“უკრაინის კონფლიქტი, ყარაბაღი, საქართველო: ძალთა ცვალებადი ბალანსი კავკასიაში”-უცხოური პრესა
უკანასკნელ ხანს კავკასიაში ძალთა ბალანსი შეიცვალა, რასაც ხელი შეუწყო ჯერ მთიანი ყარაბაღის, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილმა კავშირებმა თავიანთი მნიშვნელობა უკვე დაკარგეს, რეგიონის სახელმწიფოებმა უფრო მეტი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობას და საგარე პოლიტიკურ მრავალ ვექტორიანობას მიაქციეს, – ნათქვამია თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ (Anadolu Ajansı) მიერ გავრცელებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის კონფლიქტი, ყარაბაღი, საქართველო: ძალთა ცვალებადი ბალანსი კავკასიაში“ (ავტორი – ილიას ქემალოღლუ, პროფესორი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ბოლო წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. . უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომი, აზერბაიჯანის მიერ თავისი ტერიტორიის გათავისუფლება სომხეთის ოკუპაციისაგან და კავშირების გაფართოება თურქულ რესპუბლიკებს შორის, ასევე მოლდოვასა და საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომლის შედეგად ორივე სახელმწიფო რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების არენა გახდა – ისეთი, როგორიც 25 წლის წინათ იყო, 21-ე საუკუნის დასაწყისში.
მიუხედავად იმისა, რომ სსრ კავშირიდან 33 წელი გავიდა, კავკასიაში კვლავ ომები და კონფლიქტები გრძელდება. ამგვარი სიტუაციის უმნიშვნელოვანესი მიზეზი გამოიხატება იმაში, რომ სანამ საბჭოთა კავშირი იშლებოდა, იმ რესპუბლიკებმა, რომლებიც მასში შედიოდნენ, არ (ვერ) მოახერხეს ერთმანეთს შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტა, ან გადადეს მათი მოგვარება და ყოველი მათგანი საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად შესაფერის მომენტს ელოდებოდა.
ალიანსები საბჭოური ალიანსის შემდეგ
კავკასია თავისი არსებობის ისტორიაში მუდამ იზიდავდა მსოფლიო და რეგიონული სახელმწიფოების ყურადღებას, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რეგიონად გადაიქცა. ამ არასტაბილურობის ძირითადი მიზეზი იყო სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპირება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულში დაიწყო. სომხეთის ასეთი პოლიტიკა ფაქტობრივად განაპირობებდა ძალთა ბალანსს მომდევნო 1990-იან წლებში. ერევანი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის საკითხში მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთზე. ამ დუეტში ჩაერთო ირანიც, რომელსაც მუდმივად აინტერესებდა სამხრეთი კავკასია და იმავდროულად სხვადასხვა პრობლემები ჰქონდა აზერბაიჯანის მიმართ. ეს სამ ქვეყნიანი ალიანსი ემსახურებოდა როგორც საერთო ინტერესების განმტკიცებას, ასევე ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
რუსეთ-სომხეთ-ირანის კავშირს ეწინააღმდეგებოდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი, რომლებიც ურთიერთობას ავითარებდნენ პრინციპით „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“, აგრეთვე საქართველო, რომელსაც იმ მომენტში პრობლემები ჰქონდა როგორც რუსეთთან, ასევე სომხეთთან. ამ პოლიტიკური განტოლების შესაბამისად, აზერბაიჯანმა და თურქეთმა დიდი ხნის განმავლობაში შეაჩერეს ურთიერთობა სომხეთთან, ხოლო თავის მხრივ, საქართველომაც, რუსეთთან 2008 წელს მომხდარი ხუთდღიანი ომის შემდეგ, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმის გამო, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა, თბილის-მოსკოვის ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე უარეს სიტუაციაში აღმოჩნდა. უეჭველია, რეგიონში კიდევ არსებობს სხვა უამრავი პრობლემა, რომლებიც ხელს უშლიან ადგილობრივი ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრირებას.
ყარაბაღისადა უკრაინის ომის გავლენა კავკასიაზე
შექმნილი სიტუაცია, ალიანსები და ძალთა ბალანსი, რომლებიც ზემოთ იქნა ნაჩვენები, მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და არ იყო მოსალოდნელი, რომ ახლო მომავალში რეგიონის კონიუნქტურა შეიცვლებოდა, თუმცა 2020 წელს აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებამ და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ კავკასიური პოლიტიკური ლანდშაფტი მთლიანად შეცვალა.
