„უკრაინის კონტრშეტევა შეფერხდა, კიევს ყველაფრის ხელახლა დაგეგმვა მოუწევს“ – Politico
აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „უკრაინის კონტრშეტევა შეფერხდა, კიევს ყველაფრის ხელახლა დაგეგმვა მოუწევს“ (ავტორი – ჯეიმი დეტმარი).
უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე თავიდანვე გადაჭარბებულ იმედებს ამყარებდნენ. საომარი მოქმედებები „კონტრშეტევის“ სახელით უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ არანაირ ისეთ გარდამტეხ შედეგებს ვერ ვხედავთ, რომელიც შემტევი მხარის მიერ მიღწეულ რაიმე მნიშვნელოვან წარმატებებზე მიუთითებდეს. როგორც ჩანს, რუსეთი და უკრაინა (იგივე დასავლეთი) დაბრუნდნენ მძიმე და დამქანცველ „სამუშაოს“, რასაც „ომი გამოფიტვაზე“ ჰქვია, ანუ ვინ დაეცემა პირველი დაღლილობისაგან და ფეხზე ვეღარ ადგება – ამტანი რუსეთი თუ უკრაინა და მისი მოუთმენელი მოკავშირეები. უეჭველია, კრემლს ამის იმედი აქვს.
ამ დღეებში ამერიკელმა სამხედრო სტრატეგოსმა ედვარდ ლუტვაკმა ხატოვნად აღნიშნა: „უკრაინა-რუსეთის ომი შევიდა ისეთ ფაზაში, რომელსაც პირობითად „მოითმინე და გაიცინე“ შეიძლება ვუწოდოთ. კიევი ბრძოლას ისეთი დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა ერთ კვირაში და ახლა გაჭიანურებული საომარი მოქმედებებისათვის ემზადება“.
უკრაინელი ოფიციალური პირები თავიანთ დასავლელ კოლეგებს გადაჭარბებულ ოპტიმიზმს საყვედურობენ – რატომ გქონდათ დიდი მოლოდინი კონტრშეტევასთან დაკავშირებითო, ხოლო დასავლურ მასმედიას – ზედმეტ ენთუზიაზმს, როცა პრესაში ხშირად სასურველის სინამდვილედ წარმოჩენა ხდებოდა. სწორედ დასავლური პრესა წერდა დემორალიზებულ და მშიშარა რუს ჯარისკაცებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან თურმე კუდამოძუებულები გარბიან, [უცოდინარ რუს ოფიცრებზე, რომლებსაც მეთაურობის არაფერი გაეგებათ, ჩამოწერილ საბჭოურ ტანკებზე, რომლებიც ძველი მიტოვებული საწყობებიდან გამოათრიეს და ა.შ.]. სტატიებში ოპტიმისტური ვარაუდები იყო გამოთქმული, რომ უკრაინის არმია გასული შემოდგომის წარმატებებს გაიმეორებდა.
დიახ, დასავლეთმა იმედებში გადააჭარბა, მაგრამ კიევსაც პასუხისმგებლობის თავისი წილი მიუძღვის იმ პროგნოზებში, რომელიც მოსკოვის მიერ აგებული თავდაცვითი ზღუდეების სწრაფ გარღვევას ეხებოდა.
მთელი გაზაფხულის განმავლობაში, კონტრშეტევის წინ, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი და სხვა მაღალჩინოსნები თავდაჯერებულად და მტკიცედ აცხადებდნენ შეტევის პერსპექტივაზე, რომ აი, სულ მალე დავიწყებთ გადამწყვეტ შეტევას და რუსებს კუდით ქვას ვასროლინებთო. უფრო მეტიც – კირილ ბუდანოვი აინუნშიაც არ აგდებდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნებს, რომ თავი დაენებებინა საბოლოო გამარჯვების პროგნოზებისათვის და თავისას აგრძელებდა.
მაგრამ მოდით, შევეცადოთ და რაიმე ახსნა მოვუძებნოთ ასეთ წინასწარმეტყველებას. რით იყო განპირობებული ესოდენ გაბერილი პროგნოზები? სინამდვილეში რისი გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ უკრაინელებს?
ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყველანაირად ცდილობდა არასაიმედო წონასწორობა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა. იგი დასავლეთის გასაგონად და უკრაინისადმი რწმენის განმტკიცების მიზნით ამბობდა, რომ უკრაინა გადამწყვეტი დარტყმისათვის ემზადება, მას მხოლოდ მეტი საბრძოლო მასალისა და ტექნიკის მიწოდება ჭირდება, დანარჩენს კიევი თვითონ გააკეთებდა. მაგრამ იმავდროულად პრეზიდენტის განცხადებებში ისიც გაისმა, რომ მოლოდინი გადაჭარბებული არ უნდა იყოს. მაგრამ დასანანია, რომ მან ამაზე ლაპარაკი საკმაოდ გვიან დაიწყო – ისევე როგორც თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა, რომელმაც მაისში „გონს მოუხმო“ და განაცხადა, რომ კონტრშეტევაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთო.
