
ვაშინგტონში კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს -პეტრე ცისკარიშვილი
საქართველოს მომავალი არის პროდასავლური, წარმატებაზე ორიენტირებული, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, რადგან მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ვაშინგტონში განაცხადა, სადაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიზიტით იმყოფება.
ცისკარიშვილის განცხადებით, ვაშინგტონში კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს.
„ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები კონგრესში ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ სხვა ინსტიტუციებში, რადგან მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ ქალაქში ხალხმა იცოდეს, რომ რუსულ-ქოცური საქართველოს გარდა პროდასავლური, ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს და საქართველოს მომავალი სინამდვილეში არის პროდასავლური, პროგრესული, წარმატებაზე ორიენტირებული, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, რადგან მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და აქვე მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, მისი შვილი ნიკუშა ჩვენთან ერთად იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი იყო ცხრა წლის განმავლობაში მთავარი პროდასავლელი, პროამერიკელი ლიდერი რეგიონში და ის, რომ მეოთხე წელია, იზოლაციაშია და საკანში ჰყავს გამოკეტილი ამ რეჟიმს, ამას ხედავს ყველა, რადგან სწორედ იმიტომ ისჯება ის, რომ ორიენტირებული იყო მხოლოდ დასავლეთზე, არ თამაშობდა რამდენიმე ფრონტზე, როგორც ამას თავიდან ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცდილობდა, რომლებმაც ბოლოს ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს თავისი პრორუსული, პროირანული დამოკიდებულება. წინა წლებში გვახსოვს, რომ ისინი ცდილობდნენ რამდენიმე ვექტორზე ერთდროულად ემუშავათ, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო მხოლოდ დასავლეთზე ორიენტირებული და ჩვენმა მეგობრებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმთან, პუტინთან, თუ სხვა მათ მეგობრებთან და აქტორებთან უწევთ ურთიერთობა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ში „ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციაში, პარტიის ლიდერებთან ერთად, ნიკოლოზ სააკაშვილიც იმყოფება.