
„ვარკეთილის“ მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოების გამო, რაც ჩატარდა, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით – კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება.
როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელთა განხორციელება მგზავრების მომსახურების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და გავაკეთეთ განმარტებები, რომ რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის უნდა იყოს დასრულებული. მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რაც ჩატარდა. ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით. ამ სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იყო, რათა იმ კონსტრუქციამ, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში უნდა დაეკიდოს, წლებს გაუძლოს. პროექტი ვერ განხორციელდებოდა მაშინ, როდესაც მეტრო მგზავრებს ემსახურება, ამიტომ დროებით მოგვიწია მეტროს ფუნქციონირების შეჩერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.