უკრაინის მმართველებს და მაღალჩინოსან სამხედროებს „გამამარჯვებელ აჟიოტაჟში“ მხარს უჭერდნენ გადამდგარი ამერიკელი გენერლებიც, რომლებიც საკუთარ აზრებს ხმამაღლა აცხადებდნენ – „აი, სულ მალე უკრაინის არმია [სწრაფად გაარღვევს რუსეთის თავდაცვის ხაზს და აზოვის ზღვის ნაპირებზე გაიჭრება…], დაიკავებს ყირიმს“ და ა.შ. „პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხშირად საკუთარი სამხედრო პროპაგანდისა გვჯერა“, – ამბობს ანდრეი ილარიონოვი, ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 2005 წელს მწვავე უთანხმოება მოუხდა და საზღვარგარეთ წავიდა. კრემლის მკვეთრი კრიტიკოსი შიშობს, რომ ომი ხანგრძლივი იქნება, თუ დასავლეთი მეტ გაბედულებასა და აქტიურობას არ გამოიჩენს.
უკრაინის უადგილო და უსაფუძვლო ოპტიმიზმის კიდევ ერთი მიზეზი იმით არის განპირობებული, რომ კიევმა ვერ გააცნობიერა ერთი ჭეშმარიტება: რუსეთის არმია ძალიან სწრაფად სწავლობს საკუთარ შეცდომებს და მოქმედების კურსის კორექტირებას ახდენს. კონტრშეტევის დაწყებამდე სულ რაღაც ორიოდე კვირით ადრე, ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ანალიტიკოსებმა ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეიოლდსი გაფრთხილებით გამოვიდნენ, რომ უკრაინის არმიას წინ ბევრი სავარაუდო სირთულე და პრობლემა ელოდებოდა. ისინი წერდნენ, რომ რუსეთის ჯარი თავისსავე დაშვებულ შეცდომებზე სწავლობს და ცდილობს სწრაფად გამოასწოროს. მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ რუსული ქვეითი ქვედანაყოფები ტაქტიკას ცვლიან და ამას უკრაინამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ბრიტანელი ანალიტიკოსები ასევე წერდნენ, რომ გაუმჯობესდა რუსული მძიმე არტილერიის მუშაობა, რომელიც უკრაინის არმიის სამიზნის აღმოჩენისთანავე სწრაფად ისვრის და მას ზუსტად ანადგურებს.
ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეინოლდსი მიუთითებდნენ, რომ დღეს რუს ქვეითებს სწრაფად შეუძლიათ სანგრებისა და ტრანშეების გათხრა, საბრძოლო პოზიციების ღრმად და მტკიცედ მოწყობა. მოქმედების ტაქტიკას ცვლიან რუსული მექანიზებული (სატანკო) ქვედანაყოფებიც – ჯავშანტექნიკა უსაფრთხო მანძილზე დგას და იქიდან ეხმარება ქვეითებს. რუსები ისე არ აკეთებენ, როგორც დასავლელები მოქმედებდნენ ოპერაცია „შოკისა და თრთოლის“ დროს. გარდა ამისა, რუსი ტანკისტები თავიანთ ჯავშნიან მანქანას სითბური კამუფლიაჟით ნიღბავენ, რაც ახალ მეთოდს წარმოადგენს.
არის კიდევ სხვა ტაქტიკური ხერხები, რომლებსაც რუსები მიმართავენ და უკრაინელები ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, რუსები ტოვებენ პოზიციებს, უკრაინელები მათ იკავებენ, მაგრამ ამ დროს რუსული არტილერია უკრაინელებს მჭიდრო ცეცხლით ანადგურებს და რუსები ისევ იკავებენ დატოვებულ ადგილებს. სწორედ ასეთი მომენტებისადმი უყურადღებობა, აგრეთვე რუსული გამაგრებული ზღუდეების მნიშვნელობის გაუაზრებლობა ამუხრუჭებს უკრაინის კონტრშეტევის განვითარებას.
უკრაინის არმია ამჟამად მრავალფენიან დანაღმულ ველებს აწყდება ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც უამრავი ქვეითთა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებია ჩაწყობილი.
უკრაინას მცირე დრო აქვს იმისათვის, რომ რუსეთის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიოს, მით უმეტეს, რომ ბევრ ადგილზე მათი სიღრმე 30 კილომეტრზე მეტია. თეორიულად, თუ უკრაინელები კრემლის მიერ გამაგრებულ ხაზს გაარღვევენ, მათ შეუძლიათ წარმატება განავითარონ, მაგრამ ეს ამინდის გაუარესებამდე უნდა გააკეთონ (შემოდგომის წვიმებამდე სულ თვე ნახევარია დარჩენილი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბრძოლები კონტრშეტევის ჩარჩოებში უკვე ორ თვეზე მეტია მიდის, უკრაინელებმა კი წინ მხოლოდ ათიოდე კილომეტრით წაიწიეს (ისიც მხოლოდ მთავარ გამაგრებულ ხაზამდე) და ვერცერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ვერ გაათავისუფლეს. ყოველი კონტრშეტევის წარმატება კი იმაში გამოიხატება, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს შემტევი მხარე და მოწინააღმდეგეს მეტ ზიანს მიაყენებს. პირიქით კი ხდება: კიევმა ნაჩუქარი დასავლური მძიმე ტექნიკის მესამედზე მეტი უკვე დაკარგა, ცოცხალი ძალის მსხვერპლიც, დანაღმული ველების გადალახვის დროს, ძალიან დიდია.
