“უკრაინის უსაფრთხოების გარანტი – პარიზის დეკლარაცია – მხოლოდ “ქაღალდის ვეფხვია”, რომელშიც მნიშვნელოვანი დეტალები არ არის”-The Daily Telegraph
პარიზში 6 იანვარს გამართულ „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ წევრების სამიტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად, უკრაინაში მშვიდობის დაცვის გარანტორის სახით, ერთობლივი ბრიტანულ-ფრანგული უსაფრთხოების ძალების შექმნა გადაწყდა, გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია კომენტარი სათაურით: „უკრაინის უსაფრთხოების გარანტი – პარიზის დეკლარაცია – მხოლოდ „ქაღალდის ვეფხვია“, რომელშიც მნიშვნელოვანი დეტალები არ არის“ (ავტორი – როლანდ ოლიფანტი, ანალიტიკოსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
პროგრესი. წარმატება. „ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი“. პირველად, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უკრაინელები, ამერიკელები და ევროპელები, როგორც ჩანს, ერთ სიმღერას ერთად მღერიან. მათი დეკლარაციის თანახმად, მშვიდობა „ისე ახლოსაა, როგორც არასდროს“ – იმიტომ, რომ ისინი მიუახლოვდნენ უსაფრთხოების ისეთი ხელშეკრულების დადებას, რომლის თანახმად, თავიდან იქნება აცილებული რუსეთის ახალი თავდასხმა უკრაინაზე, ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.
კირ სტარმერმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადეს უსაფრთხოების ინგლისურ-ფრანგული ძალების შექმნის გეგმა, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის სხვადასხვა ადგილზე განლაგდებიან.
სტივ უიტკოფმა, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ დიპლომატებმა „თითქმის დაასრულეს“ უსაფრთხოების დოკუმენტებზე (ოქმებზე) მუშაობა, რომლებიც გარანტიას იძლევა აღიკვეთოს რუსეთის აგრესიის განმეორება.
ფრიდრიხ მერცმა, გერმანიის კანცლერმა, ისიც კი განაცხადა, რომ „ამერიკელები დათანხმდნენ უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და იურიდიულად დამავალდებელი გარანტიების უზრუნველყოფაზე“, ანუ ვაშინგტონი ევროპელების გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. კანცლერის თქმით, გერმანია თვითონაც იღებს პასუხისმგებლობას უკრაინაზე და მთლიანად კონტინენტზე, თუმცა მან უარი თქვა ბრიტანეთ-საფრანგეთის დეკლარაციისადმი მიერთებაზე უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ.
რასაკვირველია, უსაფრთხოების გარანტიები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს: უკრაინა არასოდეს არ დათანხმდება და არ წავა არანაირ კომპრომისზე ტერიტორიების დათმობის საკითხში მანამ, სანამ კიევი არ იგრძნობს, რომ რუსეთი თავდასხმას ვეღარ გაბედავს.
მაგრამ სინამდვილეში მხარეები არ შეთანხმებულან მთავარზე – უსაფრთხოების ძალებისადმი რეალურ მხარდაჭერაზე: როგორ უნდა იმოქმედონ ლონდონმა და პარიზმა, თუ რუსეთი მაინც გაბედავს და უკრაინას ისევ შეუტევს? ამის შესახებ დოკუმენტში არაფერი არ არის ნათქვამი, ან შესაძლოა დეტალებს არ ამხელენ.
ან იქნებ ამერიკელები იღებენ რაიმე ვალდებულებას ამ მხრივ? თხოვნაზე, რომ განემარტა აშშ-ის მონაწილეობის საკითხი, სტივ უიტკოფმა ზოგადად განაცხადა, რომ ამერიკელები „ჯერ ფიქრობენ“.
ესე იგი, შეიძლება ითქვას: უსაფრთხოების მტკიცე, ნამდვილი და საბოლოო გარანტია, რომელიც უნდა გამოიხატოს შემდეგში – თუ რუსეთი ომს განაახლებს, ეს იქნება ომი აშშ-სთან – არ არსებობს.
ეს გარემოება მნიშვნელოვანია.
რაღაც მომენტში დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს იდეა, რომ პოლონეთ-რუმინეთის (ანუ ნატოს) სამხედრო-საჰაერო ბაზებზე არსებული ამერიკული თვითმფრინავები ჰაერიდან უზრუნველყოფენ მიწაზე მყოფი უკრაინული, ფრანგული და ბრიტანული ძალების მოქმედებებს. მაგრამ არავინ იცის, ეს იდეა ისევ აქტუალურია თუ არა. უბრალოდ, გაურკვეველი სიტუაცია იქმნება.
არადა, სწორედ მსგავსი დეტალებით არის განსაზღვრული ის განსხვავება, რომელიც შეკავების საიმედო საშუალებებსა და „ქაღალდის ვეფხვს“ შორის არსებობს.
აშშ-ის მოქმედება დანიის (გრენლანდიის) მიმართ ისეთი მაგალითია, რომ საეჭვო ხდება – შეასრულებს თუ არა თეთრი სახლი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აღებულ ვალდებულებებს.
და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას. ვლადიმერ პუტინმა უკვე კატეგორიულად გამორიცხა ისეთი გარიგების დადება, რომლის ჩარჩოებში ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს განალაგებენ.
დიახ, 6 იანვარს დასავლეთის ერთიანობის გამოხატვის აშკარა სიმპტომების მოწმენი გავხდით. პარიზი და ლონდონი უფრო შორს წავიდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი შეეცადნენ დონალდ ტრამპი დაერწმუნებინათ იმაში, რომ ევროპა მზად არის საკუთარ თავზე აიღოს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მაგრამ მშვიდობა, როგორც ყოველთვის, „მთების გადაღმაა და ჰორიზონტზე არ მოჩანს“.