“ვინ მართავს საქართველოს” – Politico
ამერიკული გაზეთის Politico-ს ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვინ მართავს საქართველოს“ (ავტორი – არშან ბარზანი).
გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შემოკლებულ შინაარსს:
„საქართველოში შეუძლებელია სადმე გახვიდე და უკრაინის დროშები არ დაინახო. ლურჯ-ყვითელი ფერები ჭარბობს სოციალურ ქსელებში, ელექტრონულ წერილებში, სასტუმროების ანგარიშებში, რესტორნებში – ყველგან, ქალაქად თუ სოფლად. ხშირად საკმაოდ უხეში წარწერები შენობათა კედლებზე დასასვენებლად საქართველოში ჩამოსულ რუსებს ჩემოდნების ჩასალაგებლად და გუდა-ნაბადის აკვრისაკენ მოუწოდებენ. რესტორნების კარზე გამოკრული განცხადება ვლადიმერ პუტინის მომხრეებს აფრთხილებს, რომ ისინი შიგნით არ დაიშვებიან, „ყველა მაგიდა დაკავებულია“.
რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება 2008 წლის ხუთდღიანი ომის შედეგად განახორციელა – აფხაზეთისა და ‘სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები დღემდე დაკავებული აქვს. რუსეთის სამხედრო ბაზები თბილისთან ახლოს არიან განლაგებულნი.
2008 წლის ომი რუსეთის რევანშისტული ტრილოგიის პირველი ნაწილი იყო, რომელსაც უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოჰყვა (2014 წელს), ხოლო დღეს უკვე მესამე ნაწილის – უკრაინასთან ომის მოწმენი ვართ. რუსეთის არმია ყოველთვის იჭრებოდა მეზობლის ტერიტორიებზე, თითქოსდა იქ მცხოვრები რუსული ეთნიკური მოსახლეობის (რუსეთის მოქალაქეების) უფლებების დასაცავად, მაგრამ სინამდვილეში კრემლის მოქმედება მიმართული იყო დასავლური ამბიციების მქონე სახელმწიფოთა დასასჯელად.
ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ათიდან ცხრა ქართველი მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. გამოცანა ისაა, თუ რატომ არ თვლის რუსეთს საფრთხედ ქვეყნის მთავრობა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს ანტირუსული სანქციების შემოღებასა და უკრაინისათვის იარაღის გადაცემაზე. ხელისუფლება უკრძალავს საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლას და იქ მოქმედ „ქართულ ეროვნულ ლეგიონში“ სამსახურს, ნებას არ აძლევს ვლადიმერ პუტინის გამკრიტიკებელ ადამიანებს ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნებისათვის. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიიდან ტრანზიტით, სამხედრო გზის გავლით, რუსეთში უამრავი ისეთი პროდუქცია შედის, რომლებზეც დასავლეთის მიერ სანქციებია დაწესებული.
მართალია, მთავრობის ჩინოვნიკები ყველას არწმუნებენ, რომ დასავლურ სანქციებს იცავენ, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატები მათი ნათქვამის სისწორეში დარწმუნებული არ არის. კაცმა რომ თქვას, საქართველოს საზღვრებიც არ არის მაინცდამაინც კარგად დაცული: 2021 წელს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში არაჟნით დატვირთული საბარგო ავტომანქანით (კონტეინერით) ფარულად დაბრუნება მოახერხა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მაინც დააკავეს და ახლა პატიმრის სტატუსით კლინიკაში წევს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ იგი მოწამლა და მძიმე მდგომარეობაშია.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების თქმით, ისეთი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, როგორც ამას საქართველო გამოხატავს, საღი აზრითაა ნაკარნახევი: საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობა მხოლოდ 32 წლის წინ აღიდგინა და „არ აქვს ისეთი კბილები, რომ რუსულ დათვს უკბინოს“ – რუსეთს, რომელიც მას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან (შავი ზღვის აკვატორიაში) ესაზღვრება, სამხრეთით კი, მეზობელ სომხეთში, რუსული სამხედრო ბაზები არიან განლაგებულნი.
მმართველი პარტია ამაყობს იმით, რომ მისი მმართველობის პერიოდი ერთადერთი ათწლეულია, რომ რომელიც ქვეყნის ისტორიაში მშვიდობიანი იყო – მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა (ევროკავშირის დასკვნით, ომი საქართველომ დაიწყო).
ამ ფონზე „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი თვლის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი გაიმარჯვებს: „უკრაინა დრეს ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გადაქცევის გზაზე დგას’, – მითხრა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მან მიუთითა ქვეყნის ეკონომიკის კატასტროფულ მდგომარეობასა და ბრძოლის ველზე უამრავ დანაკარგზე: „ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნის სახით მხოლოდ 30 წელია ვარსებობთ, რუსეთი კი ასობით წლის განმავლობაში. ის აქ კიდევ დიდი ხანი იქნება“.
ლოგიკა ასეთია: თუ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს, კრემლი, იმიჯის შესანარჩუნებლად, უკან არ დაიხევს პატარა და სუსტი საქართველოს დასაპყრობად, რომელიც ნატოს წევრი არ არის. მაგრამ თუ „ქართული ოცნების“ არგუმენტაციას ჩავუღრმავდებით, მასში არასწორ და მცდარ მსჯელობას შევამჩნევთ.