რა თქმა უნდა, ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო სულისკვეთება ჯერ კიდევ მაღალია. მათ კარგად იციან, რომ რეზერვში მყოფი მე-10 სადესანტო კორპუსი, რომელიც დასავლეთმა მოამზადა, უკვე ფრონტზეა გადასროლილი და მისი წარმატების იმედი აქვთ. სხვათა შორის, კიევს სურდა ეს კორპუსი უფრო გვიან გამოეყენებინა – როცა ჯარი რუსების ძირითად თავდაცვის ხაზს მიუახლოვდებოდა, მაგრამ სარდლობას მისი ბრძოლაში ჩართვა უფრო ადრე მოუწია. ეს იმის აღიარებას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიის შეტევა ძალიან დაყოვნებით და ნელა მიმდინარეობს.
და გასაკვირიც არ არის, რომ უკრაინელები ღიზიანდებიან, როცა დასავლეთი წინსვლის დაბალ ტემპების გამო კიევს აკრიტიკებს. მაგალითად, ამას წინათ გაიჟონა ბუნდესვერის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, გერმანელი სამხედროები უკრაინელ კოლეგებს საყვედურობენ, რომ ისინი სრულად ვერ იყენებენ მათ მიერ ნატოს სტანდარტებით ნასწავლ ბრძოლის წესებს და უნარ-ჩვევებს, რაზედაც უკრაინელები პასუხობენ, რომ რუსებთან ბრძოლაში მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, ისინი იძულებულნი არიან უარი თქვან ბრძოლის წარმოების დასავლურ მეთოდებზე – იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ მიერ გაწვრთნილი ქვედანაყოფები შესაბამისი იარაღით არ უზრუნველყო, რის გარეშეც ნატოს სტანდარტებით ბრძოლა შეუძლებელია (მხედველობაშია ახალი ტანკები, რაკეტები და ავიაცია).
მოკლედ, რომ ვთქვათ, დასავლეთმა თავიდანვე გაწირა უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაშლისათვის: ჯარისკაცებს ნატოს სტანდარტებით ბრძოლა სწავლა, მაგრამ ასეთი წესებით ბრძოლისათვის საჭირო შესაბამისი იარაღი და ტექნიკა არ მიუცია. გარდა ამისა, დასავლეთს ძალიან უნდოდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეტევა გაზაფხულზე დაეწყო და როცა მან ზაფხულისათვის გადაიტანა, ძალიან განაწყენდნენ, თანაც კიევი სულ უფრო მეტად ითხოვდა დაპირებულ იარაღს.
დღეს, როცა გარღვევის ვიზუალური ნიშნები არ ჩანს, მოვიდა დრო უკრაინელები თავიანთ საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ და მომავალი სეზონის საბრძოლო მოქმედებისათვის მოემზადონ, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს – თუ ზამთარში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. ბოლოსდაბოლოს, ის მფრინავები, რომლებიც ახლა დაიწყებენ ამერიკული „ფანტომებით“ (F-16-ებით) ფრენის შესწავლას, მზად იქნებიან მხოლოდ მომავალი გაზაფხულისათვის. მანამდე კი იქნებ ამერიკელებმა შეცვალონ თავიანთი ნეგატიური პოზიცია და კიევს შორი მოქმედების რაკეტები მიაწოდონ (თუმცა ეს საეჭვოა).
იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, მიმდინარე წლის ბოლომდე რაიმე პოლიტიკური გათვლების გაკეთება ძნელია. კიევს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ მომავალ წელსაც სწორედ არჩევნების მიზეზით უფრო რთულად იქნება საქმე – თეთრ სახლს ძალიან გაუჭირდება კონგრესთან უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საკითხები შეათანხმოს.
როგორც ედვარდ ლუტვაკმა აღნიშნა, „უკრაინას ომიდან გამოსვლისათვის სრულიად არ ჭირდება რუსეთზე დიდი გამარჯვება. მას მხოლოდ შეუპოვრობა და ნებისყოფის სიმტკიცე დაეხმარება“. უკრაინელ ჯარისკაცს მამაცობა და შეუპოვრობა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აქ საკითხი სხვაგვარად დგას: ეყოფა თუ არა თვითონ დასავლეთს ნებისყოფა და ამტანობა გამარჯვებისთვის?