“USAID – ამერიკის საგარეო დახმარების უწყება ძირეული ცვლილებების წინაშე დგას”-“ამერიკის ხმა”
აშშ-ის (და საერთოდ, საზღვარგარეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფართოდ და აქტიურად იხილება საკითხი ამერიკული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – „იუესაიდის” (USAID) სამომავლო პერსპექტივის თაობაზე – გაუქმდება საბოლოოდ თუ დარჩება (მაგრამ რეფორმირებული სახით) 1961 წელს კონგრესის მიერ შექმნილი უწყება, რომელსაც უცხოური ქვეყნების დახმარების მიზნით შეიქმნა?
პრეზიდენტის ადმინისტრაცია და დონალდ ტრამპის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ფიქრობს, რომ „იუესაიდი“ მხოლოდ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულის გაფანტვის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მისი საქმიანობა – უცხო ქვეყნებისადმი დახმარება არ ჯდება დონალდ ტრამპის პრინციპში – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.
აშშ-ის რადიოსადგური Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „USAID – ამერიკის საგარეო დახმარების უწყება ძირეული ცვლილებების წინაშე დგას“, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ამ სტრუქტურის ბედ-იღბალია განხილული.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 3 თებერვალს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომელიც ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების საგარეო დახმარების პროგრამებს განკარგავს, პრაქტიკულად დაიხურა, თუმცა ჯერ-ჯერობით იურიდიულად არ გაუქმებულა. ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურის კომპიუტერული სისტემა დაებლოკათ, ნაწილმა ხელმძღვანელების სახელით მიწერილი შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს, რომ შენობა “სააგენტოს პერსონალისთვის 3 თებერვალს დახურული იქნება”.
3 თებერვალს, ელ-სალვადორში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ის USAID-ის დირექტორის მოვალეობასაც შეითავსებს. რუბიოს განცხადებით, ის სათავეში ჩაუდგება USAID-ის მუშაობის თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. რუბიომ სააგენტოს კონგრესისა და თეთრი სახლის მიმართ, ისტორიულად „უპასუხისმგებლო“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, სააგენტოს მიმართულება სახელმწიფო დეპარტამენტისგან უნდა მიეღო.
„USAID ერთგვარად უგულებელყოფდა ამას და ისე იღებდა გადაწყვეტილებებს, თითქოს ის ეროვნული ინტერესებისგან ცალკე არსებული, რაღაც გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო”, – თქვა მარკო რუბიომ და დასძინა: “ეს გადასახადის გადამხდელთა თანხებია და ჩვენ ამერიკის ხალხისადმი გვაქვს იმის ვალდებულება, რომ უცხოეთში გახარჯული თითოეული დოლარი ხელს უწყობდეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს”.
მარკო რუბიოს კომენტარებთან შედარებით, გაცილებით მკაცრი იყო ილონ მასკის განცხადება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ილონ მასკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ახლადშექმნილ უნიკალურ სამთავრობო უწყებას ხელმძღვანელობს, სახელად “დოჯი”, რომელიც იშიფრება, როგორც მთავრობის ეფექტიანობის სააგენტო. ის მიზნად სამთავრობო ხარჯების შემცირებას და ფედერალური ორგანიზაციების რესტრუქტურიზაციას ისახავს.
„აშკარა გახდა, რომ იქ მატლის გარეშე ერთი ვაშლიც კი არ არის”, – განაცხადა ილონ მასკმა ორშაბათს, 3 თებერვალს. მისი თქმით, სინამდვილეში USAID “ჭიების ბურთია”, რომელიც უნდა მოიშორო, რადგან მისი გაჯანსაღება შეუძლებელია. ამიტომაც, “ჩვენ მას ვხურავთ”, – თქვა მასკმა.
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ისტორია დაახლოებით ექვს ათწლეულს ითვლის. ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ დაარსებული ფედერალური ორგანიზაციაა. ამერიკის დახმარებისა და განვითარების სააგენტო ჰუმანიტარულ, განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებს დაახლოებით 120 ქვეყანაში ზედამხედველობს.
USAID პრეზიდენტ ტრამპისა და რესპუბლიკელ კანონმდებელთა ერთი ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა. “მას რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავს. ჩვენ მათ ვიშორებთ”, – უთხრა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 თებერვალს ჟურნალისტებს.
მომხდარს დემოკრატი კანონმდებლები აკრიტიკებენ. მათი აზრით, პრეზიდენტ ტრამპს მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად, საკონსტიტუციო უფლებამოსილება არ გააჩნია და USAID-ის დახურვა კონგრესის ავტორიზაციის გარეშე, პრეზიდენტს განკარგულების საფუძველზე არ შეუძლია.
2 თებერვალს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ათივე დემოკრატმა მარკო რუბიოს ერთობლივი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ისინი USAID-ს იცავენ. “კონგრესმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დააფუძნა, როგორც დამოუკიდებელი სააგენტო, სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცალკევებული, რათა მან უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, საგარეო დახმარების განვითარების ექსპერტიზის სწრაფად გამოყენება, განსაკუთრებით – კრიზისის დროს”, – აღნიშნავენ სენატორები.
დასასრულს კანონმდებლები აცხადებენ: “აქედან გამომდინარე, USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან გაერთიანების ნებისმიერი მცდელობა საჭიროა, და კანონით უნდა იყოს კიდეც, კონგრესის მიერ გადახედული, განხილული და დამტკიცებული”.
დემოკრატმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასკს უფლებრივად ამერიკის ფედერალურ თანამშრომელთა პირად ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს. ”ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ რეაგირება მოვახდინოთ და ხალხი ზიანისგან დავიცვათ”, – განაცხადა მასაჩუსეტსის შტატის სენატორმა.
მოამზადა სიმონ კილაძემ