1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია” – ილია დარჩიაშვილი
“უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია” – ილია დარჩიაშვილი

“უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია” – ილია დარჩიაშვილი

299
0

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, როგორც აქამდე იყო. აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. ჩვენ მიმართ ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული.

„გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ ტრადიციულად აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის და ქვეყნის მისამართით. ჩვენ აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ჩვენ ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, რომელიც გახდა განმაპირობებელი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების, ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებებს. შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, როგორც მოვისმინეთ, გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ ამ საკითხით.

შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის, უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი დამოკიდებულება, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორის მისამართით და ამას გავაგრძელებთ. ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ, ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.