“ვიზიტი თეთრ სახლში გვერდითი კარიდან: დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს აჰმედ აშ-შარაას შეხვდა”-BBC
„ვიზიტი თეთრ სახლში გვერდითი კარიდან: დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს აჰმედ აშ-შარაას შეხვდა“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ მომზადებულ სტატიას, რომელშიც სირია-აშშ-ის ურთიერთდამოკიდებულებაა განხილული. მართლაცდა საინტერესოა, თუ რატომ იმყოფებოდა ვაშინგტონში სირიელი ლიდერი და რა მიზნით შეხვდა დონალდ ტრამპი აჰმედ აშ-შარაას, რომელიც თავის დროზე აშშ-მა „საშიშ ტერორისტად“ შერაცხა და მილიონობით დოლარის ჯილდოც დააწესა მის დასაკავებლად?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდა სირიის დროებით პრეზიდენტს აჰმედ აშ-შარაას, რომელიც ვაშინგტონმა ჯერ კიდევ 2013 წელს „განსაკუთრებით საშიშ ტერორისტად“ გამოაცხადა და მის დასაპატიმრებლად [მოსაკლავად] ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი დააწესა.
იდუმალი ვიზიტი თეთრ სახლში გვერდითი კარიდან
როგორც თეთრი სახლის პრესსამსახურმა განაცხადა, 10 ნოემბერს სირიის პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა და მან თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება გამართა. მოგვიანებით ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ აჰმედ აშ-შარაას ავტოკორტეჟმა თეთრი სახლი დატოვა. პრეზიდენტებს არანაირი ერთობლივი განცხადება არ გაუკეთებიათ, ასევე არ გამოჩენილან ერთად ტელეკამერების წინაშეც.
როგორც ბრიტანული „როიტერი“ აღნიშნავს, აჰმედ აშ-შარაას ვიზიტი თეთრ სახლში ძალზე მოკრძალებულად გამოიყურებოდა სხვა ქვეყნების ლიდერების ვიზიტებთან შედარებით: სირიის დროებითი პრეზიდენტი თეთრ სახლში გვერდითი კარიდან შევიდა და არა მთავარი შესასვლელიდან, სადაც ტელეკამერები დგას და სადაც უცხოელ სტუმრებს აშშ-ის პრეზიდენტი ჩვეულებრივად ხვდება ხოლმე. სირიელმა ლიდერმა თეთრი სახლი იმავე გვერდითი კარიდან დატოვა.
შეიძლება პირდაპირი გაგებით ითქვას, რომ აჰმედ აშ-შარაას ვაშინგტონში ყოფნა ისტორიულია: ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში და თეთრ სახლში მანამდე სირიის არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა – ჰაშიმ ალ-ატასიდან (1936-1939 წლებში) დაწყებული, ბაშარ ალ-ასადით (2000-2024 წლებში) დამთავრებული.
ყველაზე ცნობილი სირიელი მაღალჩინოსანი, რომელიც თეთრ სახლს ეწვია 1999 წელს, იყო ფარუკ აშ-შარაა – საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.
მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სირიამ ტრაგიკული გზა გაიარა – ასადების დინასტიის მმართველობა (ჰაფეზ ალ-ასადი – ბაშარ ალ-ასადი) აღინიშნა მკაცრი რეპრესიებით, სამოქალაქო ომით, საერთაშორისო იზოლაციით და ბოლოს, მრავალწლიანი რეჟიმის დამხობით.
როცა გასულ 2024 წელს დამასკო ისლამური დაჯგუფების „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ (ჰთშ) სამხედრო ქვედანაყოფებმა დაიპყრეს, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში გაიქცა. მას შემდეგ „ჰთშ“-ის ლიდერი და ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ აშ-შარაა ცდილობს ურთიერთობა აღადგინოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალურ დამასკოსთან კონტაქტებს თავს არიდებდნენ. უფრო მეტიც, ორიოდე კვირის წინათ იგი კრემლშიც იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოელაპარაკა. და ეს იმ დროს, როცა მისი წინამორბედი მოსკოვში „ემიგრანტის“ სტატუსით ცხოვრობს.
ტერორისტი თუ „მიმზიდველი ძლიერი ბიჭი“?!
