1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინიდან ცარიელი ჩემოდნით ბრუნდება: ჩინეთ-ევროკავშირის საიუბილეო სამიტი სალუტის გარეშე ჩატარდა”-Независимая газета
“ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინიდან ცარიელი ჩემოდნით ბრუნდება: ჩინეთ-ევროკავშირის საიუბილეო სამიტი სალუტის გარეშე ჩატარდა”-Независимая газета

“ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინიდან ცარიელი ჩემოდნით ბრუნდება: ჩინეთ-ევროკავშირის საიუბილეო სამიტი სალუტის გარეშე ჩატარდა”-Независимая газета

847
0

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა“ (Независимая газета) ეხმაურება პეკინში ხუთშაბათს, 24 ივლისს გამართულ ჩინეთ-ევროკავშირის სამიტის შედეგებს და აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინიდან ცარიელი ჩემოდნით ბრუნდება: ჩინეთ-ევროკავშირის საიუბილეო სამიტი სალუტის გარეშე ჩატარდა” (ავტორი – ვლადიმერ სკოსირევი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მიუხედავად იმისა, რომ სამიტის თარიღი იუბილეს დაემთხვა – მხარეებს შორის ურთიერთობის დამყარების 50 წლისთავს, მოლაპარაკებას საქმიანი, უფრო სწორად კი ხისტი ხაიათი ჰქონდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა მიუთითა, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს არა იმდენად სავაჭრო ტარიფების მატებას, რამდენადაც იმას, თუ როგორ უნდა იქნას შენარჩუნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტები. პეკინმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ გახდეს დამოუკიდებელი ძალა საერთაშორისო არენაზე ჩინეთთან, რუსეთთან და აშშ-სთან ერთად.

თავის მხრივ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც სამიტის წინ ჩინეთის გასაგონად საკმაოდ არასასიამოვნო განცხადება გააკეთა და პეკინი დემპინგში დაადანაშაულა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერის გამო, სი ძინპინის წინაშე ყოფნისას კი უკვე ორჭოფულად განაცხადა, რომ მხარეთა ურთიერთობა შემობრუნებით მომენტს მიუახლოვდაო.

რა თქმა უნდა, სი ძინპინმა სტუმარ-მასპინძლობის წესი დაიცვა, სიტუაცია არ გაამწვავა და ევროპელ სტუმრებს – ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროსაბჭოს ხელმძღვანელს ანტონიუ კოშტას – იმ პოლიტიკის ღირსეულად გაგრძელებისაკენ მოუწოდა, რომლებიც ევროპამ და ჩინეთმა 50 წლის წინათ, 1975 წელს დაიწყეს, მაო ძე დუნის სიკვდილის შემდეგ.

მაგრამ ფაქტია, რომ პეკინს და ბრიუსელს შორის ნდობა „მოიკოჭლებს“. პეკინში არ დავიწყნიათ, რომ ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ ევროკომისიის ხელმძღვანელი და სხვა ევროპელი ბიუროკრატები ჩინეთს მწარედ აკრიტიკებდნენ – პეკინს თავისი იაფი პროდუქციით ევროპული ეკონომიკის ძირის გამოთხრა სურსო. უფრო მეტიც – ჩინეთი რუსეთს ეხმარება და ორმაგი დანიშნულებს პროდუქციას აწვდის მოსკოვს, ანუ „ცისქვეშეთი“ (ასე უწოდებენ ჩინეთს ხშირად) ირიბად მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

ანტონიუ კოშტამ პირდაპირ უთხრა სი ძინპინს, რომ „ჩინეთმა რუსეთს დახმარება უნდა შეწყვიტოს და ვლადიმერ პუტინს უნდა უთხრას, რომ ის გაეროს წესდებას არღვევს“. მაგრამ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ნათქვამს სი ძინპინზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. ჩინეთი რუსეთ-უკრაინი ომის („სპეციალური სამხედრო ოპერაციის“) მიმართ მიუკერძოებელ პოზიციას ავლენს და მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისაკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით ჩინეთის პრესამ ევროპელ სტუმრებს გაახსენა ჩინეთ-ბრაზილიის ერთობლივი ინიციატივა, რომელშიც მკაფიოდ და თანმიმდევრულად, პუნქტუალურად არის მითითებული, თუ რომელი გზით უნდა იმოქმედოს ორივე დაპირისპირებულმა მხარემ მშვიდობის მისაღწევად.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ სტუმრებს და ჩინელ მასპინძლებს ერთმანეთის მიმართ სასაყვედურო ბევრი ჰქონდათ, გარეგნულად, პრესის წინაშე ერთმანეთის მიმართ მოსიყვარულედ გამოიყურებოდნენ: ერთმანეთს არა მარტო პატივს სცემდნენ, არამედ უხაროდათ კიდეც, რომ შეხვედრა გაიმართა.

როგორ შეიძლება შეფასდეს სამიტის შედეგები?

შემაჯამებელ კომუნიკეში თვალსაჩინოდ არის ასახული ის ღრმა უთანხმოება, რომელიც მხარეებს აქვთ როგორც გეოპოლიტიკური საკითხების, ისე ვაჭრობის მიმართ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუცილებელია განახლებადი ენერგიის წყაროებით სარგებლობა და ტექნოლოგიების გადაცემა განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. იგივე ეხება ე.წ. „მწვანე ტექნოლოგიებსაც“ – მდიდარმა ქვეყნებმა ღარიბებს გამოცდილება უნდა გაუზიარონ, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ისინი ზარალდებიან როგორც კლიმატის გლობალური დათბობით, ისე ენერგორესურსების დეფიციტით.

თუ დავუკვირდებით, კომუნიკეში არაფერია ნათქვამი მხარეთა ურთიერთობის მწვავე პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე. ამიტომაც ისინი საერთოდ არ იქნა შეტანილი საბოლოო შემაჯამებელ დოკუმენტში.

ცუ ხუნძიანმა – პეკინის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორმა – სამიტის შედეგები ასე შეაფასა: „დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისში ჩინეთი და ევროკავშირი მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ თეთრი სახლის მიერ დაწესებულ მომატებულ ტარიფებს წინააღმდეგობას ერთად გაუწევდნენ, მაგრამ შემდეგ ევროკავშირმა აშშ-სთან კომპრომისის ძებნა დაიწყო. შედეგმაც არ დააყოვნა: ჩინეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტიმული გაქრა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: