1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის “ემოციური” მუქარები უკრაინასთან დაკავშირებით სრულიად არ ადარდებს”-The Guardian
“ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის “ემოციური” მუქარები უკრაინასთან დაკავშირებით სრულიად არ ადარდებს”-The Guardian

“ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის “ემოციური” მუქარები უკრაინასთან დაკავშირებით სრულიად არ ადარდებს”-The Guardian

201
0

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 23 ივლისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის „ემოციური“ მუქარები უკრაინასთან დაკავშირებით სრულიად არ ადარდებს“ (ავტორი – პეტერ ზაუერი). მასალაში განხილულია რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის ასპექტები დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი ანტირუსული განცხადების ფონზე. რამდენად სერიოზულად მიიჩნევს კრემლი თეთრი სახლის მიერ 50-დღიანი ულტიმატუმის გამოცხადებას?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კრემლისთვის, როგორც ჩანს, არ იყო მოულოდნელი დონალდ ტრამპის პირველი საგრძნობი ნეგატიური ნაბიჯი ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში. რუსი ანალიტიკოსებისა და ინსაიდერების აზრით, რუსეთის ლიდერი დიდი ხანია ელოდა აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას – იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპი ინაუგურაციამდე და ინაუგურაციის შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში რუსეთის მიმართ მეტ-ნაკლებად დადებით განწყობებს ამჟღავნებდა.

გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი „კეთილგანწყობილი“ ტონი შეცვალა და იმ მოტივით, რომ რუსეთი არ თანხმდება ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე, ანტირუსული ზომების (სანქციების) მიღება და უკრაინისადმი სამხედრო დახმარების განახლება გამოაცხადა. მართალია, მოსკოვმა ტრამპის მოქმედება „დასანან ნაბიჯად“ შეაფასა, ზოგიერთი წყაროს თანახმად, ვლადიმერ პუტინისათვის პრიორიტეტს ყოველთვის ომის გაგრძელება წარმოადგენდა. იგი ძველებურად ისევ დარწმუნებულია, რომ რუსეთის ჯარი დასძლევს უკრაინის არმიას, დაამარცხებს მას და კიევის წინააღმდეგობა მალე შეწყდება.

„რასაკვირველია, მოსკოვში იმედგაცრუებულნი და განაწყენებულები არიან იმით, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა ვერ აეწყო“, – აღნიშნა კრემლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა, რომელმაც თავისი სახელის გამხელა არ ისურვა, – როგორი კარგიც არ უნდა ყოფილიყო ვლადიმერ პუტინისათვის დონალდ ტრამპთან ურთიერთობა, მისთვის ეს არასოდეს მთავარი არ ყოფილა. რუსეთის პრეზიდენტისათვის უკრაინასთან ომში წარმატებას ყოველთვის უპირველესი და უმთავრესი მნიშვნელობა აქვს“.

რუსეთის მეთაური, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში დონალდ ტრამპის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი და შესაბამის შეფასებებს გამოხატავდა, ჯერ-ჯერობით თავისი ამერიკელი კოლეგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირადად რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია. თავის მხრივ, პუტინის გარემოცვის წარმომადგენლებიც თავს იკავებენ ტრამპის მისამართით პირდაპირი კრიტიკისაგან, თუმცა კულისებში ზოგი იმედგაცრუებას გამოხატავს, ზოგიც სიტუაციას ეგუება. „მოსკოვში იმედი ჰქონდათ და ელოდნენ, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა პოზიტიურად განვითარდებოდა და განმტკიცდებოდა“, – თვლის დამოუკიდებელი რუსი პოლიტიკური ანალიტიკოსი ტატიანა სტანევაია, – თუმცა პარალელურად კრემლი მაინც ემზადებოდა რუსეთთან აშშ-ის დამოკიდებულების შესაძლო გამკაცრებისა და უკრაინისადმი იარაღის მიწოდების განახლებისათვის“.
როცა მიმდინარე წლის იანვარში დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, მან სწრაფად დაიწყო ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობის ასაწყობად და გაიმეორა თავისი წინასაარჩევნო დაპირებები უკრაინის კონფლიქტის 24 საათში შეწყვეტის საკითხში. გარკვეული დროის განმავლობაში დონალდ ტრამპის დაპირება (რომელშიც მინიშნებული იყო უკრაინის დამარცხება) პუტინის სტრატეგიულ მიზნებს ემთხვეოდა. ეს თვალსაზრისი კიდევ უფრო განმტკიცდა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტითაც – გაჩნდა შეგრძნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი რუსი კოლეგის პოზიციები ერთმანეთის მსგავსი იყო. გარდა ამისა, კრემლისათვის ყოველთვის მისაღები იყო დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები ნატოსთან მიმართებით როგორც ალიანსში განხეთქილების შემტანი და უკრაინის გეგმების გამცრუებელი.
მაგრამ, ეტყობა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის „უღრუბლო“ პერიოდი დასრულდა: დონალდ ტრამპს ეტყობა, განსაკუთრებით ეწყინა, რომ მისმა პირადმა მიმართვებმა პუტინისადმი და სატელეფონო საუბრებმა შედეგი არ გამოიღო.

აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს წინაშე გაწბილებული დარჩა – მისი ავტორიტეტი შეილახა. დონალდ ტრამპისათვის – ისეთი ლიდერისათვის, რომელიც ცნობილია თავისი პატივმოყვარეობით – ვლადიმერ პუტინის უარი ცეცხლის შეწყვეტაზე თითქმის პირად შეურაცხყოფას ნიშნავს. ცნობილია დონალდ ტრამპის ნათქვამი: „საღამოს სახლში მივედი და პირველ ლედის (ცოლს – მელანიას) ვეუბნები: „მე დღეს დილით ვლადიმერს ტელეფონით დავურეკე და შესანიშნავად ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ მოვილაპარაკეთ [ცეცხლის შეწყვეტაზე]“. ვრთავ ტელევიზორს. ცოლი მეკითხება: „ნუთუ მართლა მოილაპარაკეთ? ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ რუსეთის არმიამ ეს-ესაა მოხუცთა თავშესაფარი დაბომბა“.

კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თანამშრომელმა, ტრამპ-პუტინის საუბრის შემდეგ განხორციელებულ უკრაინის ქალაქების დემონსტრაციულ დაბომბვებს „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ლაპარაკის დროს დონალდ ტრამპის განწყობა და დამოკიდებულება არასწორად გაიგო. „ცხადია, პუტინი არ ცდილობდა ტრამპის დამცირებას, მაგრამ იგი მაინც არაგონივრულად მოიქცა“.

და მაინც, ბევრმა რუსმა ოფიციალურმა პირმა და სამხედრო ანალიტიკოსმა შვებით ამოისუნთქა გასულ კვირას, როცა გასულ კვირაში დონალდ ტრამპმა სანქციების თაობაზე განაცხადა: მათ ჩათვალეს, რომ დონალდ ტრამპის მუქარები მაინცდამაინც დიდად სახიფათო არ არის – უფრო რბილია მოსალოდნელთან შედარებით – და 50-დღიანი ვადა ფაქტიურად პუტინისათვის მიცემულ „კარტ-ბლანშს“ წარმოადგენს.

„50 დღის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ეს ვლადიმერ პუტინმა მშვენივრად იცის. იგი თვლის, რომ დონალდ ტრამპი ემოციური კაცია მასზე ზეგავლენის მოხდენა ადვილად შეიძლება“, – ამბობს ერთ-ერთი წყარო რუსეთის დიპლომატიური უწყებიდან, – რასაკვირველია, ტრამპის განცხადება სანქციების თაობაზე არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი საპასუხოდ შეწყვეტს აშშ-სთან ურთიერთობას. რუსეთში არ თვლიან, რომ ტრამპის ნაბიჯი ურთიერთობის შეუქცევადი გაწყვეტის სიგნალია“.

ამ ეტაპზე რუსეთი უკრაინაში შეტევას აფართოებს. რუსეთის არმიის მიერ ისეთი ტაქტიკით მუდმივი სარგებლობა, რომელიც დრონების „კრაზანების გუნდივით“ შესევაში გამოიხატება (ათასობით ყოველ ღამეს), სულ უფრო ასუსტებს უკრაინის თავდაცვას. ბოლო დროს კრემლმა გააძლიერა უკრაინის ქალაქების დაბომბვები, მათ შორის კიევისაც, რომელიც ადრე იშვიათად თუ იბომბებოდა.

