1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვფიქრობ, რომ არამც თუ დროულია, ძალიან საშურიც არის მისი თანამდებობიდან ჩამოშორება”-თეა წულუკიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
“ვფიქრობ, რომ არამც თუ დროულია, ძალიან საშურიც არის მისი თანამდებობიდან ჩამოშორება”-თეა წულუკიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

“ვფიქრობ, რომ არამც თუ დროულია, ძალიან საშურიც არის მისი თანამდებობიდან ჩამოშორება”-თეა წულუკიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

8.79K
0

ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა არც დააზიანებს საქმეს და არც არაფერში წაადგება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ეს არის გზა, რომელიც პრეზიდენტმა თავად აირჩია. ალბათ ცოტა უფრო შორსმჭვრეტელები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ რომ გავიაზრებთ წარსულს, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის ამხელა ავანტიურაზე წავიდოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საკითხს საკუთარი გარკვეული ინტერესებისთვის იყენებს.

„მათ პოლიტიკურსაც ვერ დავარქმევ, რადგან ვერ წარმომიდგენია, რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, მას შემდეგ, რაც დაატრიალა ამ ქვეყანაში საქართველოს საზიანოდ. რაღაც პირადი ინტერესით მანიპულირებს სტატუსით. ვფიქრობ, რომ არამც თუ დროულია, ძალიან საშურიც არის მისი თანამდებობიდან ჩამოშორება, რადგან ის აზიანებს ქვეყანას თავისი გაუაზრებელი ვიზიტებით, რომლის დროსაც არავითარი შეთანხმება მთავრობასთან არ ხდება – ვის რა როლი აქვს, ვინ რა ფუნქციას ასრულებს. მახსოვს, რომ უვიზო რეჟიმის დროს მთავრობაშიც კი გვქონდა როლები განაწილებული. ეკონომიკის მინისტრს მიჰყავდა გარკვეული საკითხები, მე მევალებოდა გარკვეული ორი ბლოკი. უვიზო მიმოსვლის რეჟიმისთვის საშინაო დავალებები ერქვა, რაც ბრიუსელმა დაგვიდგინა და ბლოკებად იყო დაყოფილი, ორი ბლოკი იყო იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა. სადაც ვიკვეთებოდით, ვთანხმდებოდით, ვინ რა როლი ითამაშოს, ვინ ვის დაეხმაროს, რომ ქვეყანა გამოვიდეს გამარჯვებული. აი, ეს პრეზიდენტმა სრულად მოშალა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ის, ერთი ქალი ვერც სტატუსს მოიტანს და ვერც სტატუსის მოტანას შეუშლის ხელს, მაგრამ ამ ზიანზე მიდის რაღაც პირადი გამორჩენისა, თუ მიზნისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც იქ არ არის, სადაც უნდა იყოს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

რაც შეეხება კითხვას, „თუ წელს საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ამ პროცესში ვისი რა წვლილი იქნება?“, – წულუკიანის თქმით, უკვე ბავშვმაც იცის, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი იქნება დესტრუქციული ოპოზიციის, ასევე პრეზიდენტისაც.

„კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი მუდმივად წინ მხვდება ყველა ქვეყანაში მისი ნამოქმედარი (და მე ხშირად არ ვმოგზაურობ), რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო. თუ ეს არ არის პრეზიდენტის მიერ მიყენებული ზიანი თავისივე სახელმწიფოს მიმართ ევროპულ გზაზე, მაშინ რა არის ზიანი, მე აღარ ვიცი. ამიტომ დაველოდოთ გადაწყვეტილებას და შემდგომ ყველაფერი უნდა შეფასდეს, ვისი რა წვლილია და ვინ რა გააკეთა, თუმცა სამწუხარო რეალობაში ნამდვილად ვართ“, – განაცხადა წულუკიანმა