
“უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ პარიზულმა სამიტმა დაადასტურა, რომ აშშ-სა და ევროპას ერთმანეთისაგან უთანხმოების ოკეანე აშორებთ”-The Independent
ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) 30 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ პარიზულმა სამიტმა დაადასტურა, რომ აშშ-სა და ევროპას ერთმანეთისაგან უთანხმოების ოკეანე აშორებთ“, რომლის ავტორია მერი დეჟევსკი, ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი. „სრულიად აშკარაა, რომ აშშ-ისა და ევროპის ურთიერთდამოკიდებულებაში კრიზისი დაიწყო, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ სხვადასხვა პოზიციით არის განპირობებული“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ძალიან ეცადნენ კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი მიეჩქმალათ გასულ კვირას პარიზში გამართულ სამიტზე მომხდარი ფაქტი, მაგრამ არ გამოუვიდათ: აშკარაა, რომ სამიტი უკრაინისადმი სოლიდარობის კი არა, ტრანსატლანტიკური უთანხმოების სიმბოლო გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი სამიტზე თანათავმჯომარეობდნენ, სამიტის შემდეგ პრეს-კონფერენციები მათ ცალ-ცალკე ჩაატარეს. როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა ეს უკვე მეოთხე შეხვედრაა, რომელზეც განიხილება საკითხი ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ (ბრიტანული ვერსიით) თუ „დამამშვიდებელი ძალების“ (ფრანგული დ გერმანული ვერსიით) შექმნის თაობაზე. ამჯერად ბრიტანელი და ფრანგი ლიდერები შეეცადნენ, რომ აშშ-სგან თავი შორს დაეჭირათ და თეთრი სახლის უკრაინულ ძალისხმევაში არ ჩარეულიყვნენ.
გარეგნულად ისე ჩანდა, რომ ორივეს პოზიტიური განწყობა ჰქონდათ დონალდ ტრამპის მიმართ. მაგრამ მათი შემხედვარე, შთაბეჭდილება ისეთი იყო, რომ ორივე ელოდებოდა აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევის ჩაშლას და ამიტომ სხვა სტრატეგია ჰქონდათ შემუშავებული – მათ შორის, ომის გაგრძელებას და სანქციური ზეწოლის გაძლიერებას რუსეთზე, რომელიც იძულებული გახდებოდა უკრაინის პირობები მიეღო. სრულიად ნათელი გახდა რომ დასავლეთის ქვეყნების ალიანსი ნამდვილად არის ისეთ კრიზისში, რომელიც მათთვის გადაულახავი შეიძლება აღმოჩნდეს. ერთი მხრივ – ჩვენს წინაშეა ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის ლიდერობით, რომლის ადმინისტრაცია – და რა თქმა უნდა, მისი საკვანძო თანამდებობის პირები – ევროპისადმი ზიზღის გამოვლენის გარდა სხვას არაფერს გვაჩვენებენ. ამის ბოლო ნათელი დადასტურებაა დონალდ ტრამპის გარემოცვის სკანდალური მიმოწერა Signal-ით (ინფორმაციის სწრაფი გაცვლა-გამოცვლის მესენჯერით) საუბრის დროს, რომლის დროსაც ისინი ევროპელებს „საცოდავებს“, „სხვისი ხელის შემყურეებს“, „ნასუფრალის მჭამელებს“ უწოდებენ და რომლებიც არ იმსახურებენ იმას, რომ მათ ვინმემ დახმარების ხელი გაუწოდოს.
მანამდე კი, როგორც ყველამ დაინახა, ამერიკის ადმინისტრაციამ ოვალურ კაბინეტში საჯაროდ „გაწკეპლა“ ევროპული ქვეყნის – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უფრო ადრე კი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხისტი ანტიევროპული სიტყვით გამოვიდა, თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა კი განაცხადა, რომ ევროპა აშშ-სათვის მეორეხარისხოვანი გახდა.
აშშ დღეს, ევროპელების ნაცვლად, რუსებს ელოლიავებიან: დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, ბოლო დროს, როგორც მინიმუმი, ორი ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გაიმართა, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური დესპანის სტივ უიტკოფის ვიზიტი მოსკოვში. რუსული ვოიაჟის შემდეგ მან ფართო ინტერვიუ მისცა თაკერ კარლსონს, რომელშიც აგდებულად და დამცინავად ილაპარაკა ბრიტანეთისა და საფრანგეთის გეგმებზე უკრაინისადმი მხარდაჭერის მიმართ: „მათ ქცევაში პოზიორობა და პროვოკატორობაა შეთავსებული“, მათ უინსტონ ჩერჩილის კომპლექსი ახასიათებთ. მეორე მხრივ, ჩვენს წინაშეა ევროპა, რომელიც ასევე კრიზისშია. ამას წინათ პარიზში სამიტი ჩატარდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის წითელი ფარდაგი გაუფინეს უკრაინის დროშის ფერებით, ხოლო ემანუელ მაკრონი მას მეტი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ხარჯების გაზრდაზე ლაპარაკობდა, ხოლო კირ სტატრმერმა რუსები არასერიოზულ ქცევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ თამაშობენ და არავითარი მშვიდობა არ სურთ.
ვაშინგტონი აღიარებს არასასიამოვნო სიმართლეს, რომ კიევმა ომი, ფაქტობრივად, წააგო და თვლის, რომ ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინის დანაკარგების შემცირება – როგორც ეკონომიკის ნგრევის, ასევე ცოცხალი ძალის დაღუპვა-დასახიჩრების თვალსაზრისით. მაგრამ რეალობა ისაა, რომ უკრაინის ბედი არ განსაზღვრავს აშშ-ის ბედს, რომელიც ევროპისაგან შორს, ოკეანის იქით მდებარეობს და თავის მთავარ საფრთხედ ჩინეთს თვლის. ევროპის ბედზე კი უკრაინის ბედი პირდაპირ გავლენას მოახდენს.
ევროპაში გაბატონებულია აზრი, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომით არანაირი სარგებელი არ უნდა მიიღოს, კრემლი უნდა დაისაჯოს, ხოლო უკრაინამ სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს. ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ უკრაინის ბედი ევროპას უფრო აღელვებს, ვიდრე შეერთებულ შტატებს. ვაშინგტონის აგდებული დამოკიდებულება ევროპელებისადმი განპირობებულია ღრმა ისტორიული ფესვებით და ამიტომ ეს პარიზისა და ლონდონისათვის შოკისმომგვრელი არ უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპის ხედვები უფრო მეტად „ნახევარსფერულია“, ვიდრე „იზოლაციონისტური“. ევროპის ქვეყნების ვერ ახერხებენ ხოლმე არამარტო აშშ-სტან მოლაპარაკებას, არამედ ერთმანეთთანაც, როცა საქმე სამხედრო ოპერაციების დაწყებას ეხება. გავიხსენოთ, რომ საფრანგეთი ერაყში შეჭრის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რაც სერიოზულ უთანხმოებას იწვევდა ვაშინგტონთან და ლონდონთან. ბერლინს შედარებით უფრო შემრიგებლური პოზიცია ჰქონდა..
მაგრამ უკრაინის ომი სხვებისაგან იმით განსხვავდება, რომ აშშ-მა დემონსტრაციულად უარი განაცხადა ევროპის პოზიციის მხარდაჭერაზე. თეთრი სახლი საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ცდილობს და სურს აღადგინოს ის, რასაც „დიდი სახელმწიფოების ურთიერთობა“ ჰქვია – სწორედ ისინი წყვეტდნენ ოდესღაც მსოფლიოს ბედს. და თუ ვაშინგტონის ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმატებით არ დასრულდება, მაშინ მისთვის პრიორიტეტული გახდება სწორედ „დიდი ორიანის“ ერთმანეთთან ურთიერთობა. ერვოპა, რომელსაც აშშ თავის „უკანა ეზოდ“ თვლის, იძულებული გახდება თვითონ დაიწყოს დამოუკიდებლად ამ პრობლემის მოგვარება. სირთულე გამოიხატება იმით, რომ აშშ-ის მკვეთრი შებრუნება რუსეთისაკენ ძალიან ნაადრევად და ძალზე სწრაფად მოხდა. ევროპამ ვერ მოასწრო ძლიერი თავდაცვითი პოტენციალის შექმნა. ამერიკასაც და ევროპასაც შეუძლიათ უკრაინა ბედის ანაბარად მიატოვონ. აშშ-სა და ევროპას შორის მზარდი უთანხმოება მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკის ჯარების 80-წლიანი ყოფნა ევროპაში თავის დასასრულს უახლოვდება. ასეთი პერსპექტივა – დიახ, ეს ჯერ კიდევ პერსპექტივაა და არა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება – უკვე იწვევს შეშფოთებას ნატოს წევრი ქვეყნების რამდენიმე თაობაში – დამფუძნებლებში და მოგვიანებით გაწევრიანებულებში – რომლებისთვისაც ალიანსი არა უბრალოდ მოცემულობა იყო, არამედ გარანტია იმისა, რომ ისინი (და მათი ხედვები მსოფლიოს მიმართ) ისტორიის სწორ მხარეზე იმყოფებიან. როგორც ჩანს, ეს ეპოქა მთავრდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