცხადებით, ამაზე პასუხი მათი მხრიდან იყო ის, რომ „ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, როგორც ამაზე 27 ივნისს ლიდერები შეთანხმდნენ“.

„ჩვენ ვახსენეთ კომისიის დასკვნა, რომელიც 27 ივნისს, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო, სადაც ევროკავშირი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გაწევრიანების გზაზე უკუსვლაა, ხელს უშლის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უკან გაიწვიონ ეს ტენდენცია, რასაც დე ფაქტოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამდე მივყავართ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გააჟღერეს ხელისუფლების განზრახვა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, რაზეც ვუპასუხეთ, რომ ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, როგორც ამაზე 27 ივნისს ლიდერები შეთანხმდნენ. ჩვენ გავაჟღერეთ 27 წევრი ქვეყნის პოზიცია, რომელიც საკმაოდ დამაჯერებელია.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო სხდომაზე, ივნისში განაცხადა, ჩვენ გავყინეთ 30-მილიონიანი დახმარება ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ასევე შევამცირეთ მაღალი დონის შეხვედრები. ასევე, განხილვის პროცესშია მთავრობისთვის ჩვენი დახმარების გაწევის საკითხი. სხვა განცხადებები მომავალში იქნება.

ევროკავშირი აქტიურად მუშაობს ამ ქვეყანასთან, რომ ის გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვერდით ვუდგავართ ქართველ ხალხს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, იყოს ევროკავშირის წევრი. ამიტომ ვმუშაობთ იმ ქართველებისთვის, რომელთაც ნამდვილად სურთ ეს ქვეყანა იყოს ევროკავშირში“, – განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც.

„ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული. ვაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება ეს არჩევნები, რათა შემდეგ უკვე შეფასება შევძლოთ.

ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ევროკავშირის დელეგაცია ვმუშაობთ, რომ საქართველომ არა მხოლოდ ცხრა ნაბიჯი დააკმაყოფილოს, არამედ, არ დაგავიწყდეთ, რომ ასევე გვაქვს ასოცირების შეთანხმებაც და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებთან, ასევე საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.