საინტერესოა, რომ ვაშინგტონში ჩასვლამდე გაეროს უშიშროების საბჭომ აჰმედ აშ-შარაა და სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი ანას ჰატაბი სანქციური სიიდან ამოშალა: გავიხსენოთ, რომ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ (ჰთშ), როგორც „ალ-ქაიდას“ სირიული ფრთა, 2014 წლიდან გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. „ამ გადაწყვეტილების მიღებით უშიშროების საბჭო გზავნის მძლავრ სიგნალს და აღიარებს, რომ სირია ახალ ეპოქაში შედის“, – განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ მაიკლ უოლტცმა, აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში.
ცნობილი ხდება, რომ ვაშინგტონი რამდენიმე თვის განმავლობაში არწმუნებდა გაეროს უშიშროების საბჭოს 14 მუდმივი და დროებითი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აჰმედ აშ-შარაასათვის სანქციების მოსახსნელად. შესაბამისი რეზოლუცია ამერიკელმა დიპლომატებმა მოამზადეს. 2024 წლის დეკემბერში თეთრმა სახლმა მის დასაპატიმრებლად დაწესებული ჯილდოც უკან გაიწვია.
ვაშინგტონი და უპირატესად თვითონ დონალდ ტრამპი დღეს ღიად უჭერს მხარს ყოფილ ჯიჰადისტს, რომელიც სირიის ლიდერად გადაიქცა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს თავდაპირველად ნეგატიური რეაქცია ჰქონდა სირიაში ხელისუფლების შეცვლის მიმართ.
„აჰმედი ახალგაზრდა, სანდომიანი და ძლიერი ბიჭი ჩანს. მტკიცე ხასიათს ამჟღავნებს – შეუპოვარი მებრძოლივით. მას ყველა შანსი აქვს სიტუაცია კონტროლქვეშ შეინარჩუნოს“, – ამბობდა დონალდ ტრამპი თავისი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ჟურნალისტების წინაშე ჯერ კიდევ მაისში, როცა იგი პირველად ხანმოკლე დროით შეხვდა აჰმედ აშ-სარაას ერ-რიადში, საუდის არაბეთში.
ბრძოლა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და სანქციების გაუქმება
აჰმედ აშ-შარაას ვიზიტის შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც ვიზიტამდე აშშ-ის სპეცწარმომადგენელი სირიის საკითხებში ტომ ბარაკი აცხადებდა ბაჰრეინში ჩატარებულ კონფერენციაზე, ვაშინგტონში, ალბათ, გაფორმდებოდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, სირია შეუერთდება 88 ქვეყნის კოალიციას, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ საერთაშორისო ქსელს უპირისპირდება. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასად აშ-შიბანმა, რომელიც იმ დროს ისიც ბაჰრეინში იმყოფებოდა, დაადასტურა, რომ ეს საკითხი მართლად დგას ტრამპ-აშ-შარაას სამომავლო შეხვედრის დღის წესრიგში.
2020 წლიდან სირიის მიმართ შეერთებულ შტატებს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული – იმ კანონის თანახმად, რომელიც სირიის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას ეხება (აღნიშნულ აქტს ხშირად „კეისრის კანონს“ უწოდებენ – იმ სირიელი საპოლიციო ფოტოგრაფის ფსევდონიმის მიხედვით, რომელმაც სირიიდან ჩუმად გამოიტანა წამების დამადასტურებელი ფოტოსურათები).
სირიას ამჟამად ამერიკული სანქციების მოხსნა სურს, მაგრამ ამისათვის კონგრესის თანხმობაა აუცილებელი. თავის მხრივ, თეთრი სახლიც ცდილობს ემბარგოს შემსუბუქებას – მაისში ტრამპისა და აშ-შარაას შეხვედრის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ ნაწილობრივ შეაჩერა – 180 დღით – ზოგიერთი სანქცია, რომელიც „კეისრის კანონით“ არის გათვალისწინებული.
ამერიკელი კანონმდებლების დარწმუნებას აღნიშნული კანონის სრული გაუქმების მიზნით სირიის საგარეო საქმეთა მინისტრიც ცდილობს: სექტემბერში ასად აშ-შიბანმა რამდენიმე შეხვედრა გამართა კაპიტოლიუმში კონგრესმენებთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ამის შემდეგ გავლენიანმა სენატორმა-რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ „სანამ სანქციების გაუქმებისათვის კენჭისყრას ჩავატარებთ, მანამ კარგი იქნება, თუ სირია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციას მიუერთდება და ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას გააფორმებსო“.