“უკრაინის დამარცხება ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს წინაშე სახეს დაკარგავს” – კუჩმა
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა აცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს თვალში სახეს დაკარგავს, თუ კიევს მიატოვებს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა “არარეალურს” უწოდებს მოსაზრებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავა.
ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინს არ შეუძლია, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ მან ვერ მიიღო ის, რაც სურდა. მას მოუწევს ამის ახსნა რუსი ხალხისთვის. ის რუსეთის ლიდერია“, – განაცხადა კუჩმამ.
უკრაინის ექსპრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები „მსოფლიოს წინაშე სახეს დაკარგავს“, თუ უარს იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე.
მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე პუტინი ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს.
„ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ბაიდენი შეძლებს კანონის გატანას. შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ავღანეთი. უკრაინის დამარცხება ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს წინაშე სახეს დაკარგავს“, – განაცხადა კუჩმამ.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას ომში გამარჯვება იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სოლიდარობა იკლებს, ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა: „მე მჯერა გამარჯვების. სხვანაირად არსებობა არ შემიძლია.”
რაც შეეხება პუტინის შეჭრას, კუჩმას თქმით, ამას წინ დასავლეთის შეცდომები უძღოდა, რომელიც სუსტად რეაგირებდა მოსკოვის „რევიზიონისტული ამბიციები“ ნიშნებზე.
კუჩმას თქმით, პუტინმა ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ ძალის გამოყენებით აპირებს რუსეთის საზღვრების გაფართოებას, როდესაც 2008 წელს გააგზავნა ჯარი მეზობელ საქართველოში, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია.
”ძალიან არასასიამოვნო იყო, რომ მსოფლიომ რეაგირება არ მოახდინა. სიჩუმე იყო. პუტინს ეგონა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რადგან პრინციპული პასუხი არ იყო“, – განაცხადა კუჩმამ.