1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციას უკანონოდ თვლის? რა ნიშნავს ეს – პროპაგანდას თუ ისტორიის ხელახლა გადაწერას?”-Financial Times
“ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციას უკანონოდ თვლის? რა ნიშნავს ეს – პროპაგანდას თუ ისტორიის ხელახლა გადაწერას?”-Financial Times

“ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციას უკანონოდ თვლის? რა ნიშნავს ეს – პროპაგანდას თუ ისტორიის ხელახლა გადაწერას?”-Financial Times

612
0

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 24 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციას უკანონოდ თვლის? რა ნიშნავს ეს – პროპაგანდას თუ ისტორიის ხელახლა გადაწერას?“ (ავტორი – ტონი ბარბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2013 წელს, როცა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლიური შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით რუსეთის მოქალაქეთა წინაშე გამოდიოდა, მან ისარგებლა შემთხვევით და დაგმო საბჭოთა პერიოდში, იოსებ სტალინის მმართველობის დროს მომხდარი მილიონობით საბჭოთა ადამიანის მიმართ განხორციელებული რეპრესიები. „ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ 1937 წლის ბნელ პერიოდს“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა პირდაპირი ტელეეთერის დროს, – „სტალინიზმი პიროვნების კულტთან და კანონდარღვევებთან ასოცირდება, რეპრესიებთან და „გულაგ“-ბანაკებთან. რუსეთში დღეს მსგავსი რამ არ ხდება და ვიმედოვნებ, არც მომავალში არ მოხდება“.

მაგრამ რატომ აუქმებს რუსეთის ხელისუფლება ზოგიერთ იმ ოფიციალურ გადაწყვეტილებებს სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეში, რომლებიც ნიკიტა ხრუშჩოვის დროს, 1950-1960-იან წლებში იქნა მიღებული? არის იმის რისკი, რომ საზოგადოების ხსოვნაში ძველი ჭრილობები გაიხსნას, იოსებ სტალინისა და ვლადიმერ პუტინის ერთმანეთთან შედარების ნიადაგზე საზოგადოებაში განხეთქილება მოხდეს და თან ისეთ დროს, როცა რუსეთის ლიდერი ფსონს ეროვნულ ერთიანობაზე დებს უკრაინასთან ომში.
იმ ბრძანების პროექტის თანახმად, რომელიც რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს აქვს მომზადებული, 1950-1960-იან წლებში მომხდარი რეაბილიტაციების გაუქმებას შეზღუდული ხასიათი აქვს. სავარაუდოდ, ანულირება ეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „ნაცისტთა მხარდამჭერებისა“ და „სამშობლოს მოღალატეების“ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ანუ გამოდის, რომ ისინი, იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, შეცდომით იქნენ რეაბილიტირებულნი.

ამ კატეგორიათა შორის არიან უკრაინელი და ბალტიისპირელი ნაციონალისტები, აგრეთვე რუსული „ბანდიტური დაჯგუფებების“ წევრები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევდნენ. აშკარაა, რომ იგორ კრასნოვის ბრძანების პროექტის მნიშვნელოვან კონტექსტად უნდა ჩაითვალოს ვლადიმერ პუტინის თავდასხმა უკრაინაზე და რუსეთის შიგნით სხვაგვარად აზროვნების ჩახშობა.

და მაინც, ასეთი ნაბიჯი ძალზე უცნაურად გამოიყურება: სამხედრო დამნაშავეთა რეაბილიტაცია რუსეთის კანონმდებლობით ისედაც ხომ უკვე აკრძალულია? შესაძლოა, ზოგიერთი ბოროტმოქმედი მართლაც დაუმსახურებლად გაამართლეს ჯერ ნიკიტა ხრუშჩოვის, შემდეგ კი მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში – 1985-1991 წლებში, როცა არქივიდან ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი გამომზეურდა იოსებ სტალინის მიერ ჩადენილი უკანონობის შესახებ… მაგრამ მათი რაოდენობა მაინცდამაინც დიდი არ არის.

