
ვეთანხმებით ზავის იდეას, თუმცა არის ნიუანსები, რომლებზეც მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ ამერიკელ კოლეგებთან, შესაძლოა, დავურეკოთ ტრამპს და მასთან განვიხილოთ-ვლადიმერ პუტინი
ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს, თუმცა გამოვდივართ იქიდან, რომ ეს შეწყვეტა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მიგვიყვანდა გრძელვადიან მშვიდობამდე და აღმოფხვრიდა ამ კრიზისის თავდაპირველ მიზეზებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინის მზადყოფნას, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ამერიკულ-უკრაინული შეხვედრა საუდის არაბეთში შესაძლოა, გარეგნულად გამოიყურება როგორც უკრაინული მხარის მიერ ამერიკული ზეწოლით გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სინამდვილეში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინულ მხარეს უნდა ეთხოვა ეს ამერიკელებისთვის ყველაზე დაჟინებული გზით იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია ადგილზე. ალბათ ყველამ ნახა, რომ გუშინ ვიმყოფებოდი კურსკის ოლქში და მოვისმინე გენშტაბის უფროსის, დაჯგუფება „სევერის“ უფროსისა და მისი მოადგილის ანგარიში საზღვრისპირეთში, უპირველეს ყოვლისა კურსკის ოლქში არსებულ სიტუაციაზე. რა ხდება იქ? იქ სიტუაცია მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშ არის და დაჯგუფება, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, იმყოფება სრულ იზოლაციაში. უკრაინული ძალების მართვა ამ შემოჭრის ზონაში დაკარგულია. თუ 1-2 კვირის წინ უკრაინელი სამხედროები ცდილობდნენ იქიდან მცირე ჯგუფებით გასვლას, ახლა ეს შეუძლებელია. ისინი ცდილობენ იქიდან გასვლას ორ-სამკაციანი ჯგუფებით, რადგან ყველაფერი ჩვენი სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის. ტექნიკა მთლიანად მიტოვებულია, მისი გაყვანა შეუძლებელია. ის იქ დარჩება, ეს უკვე გარანტირებულია. უახლოეს დღეებში თუ მოხდება ფიზიკური ბლოკირება, მაშინ გასვლას უკვე საერთოდ ვეღარავინ შეძლებენ. იქნება მხოლოდ ორი გზა – ტყვედ ჩაბარება ან სიკვდილი“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, „ასეთ პირობებში უკრაინული მხარისთვის ძალიან კარგი იქნებოდა ზავის მიღწევა თუნდაც 30 დღით. პუტინის თქმით, ამას რუსეთი მხარს უჭერს, თუმცა არის ნიუანსები“
„რაში მდგომარეობს ეს ნიუანსები. პირველი – რა უნდა გავაკეთოთ კურსკის ოლქში ამ შემოჭრის მონაკვეთთან დაკავშირებით? ჩვენ თუ ვწყვეტთ საბრძოლო მოქმედებებს 30 დღით, რას ნიშნავს ეს? ყველა, ვინც იქ იმყოფება, უნდა გავიდეს ბრძოლის გარეშე? ჩვენ ისინი უნდა გავუშვათ იქიდან იმის შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს მრავალი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ? თუ უკრაინის ხელმძღვანელობა მისცემს მათ ბრძანებას, დაყარონ იარაღი და უბრალოდ ჩაბარდნენ ტყვედ? როგორ იქნება ეს? გაუგებარია. როგორ გადაწყდება სხვა საკითხები შეხების მთელი ხაზის გასწვრივ, ეს კი თითქმის ორი ათასი კილომეტრია. იქ კი, როგორც იცით, რუსეთის ჯარები შეტევას ახორციელებენ პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზე და იქაც იქმნება პირობები, რომ ჩვენ საკმაოდ მსხვილი დანაყოფების ბლოკირება მოვახდინოთ.
ანუ, როგორ მოხდება ამ 30 დღის გამოყენება? იმისთვის, რომ უკრაინაში გაგრძელდეს იძულებითი მობილიზაცია? იმისთვის, რომ მიაწოდონ იარაღი? იმისთვის, რომ მობილიზებულმა დანაყოფებმა მომზადება გაიარონ? თუ ეს ყველაფერი არ მოხდება, მაშინ ჩნდება კითხვა – როგორ გადაწყდება კონტროლის, ვერიფიკაციის საკითხები? როგორ მივიღებთ გარანტიას, რომ მსგავსი არაფერი მოხდება? კონტროლი როგორ იქნება ორგანიზებული? ვიმედოვნებ, საღი აზრის დონეზე ყველასთვის გასაგებია, რომ ეს სერიოზული საკითხებია. ვინ გასცემს განკარგულებებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და როგორია ამ ბრძანებების ფასი? წარმოგიდგენიათ, თითქმის ორი ათასი კილომეტრია. ვინ განსაზღვრავს, ვინ და სად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმება? და შემდეგ, ვინ ვის გადააბრალებს ამ შეთანხმების დარღვევას? ამ საკითხებს სჭირდება ორივე მხრიდან დეტალური შესწავლა. ამიტომ, თავისთავად იდეა სწორია და ჩვენ მას უპირობოდ მხარს ვუჭერთ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთანაც, პარტნიორებთან, შესაძლოა, ტრამპს დავურეკოთ და მასთან განვიხილოთ, თუმცა თავისთავად ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების იდეა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილია“,- აღნიშნა პუტინმა.
პუტინმა, ასევე, მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც, მისი თქმით, „ამდენ დროს უთმობს უკრაინაში ვითარების დარეგულირებას“.