“ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში”- Financial Times
ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) რუბრიკით „წერილები“ აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით: “ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში: რომლის ავტორია რობერტ ჰანტერი – აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში. რედაქციისადმი მიწერილ წერილში იგი კომენტარს უკეთებს და თავის თვალსაზრისს გამოხატავს „ფაინენშელ თაიმსის“ 23 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული მასალის თაობაზე, სათაურით „მითები, რომლებმაც პუტინის ომი გამოიწვიეს“, ტიმოთი სნაიდერის ავტორობით.
გთავაზობთ ამერიკელი დიპლომატის კომენტარს:
ტიმოთი სნაიდერი საქმის ცოდნით წერს ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის შესახებ, მაგრამ იგი რატომღაც არ ახსენებს „ისტორიის მეორე მხარეს“ – იმ როლს, რომელიც აშშ-მა შეასრულა ამჟამინდელი ტრაგედიის წარმოქმნაში.
რუსეთ-უკრაინის ომის წინაპირობების შექმნისათვის საკვანძო მომენტად იქცა 2008 წელი, როცა აშშ-ის ზეწოლით ნატოელმა მოკავშირეებმა ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო „ნატოს წევრები გახდებიან“. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მათი ალიანსში „მიღების“ მომენტი იმდენად, რამდენადაც ამგვარი განცხადება ნიშნავდა გარკვეული სტრატეგიული ვალდებულების აღებას ნატოს მიერ. ბევრი ჩვენთაგანი ამას სწრაფად მიხვდა და ამიტომ ყურადღება გავამახვილეთ იმ საფრთხეზე, რომელსაც ამგვარი დეკლარაცია მომავალში გამოიწვევდა.
მას შემდეგ მოკავშირეები, რომლებიც ისევ აღმოჩნდნენ აშშ-ის ზეწოლის ქვეშ, ერთი და იგივე განცხადების გაჟღერებას აგრძელებდნენ [რომ უკრაინა და ნატო დღეს თუ არა ხვალ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები] მანამდე, სანამ დონალდ ტრამპმა საბოლოოდ არ გამორიცხა უკრაინის წევრობა ნატოში, უახლოეს წლებში მაინც. ოფიციალურად გაირკვა, რომ უკრაინის ალიანსში მიღების საკითხში ნატოს 32 წევრის კონსენსუსი შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, 1997 წლიდან არსებობდა არაოფიციალური შეთანხმება, რომ ალიანსის აღმოსავლეთი საზღვრები რუსეთს არ მიუახლოვდებოდა (ბალტიისპირა ქვეყნების მიღებას, უკრაინასთან შედარებით, რუსეთისათვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა).
რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს იმას, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, მაგრამ ეს გარემოება სიტუაციას ფართო პოლიტიკურ და სტრატეგიულ კონტექსტს აძლევს და ხაზს უსვამს ის ზიანს, რაც ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა და ნეოლიბერალებმა თავიანთი მოქმედებით გამოიწვიეს: ისინი რუსეთს დამარცხებულ ქვეყნად განიხილავდნენ, რომელსაც არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია (ეს არ ეხება ჯორჯ ბუშ-უფროსს და ბილ კლინტონს, რომლებიც საკითხს სწორად აცნობიერებდნენ).
ისტორია მკაცრი დამრიგებელია და ის, ვინც მას უარყოფს და ყურადღებას არ აქცევს, ხელს უწყობს უკრაინის დღევანდელ ტანჯვას და სიტუაციის შესვლას დიპლომატიურ ჩიხში.
მოამზადა სიმონ კილაძემ