გარკვეული გაგებით, გენერალური პროკურორის ბრძანება, ალბათ, პროპაგანდისტულ პრიზმაში უნდა განვიხილოთ, რომელიც უკრაინის იდენტობის დისკრედიტაციისა და ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსთა წინააღმდეგ არის მიმართული. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. ფაქტია, რომ იოსებ სტალინის მმართველობის წლებში უამრავი საბჭოთა ადამიანი იქნა გადასახლებული, „გულაგებში“ გაგზავნილი და დახვრეტილი… და ამ დროს, როცა ხდება თუნდაც რამდენიმე რეაბილიტაციის გაუქმება, შესაძლოა ეს ნაბიჯი ერთგვარი „ნებადართული“ პროცესის დასაწყისი გახდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა კრემლის მოთხოვნილებებს ექვემდებარება.
2018 წელს რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რესპონდენტთა ერთ მესამედზე მეტს ჰყავს ნათესავები, რომლებიც სტალინის რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი რეაქცია ექნებათ მათ, როცა გაიგებენ, რომ მათი ახლობლები კანონდარღვევით იქნენ რეაბილიტირებულნი? რასაკვირველია, რუსეთის ხელისუფლების ასეთი მოქმედება ბევრ რუს მოქალაქეში უკმაყოფილებასა და წყენას გამოიწვევს.

გარდა ამისა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში დესპოტიზმი გაძლიერდეს: ხრუშჩოვისეული „დათბობა“ და განსაკუთრებით გორბაჩოვისეული „გარდაქმნა“ იმდროინდელ საბჭოთა [რუსულ] საზოგადოებაში ერთგვარ ლიბერალიზმად მოჩანდა, საკმაოდ იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც პროცესის გაფართოებას ითხოვდნენ, მაგრამ უფრო მეტი იყვნენ ისეთები, რომლებსაც „დემოკრატია“ არ მოსწონდათ. დღეისათვის რუსეთში აშკარად შეიმჩნევა, რომ ხელისუფლება ისტორიულ ფაქტების რეალურ ასახვას ეწინააღმდეგება, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვაში გამოიხატება. მაგალითად, ორგანიზაცია „მემორიალი“, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულების პატიოსანი სახელის აღდგენას ემსახურებოდა, ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 2021 წელს დახურა.

თუმცა შეიძლება პირიქითც მოხდეს – რეაბილიტაციაზე ნაწილობრივი უარიც კი შეიძლება რუსული საზოგადოებისათვის ერთგვარი სიგნალი გახდეს: ერთი მხრივ, ხაზი გაესმებოდა შიდაპოლიტიკური რეპრესიების ტენდენციას, მეორე მხრივ კი, ამით ოფიციალურად დაკანონდებოდა ვლადიმერ პუტინის სწრაფვა რუსეთის ისტორიის ოფიციალურ გაკონტროლებაზე, როცა რეალური ისტორია უკან გადაიწევა და როგორც ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმს მაკგლინი ამბობს, წარსული შელამაზდება „მითებითა და ტყუილი ამბებით, დეზინფორმაციით“.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს იოსებ სტალინის რეაბილიტაცია ან მთელი საბჭოთა ისტორიის „შავი“ მომენტების „„გათეთრება“ სურს. მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში, დაწყებული 2000-იანი წლებიდან, რუსეთის პრეზიდენტი, მართალია, ქება-დიდებას ასხამდა სტალინური ეპოქის „ზოგიერთ კარგ ასპექტს“, მაგალითად, გერმანელ ნაცისტებთან ომში გამარჯვებას, მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ ვლადიმერ პუტინი ყოველთვის დისტანცირებდა ხოლმე კომუნისტი დიქტატორის მიერ ჩადენილი მასობრივი რეპრესიებისაგან. ამავე დროს მაინც რჩება გარკვეული ეჭვი, რომ გენპროკურორის ბრძანების პროექტში გატარებული აზრი ამ მხრივ კარგს არაფერს არ უნდა მოასწავებდეს, ანუ რუსეთის ისტორიის აღქმა მალე შეიძლება ვლადიმერ პუტინის მიზნების შესაბამისად შეიცვალოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: