1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „უკრაინის და ისრაელის დახმარებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ცალ-ცალკე განიხილავს“ – Reuters
„უკრაინის და ისრაელის დახმარებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ცალ-ცალკე განიხილავს“ – Reuters

„უკრაინის და ისრაელის დახმარებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ცალ-ცალკე განიხილავს“ – Reuters

715
0

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა სტრუქტურა – წარმომადგენელთა პალატა ისრაელისა და უკრაინის დახმარებას ამ კვირაში ცალ-ცალკე კანონპროექტად განიხილავს. ეს განცხადება პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 16 აპრილს გააკეთა“, – ნათქვამია ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) მიერ გავრცელებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის და ისრაელის დახმარებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ცალ-ცალკე განიხილავს“ (ავტორები – პატრიცია ზენგერლე, რიჩარდ კოენი და დევიდ მორგანი).

პუბლიკაციაში ვკითხულობთ:

როგორც ცნობილია, დემოკრატებით კონტროლირებულმა სენატმა, $95-მილიარდიანი საბიუჯეტო კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით, ორ თვეზე მეტი ხნის წინ დაამტკიცა. პალატა ამ დრომდე აჭიანურებდა მის განხილვას და სანაცვლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, განსაკუთრებით საიმიგრაციო პოლიტიკის კუთხით, ცვლილებებს ითხოვდა. რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებასთან ერთად, სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში გათვალისწინებული იყო ისრაელის მხარდაჭერა და ტაივანში ამერიკული შეიარაღების გაგზავნის დაფინანსება.

გამოვიდა რა პალატის რესპუბლიკელებთან გამართული შეხვედრიდან, მაიკ ჯონსონმა ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადება გააკეთა: ”ვიცით, რომ მსოფლიო შემოგვყურებს იმის შესატყობად, თუ რა რეაგირება გვექნება… ისინი აკვირდებიან, დადგება თუ არა ამერიკა მთელ მსოფლიოში თავისი მოკავშირეების გვერდით და ჩვენი ინტერესების მხარდასაჭერად”.

მაიკ ჯონსონის თქმით, პალატის ახალი კანონპროექტები ამ ქვეყნებისთვის დაახლოებით იგივე რაოდენობის უცხოურ დახმარებას ითვალისწინებს, როგორიც სენატის კანონპროექტშია მითითებული. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ აქედან გარკვეული დახმარება სესხის სახით გაიცემა.

საკანონმდებლო პროექტის გამოქვეყნება ხუთშაბათს, 18 აპრილს იგეგმება. კენჭისყრაზე ის სავარაუდოდ, 72-საათიანი განხილვის შემდეგ დადგება. მაიკ ჯონსონის ვარაუდით, კანონპროექტი შესაძლოა პარასკევს გვიან ღამით დამტკიცდეს. საუბარია 4 საკანონმდებლო პროექტზე, რომელთა შორის სახელდება უკრაინის, ისრაელის და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის კანონპროექტები. მეოთხეს რაობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

რესპუბლიკელი კანონმდებლები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის დახმარებას, იმედგაცრუებულნი არიან კანონპროექტის განხილვის გაჭიანურების გამო. ამის მიზეზია ის, რომ რუსეთთან შედარებით, უკრაინის არმიის რესურსები ძალზე მწირია და კიევის თავდაცვა, განსაკუთრებით უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები, უფრო და უფრო მეტადაა დამოკიდებული ამერიკის მხრიდან საბრძოლო მასალით დახმარებაზე.

გასულ კვირას, უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტროსადგური განადგურდა და რამდენიმე მნიშვნელოვნად დაზიანდა, მოსკოვის მიერ სარაკეტო და დრონებით მიტანილი მასიური თავდასხმის შედეგად.

პარალელურად, იზრდება ულტრაკონსერვატორ რესპუბლიკელთა რიცხვი, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან მაიკ ჯონსონს. ზოგიერთი მათგანი სპიკერის გადაყენებაზეც კი საუბრობს. ისინი ითხოვენ, რომ პალატის სპიკერმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტი, მათი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, კენჭისყრაზე არც კი დააყენოს. რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიმდინარე კონსულტაციებით, კონსერვატორ რესპუბლიკელთა მოთხოვნებს შორის არის უკრაინის დახმარების ნაწილის ვალად რესტრუქტურირება და მექსიკასთან, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, პოლიტიკის შეცვლა.

წყარო