ვატო შაქარიშვილი, მიმართვას ავრცელებს
კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში 12 ივნისს, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს იმ ადამიანებისთვის, ვინც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით არიან დაინტერესებულები.
შაქარიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, ერთობლივად შეიქმნას მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს.
„საღამომშვიდობის მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, თანამოაზრეებო, უბრალოდ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეით დაინტერესებულებო! შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში. დავიწყოთ, ერთად ვიფიქროთ, ერთად ვიმოქმედოთ, ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს. არ დავუშვათ საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელება! დავიცვათ ჩვენი ქვეყანა აგრესიული ლიბერალური შემოტევისგან! წერტილი დავუსვათ ადამიანების შეურაცხყოფას, ბულინგს, ცილისწამებას! P.S. ნაც-ლიბერალური პროპაგანდისტული საშუალებები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან. პროვოკაციებზე იქნება ადეკვატური პასუხი. საქართველო უპირველეს ყოვლისა!” – წერს ვატო შაქარიშვილი.