„უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა, დასავლეთს ახალი გეგმის შემუშავება სჭირდება“ – The Daily Telegraph
ზამთრის დადგომა უკრაინის არმიისათვის კონტრშეტევის დასრულებას ნიშნავს. უკვე ყველამ მკაფიოდ დაინახა, რომ კიევის ჯარებმა თითქმის ნახევარწლიანი საომარ მოქმედებების დროს ფაქტიურად ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს, თანაც უკრაინამ ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის ძალზე დიდი დანაკარგები განიცადა, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის” (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით „უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა, დასავლეთს ახალი გეგმის შემუშავება ჭირდება“ (ავტორი – ლუის ფეიჯი).
გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:
უკრაინაში ისევ დადგა წვიმების სეზონი. ასეთ პერიოდი იმდენად ტრადიციულია უკრაინისათვის, რომ მას ხალხმა „უგზოობის დრო“ უწოდა, რუსები კი „ტალახობას“ ეძახიან. „უგზოობა-ტალახობა“ წელიწადში ორჯერ დგება ხოლმე – გვიან შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე, როცა ყინული დნება და მიწა ფუვდება. უგზოობა დიდ პრობლემებს უქმნის არმიას – ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული ხდება: თვით ტანკებიც კი, რომლებსაც ტალახის პირობებშიც უნდა შეეძლოთ მოძრაობა, უკრაინულ აფუებულ შავ მიწაში ისე ეფლობიან, რომ საჭირო ხდება ბუქსირით ტლაპოდან მათი ამოყვანა. ტანკების სიმძიმით ასფალტიანი გზებიც ხშირად ინგრევა – მათ ქვეშ ნიადაგი წყლით არის გაჟღენთილი და ზეწოლას ვერ უძლებს. მოკლედ, დასავლური მძიმე წონიანი „ლეოპარდები“ და „აბრამსები“ უკრაინისათვის ასეთ სეზონში ფაქტიურად გამოუსადეგარი ხდებიან. რუსეთის არმია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია.
უკრაინაში საკმაოდ მკაფიო სურათია გამოკვეთილი: ერთი მხრივ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ძლიერი დასავლური გავლენა-ზეწოლის ქვეშაა, ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ მეორე მხრივ, ჯარების სარდალი ვალერი ზალუჟნი, რომელმაც ფრონტზე შექმნილი სიტუაცია კარგად იცის, ამბობს, რომ ომი ჩიხში შევიდა, ანუ გახმაურებულმა კონტრშეტევამ კრახი განიცადა, ბლიცკრიგი არ შედგა.
ბევრი დასავლელი სამხედრო კომენტატორი, რომლებიც ზაფხულში ომახიანად იძახდნენ – აი, ახლა უკრაინის არმია ელვისებურ გარღვევას განახორციელებს და რუსებს ოკუპირებული ტერიტორიიდან გააძევებსო, დღეს ჩუმად არიან, ან თავს იმართლებენ, რომ დასავლეთი უკრაინას იმდენით არ დაეხმარა, რამდენიც საჭირო იყო.
რა თქმა უნდა, მათი არგუმენტები მისაღებია: აშშ-ისა და ევროკავშირის დიდი დაპირებების მიუხედავად, უკრაინამდე მხოლოდ დაახლოებით ასმა დასავლურმა ტანკმა ჩააღწია, რაც მართლაც საკმაოდ ცოტაა, მაგრამ ვიყოთ ობიექტურები: „ლეოპარდები“ და „ჩელენჯერები“, მართალია, მოძველებულია, მაგრად ბევრად უკეთესები არიან რუსულ საბჭოურ, თუნდაც მოდერნიზებულ ტანკებთან შედარებით. უკრაინის არმიის საკმაოდ ბევრმა ქვედანაყოფმა წრთვნა ნატოს ქვეყნებში გაიარა – დაისვენა, ჩაიცვა, ისწავლა და იარაღი მიიღო. კიევმა სპეციალურად დააკომპლექტა დასავლური ტანკებით ერთი ბრიგადა და ფრონტის ხაზზე რუსული თავდაცვითი ზღუდეების გასარღვევად გაუშვა, მაგრამ სამწუხაროდ, უმნიშვნელო შედეგით. ესე იგი, რა გამოდის? ან ექსპერტები ლაპარაკობენ ტყუილს, ან ტანკები ომში გადამწყვეტ როლს აღარ ასრულებენ? ან სულაც უკრაინელებმა არ იციან შეტევის სწორად დაგეგმვა?
რასაკვირველია, შეცდომების აღიარება არავის არ სიამოვნებს – დასავლელი იქნება თუ უკრაინელი. ისინი ერთმანეთს აბრალებენ წარუმატებლობას. ზოგიერთი პოლიტიკოსის თქმით, დასავლური ტექნიკა რომ დასავლელი ჯარისკაცების ხელში ყოფილიყო, ისინი მას უფრო უკეთესად მოიხმარდნენ და მეტ წარმატებას მიაღწევდნენ. მაგრამ რას იზამს დასავლელი ტანკისტი, როცა მისი ტანკი დანაღმულ ველს და მრავალჯერად გამაგრებულ ზღუდეებს მიადგება?
ისტორიულად ცნობილია, თუ როგორ „გაარღვია“ გერმანელმა გენერალმა ჰაინც გუდერიანმა ფრანგული „მაჟინოს ხაზი“ 1940 წელს, რომელიც, შეიძლება ითქვას, დღევანდელი გაგებითაც კი, ძალიან იყო გამაგრებული. გუდერიანმა მას, უბრალოდ, გვერდი აუქცია და საფრანგეთში ლუქსემბურგისა და ბელგიის გავლით შეიჭრა. უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ გამაგრებული ხაზი ყველგან ერთნაირი არ იქნება, მას აქვს სუსტი ადგილებიც. რუსების „სუროვიკინის ხაზსაც“, ალბათ თავისი სუსტი ადგილები ექნებოდა.
უკრაინის ჯარს ავიაციის მხარდაჭერა არ ჰქონდაო, ცდილობენ თავის მართლებას ზოგიერთები. არც რუსეთი არ იყენებს აქტიურად ტრადიციულ ავიაციას ფრონტის ხაზზე – ბომბდამშენებს, გამანადგურებლებს, შემტევ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს… რუსები უფრო მეტად სარაკეტო სისტემებითა და დრონებით სარგებლობენ, რაც უკრაინელებსაც საკმაოდ აქვთ..
რუსებმა უკეთესად გაიაზრეს უკრაინის შეტევის მიმართულება – ზაპოროჟიედან მელიტოპოლისკენ და შემდეგ ბერდიანსკის ნავსადგურისაკენ, აზოვის ზღვის ნაპირზე, სახმელეთო დერეფნის გადაჭრის მიზნით. მათ სწორად ააგეს თავდაცვის ზღუდეები. თვით ჰაინც გუდერიანსაც კი გაუჭირდებოდა მათი გადალახვა. შესაბამისად, უკრაინელებს შეეძლოთ, ზაპოროჟიეს ნაცვლად, დონეცკის მიმართულებით შეტევა და აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლა, ანუ „სუროვიკინის ხაზის“ გვერდის ავლა (ანუ როგორც გერმანელმა გენერალმა გააკეთა).
რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი, დასავლეთის ბრალიც არის. იმიტომ, რომ ჩვენ ვუკრძალავთ უკრაინას საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს – საზღვარი გადალახოს და ოფიციალური საჯარისო ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე შეიყვანოს. გარდა ამისა, ჩვენ ვაჭიანურებდით (და ახლაც ვაჭიანურებთ) უკრაინისათვის იარაღის მიწოდების ვადებს…
შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის წარუმატებლობაში ჩვენი წვლილიც არის შეტანილი. ჩვენ მათ ხელ-ფეხი შევუკარით და ისე ვაძალებდით ბრძოლას. გასაკვირია, რომ ასეთ პირობებში მათ რაღაცას მაინც მიაღწიეს. (…)
ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: ზამთრის პერიოდში არავითარი კონტრშეტევა არ იქნება. ასევე სრულიად ნათელია, რომ თუ რაღაც კარდინალური არ მოხდება, მომავალი წელი უფრო მეტად პოზიციური ბრძოლების წელი იქნება. არის თუ არა ნამდვილად ჩიხში შესული ომი, როგორც ეს გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა? სხვათა შორის, ბევრი ამ აღიარებას საბაბად იყენებს, რომ უკრაინას დახმარება შეუმცირდეს.
მაგრამ დახმარების შემცირება დიდი შეცდომა იქნებოდა, თუნდაც ამ ქვეყნის პერსპექტივა გაურკვეველი იყოს. თუ ჩვენ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოდნავ მაინც გვადარდებს, კიევს იარაღი აუცილებლად უნდა მივცეთ. ეს იქნება ჩვენი იარაღის ყველაზე საუკეთესო მიზანმიმართული ხარჯვა, რაც კი ოდესმე ნატოს გაუკეთებია. (…)
სანამ უკრაინელები იბრძვიან, ვლადიმერ პუტინის მხრიდან სხვა ქვეყნების მიმართ საფრთხე შემცირებული იქნება. დღეს დასავლეთის ქვეყნები თავიანთი ბიუჯეტების მხოლოდ მცირე ნაწილს ხარჯავენ უკრაინის დასახმარებლად და ამით თავიდან იცილებენ რუსულ საფრთხეს. წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, როცა კრემლი უკრაინას დაამარცხებს და მთელ თავის აგრესიას ჩვენსკენ მომართავს… ამიტომ სიგიჟე იქნებოდა უკრაინისათვის დახმარების შეჩერება. სანამ უკრაინა ბრძოლის სურვილს ამჟღავნებს, მას უნდა დავეხმაროთ, ჩვენსავე სასარგებლოდ.