უკრაინას აქვს შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოს ომში, თუ ჩვენ საჭირო რესურსებს მივაწვდით -ჯეიკ სალივანი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინამ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი, რომელიც ქვეყნის დამორჩილება იყო, მაგრამ აშშ უფრო მეტად უნდა დაეხმაროს უკრაინას. ამის შესახებ სალივანმა NBC-ის ეთერში განაცხადა.
„თუ ჩვენ მივაწვდით საჭირო რესურსებს, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოს ამ ომში. და ეს ჩვენზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზეა დამოკიდებული, რომ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულბებები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კონგრესის მოქმედება“,-ამბობს სალივანი.
მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს, რისთვისაც მას საჭირო იარაღი სჭირდება.
„უკრაინას შეუძლია, უფრო შორს წავიდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, რათა უზრუნველყოს რუსეთის მარცხი და უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება. მაგრამ მას შეუძლია ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს საჭირო იარაღი“,-თქვა სალივანმა.
როგორც ის აცხადებს, აშშ-მა სწორედ ამიტომ უნდა მიაწოდოს დახმარების პაკეტი უკრაინას, რომელიც სენატში ორპარტიული კენჭისყრის შედეგად მიიღეს. ხოლო, პალატამ უნდა დააჩქაროს და მიიღოს ეს კანონპროექტი.