ყარაბაღის ომმა, ერთი მხრივ, აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა გაეთავისუფლებინა ოკუპირებული მიწები, მეორე მხრივ კი – განამტკიცა ურთიერთობა თურქულ რესპუბლიკებს შორის (თურქეთის მატერიალური და მორალური მხარდაჭერის სახით). ყარაბაღის ომმა ასევე განამტკიცა ილჰამ ალიევის ხელისუფლებაც. სომხეთში შეცვლილმა საშინაო პოლიტიკურმა სიტუაციამ (ხელისუფლებაში პროდასავლური ოპოზიციის მოსვლამ) საგარეო პოლიტიკაზეც იმოქმედა – ერევანმა ორიენტირად პარიზი აირჩია. შესაბამისად, ბაქომ მეტი ყურადღება დაუთმო მოსკოვთან ურთიერთობას, რომელმაც, თავის მხრივ, სომხეთთან ურთიერთობის გაცივებისა და უკრაინასთან ომის გამო, თეირანთან კავშირებში ბაქო ერთგვარ „ხიდად“ აირჩია სახმელეთო კავშირებში (ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტში).
ქართული პოლიტიკის კორექტირება
კავკასიის კიდევ ერთ სახელმწიფოს, რომელმაც თავისი საგარეო პოლიტიკის გადახედვა დაიწყო, საქართველო წარმოადგენს. ერთი შეხედვით, ყარაბაღის გათავისუფლებამ და სომხეთის პოლიტიკამ აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის საქართველოს მნიშვნელობა თითქოსდა შეამცირეს, მაგრამ სინამდვილეში თბილისმა რეალური სარგებელი ნახა ანკარასთან და ბაქოსთან თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავისი მიწისქვეშა ენერგეტიკული სიმდიდრე არ აქვს, თბილისმა მაქსიმალურად მიიღო მონაწილეობა ყველა ტრანსკავკასიურ ენერგეტიკულ-სატრანსპორტო პროექტებში, თავისი მომგებიანი მდებარეობის გამო. სწორედ ეს პროექტები უწყობენ ხელს, რომ საქართველომ “იტივტივოს”.
ამასთან, საქართველომ დარტყმა მიიღო დასავლეთისაგან, რომელიც იმით გამოიხატა, რომ თბილისმა ვერ შეძლო ვერანაირი პროგრესის მიღწევა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში. უეჭველია, არც ნატოს და არც ევროკავშირს არ სურს თავიანთ რიგებში მიიღონ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც პრობლემები აქვს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, რომელსაც არ აქვს მოგვარებულ-გადაწყვეტილი თავისი სახელმწიფო საზღვრები და ა.შ. რასაკვირველია, საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს კიდევ სხვა ბევრი დაბრკოლება აქვს, ისევე როგორც თურქეთის ევროინტეგრაციის პროცესს.
საქართველომ დასკვნები გამოიტანა რუსეთ-უკრაინის ომისაგან, რომელმაც თბილისისათვის ერთგვარი გაკვეთილის როლი შეასრულა. სავარაუდოდ, თბილისს კითხვა უჩნდება: რატომ არ დაეხმარა დასავლეთი საქართველოს 2008 წელს ისევე, როგორც ახლა უკრაინას ეხმარება? ალბათ, სწორედ ამიტომაც, საქართველომ დასავლეთისაკენ, კერძოდ კი ევროკავშირისაკენ ინტეგრაციული სწრაფვა გარკვეულწილად შეანელა და თანდათანობით აღრმავებს რუსეთთან კავშირებს, პრაგმატული მიდგომით, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში.
საქართველოს არ ჰყავს ისეთი მფარველი, როგორიც აზერბაიჯანს ჰყავს თურქეთის სახით და რომელიც მას მძიმე წუთებში დახმარებას გაუწევს და გვერდში ამოუდგება. საქართველოს არ ჰყავს ისეთი მდიდარი და ძლიერი მხარდამჭერი, როგორიც ევროკავშირია უკრაინისათვის. ეს გარემოებები თბილისისაგან გარკვეული სპეციფიკური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს – სტრატეგიის კორექტირებას და უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას.
მოამზადა სიმონ კილაძემ