ფრონტზე რუსეთის არმია წინ ნელა, მაგრამ მტკიცედ მიდის და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ კრასნოარმეისკს (პოკროვსკს) თანდათან მთლიან ალყაში აქცევს. როგორც წყაროები აცხადებენ, 50-დღიან ვადას ვლადიმერ პუტინი მაქსიმალურად გამოიყენებს და სამხედრო შეტევას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„რუსეთის ხელისუფლება დონალდ ტრამპის ზეწოლაზე არ რეაგირებს – უკან არ იხევს. როგორც ჩანს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის პირველი ექვსთვიანი ეტაპი თავის დასასრულს მიუახლოვდა“, – თვლის ფედორ ლუკიანოვი, რუსი საგარეოპოლიტიკური ანალიტიკოსი.

როგორც კრემლის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, ვლადიმერ პუტინს აკვიატებული აქვს აზრი, რომ იგი სუსტად არ უნდა გამოიყურებოდეს და ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ტრამპის მუქარების წინაშე თავის პოზიციას შეარბილებს და კომპრომისზე დათანხმდება. ეს ძალიან ცუდი ამბავია იმ მცირერიცხოვანი რუსული ელიტისათვის, რომლის წარმომადგენლებს ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთდაახლოების და პოტენციური ეკონომიკური წინსვლის იმედი ჰქონდათ. ზოგიერთები, რომლებიც ყურადღებას აქცევდნენ დონალდ ტრამპის აღტაცებას ვლადიმერ პუტინით, იმედოვნებდნენ, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაში შემობრუნება მოხდებოდა, აშშ სანქციებს გააუქმებდა, დასავლეთთან საქმიანი კავშირები აღდგებოდა, დაიწყებოდა ახალი მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის მიზნით და ევროპაში ძალთა თანაფარდობა რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლებოდა.

უბრალო რუს მოქალაქეებს შორისაც გაჩნდა რეალური მზადყოფნა ომის შეწყვეტის თაობაზე. გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ რუსები მხარდაჭერას გამოხატავენ საომარი მოქმედებების შეჩერებისადმი და აშშ-ის ძალისხმევისადმი მშვიდობის დასამყარებლად. როგორც ცნობილია, აშშ-ის პოზიცია გამოიხატება ცეცხლის შეწყვეტაში, საომარი მოქმედებების გაყინვაში და რუსეთისადმი კომპრომისის გაწევაში – შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები მათი უკან დაბრუნების პერსპექტივის გარეშე.

პოლიტოლოგ ტატიანა სტანოვაიას თქმით, რუსეთის ხელისუფლებაში არსებული ის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი ჰქონდა, დიდი გავლენით არ გამოირჩევა და მას მცირე პოლიტიკური ბერკეტები აქვს.
მათთვის, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს ვლადიმერ პუტინის მოქმედებას, არ იყო სიურპრიზი ის ფაქტი, რომ კრემლმა ტრამპისეული მშვიდობის პირობები უარყო და ამით საკუთარი მასშტაბური გეგმა დაადასტურა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ლიკვიდაციას გულისხმობს, ანუ ნატო ოფიციალურად განაცხადებს, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, უკრაინა ალიანსში არ გაწევრიანდება, კიევი შეამცირებს თავის არმიას და დონბას-ყირიმს რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად აღიარებს.

კრემლის ყოფილი წარმომადგენლის თქმით, „ომში უკვე ასი ათასი რუსი დაიღუპა. ვლადიმერ პუტინს არ შეუძლია ომი სხვა გეგმით დაასრულოს, რომელიც ნამდვილ გამარჯვებას საეჭვოდ გახდის და არა ისე, როგორც მას სურს“.

რუსეთის სახელისუფლო ელიტაში უფრო მეტი გავლენით სარგებლობს ის ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ აშშ-სთან შეტაკება არა უბრალოდ სავარაუდოა, არამედ გარდაუვალი.

ულტრამემარჯვენე რუსმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა „ტელეგრამ-არხში“ ასე დაწერა: „ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს განვიხილავთ არა როგორც ნეიტრალურ არბიტრს, არამედ როგორც უკრაინაში ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარე ომის მონაწილედ. თქვენ უკრაინას იარაღს აწოდებთ, რომელიც ჩვენს მტერს ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. ასე რომ, აშშ ჩვენს წინააღმდეგ საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს დრო მისცა სიტუაციის შესაცვლელად. ეს დრო უკვე იწურება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: