უკრაინამ შავ ზღვაში სამოქალაქო ხომალდებისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ განაცხადა
უკრაინამ შავ ზღვაში სამოქალაქო ხომალდებისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებმა გაავრცელა.
„გამოცხადებულია ახალი დროებითი მარშრუტები სამოქალაქო ხომალდებისთვის, რომლებიც უკრაინის შავი ზღვის პორტებისკენ ან პორტებიდან გადაადგილდებიან. ამასთან ერთად, ყველა მარშრუტზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი სამხედრო და ნაღმების საფრთხეები შენარჩუნებულია“, – განაცხადეს უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურებმა.
როგორც იუწყებიან, უკრაინის ხელისუფლებამ შავ ზღვაში სამოქალაქო ხომალდების გადაადგილების მარშრუტი „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან“ შეათანხმა, რომელიც აღიარებს უკრაინის უფლებას, თავისუფალი სავაჭრო ნაოსნობა განახორციელოს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო კონვენციები და არ დაემუქროს სავაჭრო ნაოსნობას შავ ზღვაში. როგორც ვარაუდობენ, სამოქალაქო ხომალდები ახალი მარშრუტების გამოყენებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. უპირველეს ყოვლისა, ამ დერეფნებით ისარგებლებენ ის გემები, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის შავი ზღვის პორტებში იმყოფებიან.
რუს სამხედროებს უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება დატოვა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ყველა ხომალდი, რომელიც შავ ზღვაში გადაადგილდება უკრაინული პორტებისკენ, განიხილება, როგორც პოტენციური იარაღის გადამზიდავი, ხოლო იმ ქვეყნებს, რომელთა დროშის ქვეშაც დაცურავენ გემები, მოსკოვი „კონფლიქტში ჩართულ მხარედ განიხილავს“.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევი შავი ზღვის აკვატორიაში მოძრავ ნებისმიერ გემებს, რომლებიც რუსული ან რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული პორტებისკენ გადაადგილდებიან, ასევე ჩათვლიან პოტენციურად შეიარაღების გადამზიდად, რასაც შესაბამისი რისკები მოჰყვება.