ანალიტიკოს შოთა უტიაშვილის თქმით, რუსეთისადმი შიში შეიძლება ომის დასაწყისში იყო გამართლებული, მაგრამ ახლა არა, როცა რუსეთი უკვე უკრაინის ავანტიურაში ღრმად არის ჩაფლული. მოსკოვმა, ბახმუტთან ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგების გამო, თავისი სამხედრო ბაზებიდან – აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ – ორი ათასამდე ჯარისკაცი უკრაინაში წაიყვანა და შესაბამისად, კრემლს იმის შესაძლებლობა არ აქვს საქართველოსთან მეორე ფრონტი გახსნას.
სხვა ფრონტისპირა ქვეყნებმა ისარგებლეს რუსეთის დასუსტებული მდგომარეობით და თავიანთი დამოუკიდებლობის განმტკიცება შეძლეს – მაგალითად, მოლდოვამ, რომელსაც კრემლი ასევე აშანტაჟებს, აშინებს და ემუქრება, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, ყველა დასავლურ სანქციას იცავს, რისთვისაც ევროკავშირმა მას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ფინეთმა თავისი ნეიტრალიტეტი ნატოს წევრობაზე გაცვალა. სომხეთმაც კი, რომელიც რუსეთთან ერთად პოსტსაბჭოური სამხედრო ბლოკის [„ოდკბ“-ის] წევრს წარმოადგენს, გააუქმა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებთან დაგეგმილი სამხედრო წვრთნები და მის ნაცვლად ქვეყანაში ევროპული მონიტორინგის მისია მიიწვია.
იბადება კითხვა – რატომ ატარებს საქართველოს ხელისუფლება არაპოპულარულ პოლიტიკას? ნუთუ „ქართული ოცნება“ ასე აპირებს რუსული საფრთხის განეიტრალებას?
ბევრ ქართველს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას კი არ ემსახურება, არამედ თავის მბრძანებელს – მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, სანამ „ქართულ ოცნებას“ შექმნიდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, სიმდიდრე რუსეთში დააგროვა.
2021 წელს ბიძინა ივანიშვილი თითქოსდა პოლიტიკური არენიდან წავიდა და მთელი საქმიანობა მრავალმილიონიან დენდროლოგიური პარკის გაშენებას მიუძღვნა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ინსაიდერები აღიარებენ, რომ მილიარდერი მმართველ პარტიას მაინც უხილავი ძაფებით მართავს – მისი ბევრი ყოფილი თანამშრომელი ამჟამად პარლამენტში
2021 წელს ბიძინა ივანიშვილი თითქოსდა პოლიტიკური არენიდან წავიდა და მთელი საქმიანობა მრავალმილიონიან დენდროლოგიური პარკის გაშენებას მიუძღვნა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ინსაიდერები აღიარებენ, რომ მილიარდერი მმართველ პარტიას მაინც უხილავი ძაფებით მართავს – მისი ბევრი ყოფილი თანამშრომელი ამჟამად პარლამენტში სხედან.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მან მთელი თავისი რუსული აქტივები უკვე გაყიდა, მაგრამ Transparency International-ის მონაცემებით, იგი ჯერ კიდევ ფლობს ათამდე კომპანიას: „თუ თქვენ რუსეთიდან მილიარდი დოლარით ჩამოხვედით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ისევ რუსებს მიეკუთვნებით“, – მითხრა ერთმა ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა.
რასაკვირველია, „შეთქმულებების თეორიები“ იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ვითომდა კრემლს ანგარიშებს აბარებენ, უკვე საკმაოდ მოძველდა, მაგრამ „რუსულ ახლო საზღვარგარეთში“, სადაც კრემლის გავლენა შესამჩნევია, მსგავსი ბრალდება რაღაცას ნიშნავს.
გასულ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ თავის პრორუსული პოლიტიკა ისე გააღრმავა, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება მოისურვა. სხვათა შორის, ანალოგიური კანონი მოქმედებს რუსეთშიც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.
თბილისის ქუჩებში ათეულობით ათასი მოქალაქე გამოვიდა და ხელისუფლების განზრახვა გააპროტესტა. მიტინგის მონაწილეებს ხელში ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეჭირათ და ცეკვავდნენ. ეს ხდებოდა [პოლიციის] სირენების ხმის ფონზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ასეთ კანონს არ დაემორჩილებოდნენ. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ისე მოქცეულიყო, როგორც ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოქცეული ხელისუფლება აკეთებს – ჯერ ჯიუტობს, შემდეგ კი დათმობაზე მიდის.
შესაძლოა, ამაში მართლაც ვლადიმერ პუტინის ხელი იყო გარეული – ცნობილია, რომ აფხაზეთის პრორუსულმა მარიონეტულმა [საოკუპაციო] ხელისუფლებამ, სერბეთმა და ყირგიზეთმაც მსგავსი კანონები მიიღეს. ან შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე კანონპროექტის გარეშეც მიაწებებენ „უცხოური აგენტის“ იარლიყებს… ან იქნება მართლაც მიხვდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი კანონი ხელს შეუშლის ქართველი ხალხის ოცნების განხორციელებას – ევროკავშირში მიღებას. ალბათ, სწორედ ეს აზრი იყო ჩადებული იმ პარტიის ნაბიჯში, რომელიც ღიად ვერ ბედავს დასავლური გზიდან გადახევევას.