„უკრაინა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას” – რას წერს უცხოური პრესა
„რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან უკრაინა მილიონობით ქალმა და ბავშვმა დატოვა, რომელთაგან ბევრი ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში, დიდი ალბათობით, უკვე აღარ დაბრუნდება. კიევში შიშობენ, რომ სერიოზული დემოოგრაფიული დანაკარგები ქვეყნის აღდგენას ხელს შეუშლიან“, – ნათქვამია ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ომისშემდგომ აღდგენას“ (ავტორი – ქრისტიან სეგურა).
„ამჟამად, დეკემბერში, ის სამგზავრო მატარებლები, რომლებიც ევროკავშირიდან უკრაინის საზღვრებისაკენ მიემართებიან, სავსეა უკრაინელებით – სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნებულებით – იმ მიზნით, რომ საშობაო და საახალწლო დღესასწაულები ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად გაატარონ. მაგრამ მათი ერთად ყოფნა დიდხანს არ გასტანს – დღესასწაულების შემდეგ უკრაინელი ქალები და ბავშვები ევროკავშირის ისევ იმ ქვეყნებში დაბრუნდებიან, სადაც ომის დროს თავი შეაფარეს.
„ევროკავშირში მე უსაფრთხოება მაქვს გარანტირებული, ნორმალური ცხოვრების დონე, კარგი სწავლა-განათლება ჩემი ორი გოგონასათვის და მელოდება სამუშაო, სადაც შემიძლია კარიერა გავაკეთო. უკრაინაში რომ კარგად ვიცხოვრო, ბევრი ფული დამჭირდება – იმიტომ, რომ სიძვირეა, ფასები ყოველგვარ ზღვარს სცილდება, ხელფასები კი მცირეა“, – ამბობს „ელ პაისის“ ჟურნალისტთან საუბარში 35 წლის უკრაინელი ქალი ალიონა სოროკა. იგი კიევში მშობლებისა და ქმრის სანახავად ესპანეთიდან, კატალონიიდან ჩავიდა, სადაც 2022 წლის მარტიდან ცხოვრობს და მუშაობს სასტუმროს რეგისტრატორად.
ალიონას ქმარს უკრაინიდან წასვლა არ შეუძლია. ალიონას არ სჯერა, რომ სამომავლოდ ოდესმე ქმართან ერთად ესპანეთში გაემგზავრება, ან პირიქით – თვითონ დარჩება უკრაინაში, მაგრამ მას ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს. ალიონასათვის ესპანეთში ყოფნა – უკეთესი ცხოვრების შანსს ნიშნავს. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ უკრაინაში ცხოვრება არ სურს – ისევე როგორც მის ყველა თანამემამულეს, რომლებიც ესპანეთში ომის დაწყებისას გაიხიზნენ.
გაეროს ლტოლვილების საქმეთა უმაღლესი კომისრის სამმართველოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ქვეყანა 6,3 მილიონმა, ზოგიერთი ცნობით კი, 8 მილიონმა ადამიანმა დატოვა, უკან კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი მეექვსედი – 1,1, მილიონი დაბრუნდა. მათგან ნახევარზე მეტი ქალები არიან, ერთი მესამედი კი არასრულწლოვანები.
უმაღლესი კომისრის სამმართველოს მიერ ივლისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლტოლვილთა 18%-ს სურს, რომ უკრაინაში მომდევნო სამი თვის შემდეგ დაბრუნდეს, 62%-ს – განზრახული აქვს დაბრუნება, მაგრამ მხოლოდ ისეთ სიტუაციაში, როცა შექმნილი იქნება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობები. უკრაინელი ლტოლვილების 20% საერთოდ არ გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას.
კიევში არსებული დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ელა ლიბანოვა აცხადებს, რომ უკრაინას უახლოეს ათ წელიწადში დემოგრაფიული კატასტროფა ელოდება – ქვეყნის მოსახლეობა 2033 წლისათვის 30-35 მილიონამდე შემცირდება, თუ იმ ტერიტორიებსაც ჩავთვლით, რომლებიც ამჟამად ოკუპირებული არიან რუსეთის მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო მაჩვენებელი 30 მილიონს შეადგენს, ეს თიტქმის 42%-ით ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რომელიც უკრაინაში დამოუკიდებლობის პირველ პერიოდში იყო, 1991 წლიდან მოყოლებული, როცა ქვეყანაში 52 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. „ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება. იმაზე უფრო ცუდი, ვისაც ამის წარმოდგენა შეუძლია. უარესისთვის უნდა ვემზადოთ“, – აღნიშნავს ელა ლიბანოვა.
უკრაინა უკვე იყო ისეთი ქვეყანა, სადაც მიგრაციის მაღალი დონე იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – ისევე, როგორიც სხვა პოსტკომუნისტურ რესპუბლიკებში. მაგრამ თუ ევროპის პოსტსოციალისტურმა ქვეყნებმა მოახერხეს სიტუაციის შეცვლა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, უკრაინაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა, განსაკუთრებით პოლიტიკური რყევების პერიოდში, ხოლო რუსეთის აგრესიამ მდგომარეობა მაქსიმალურად გაამწვავა.
უკრაინელი ექსპერტების თქმით, არსებობს ხუთი პრობლემა, რომლებიც ომის გამო გაღრმავდა: შობადობის დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება, მოსახლეობის დაბერება, მიგრაცია და შრომის ბაზრის დანგრევა.
დღეს უკრაინაში მოსალოდნელი საშუალო ასაკი მამაკაცებში ადრე არსებული 66,4 წლიდან 57,3 წლამდე დაეცა, ქალებში კი – 76,4 წლიდან 70,9 წლამდე. როგორც ევროპული კვლევების პოლონური ცენტრი აღნიშნავს (პოლონეთში ძალიან ბევრი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს), უკრაინას მართლაც ელოდება დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხე, რომელიც განპირობებულია შობადობის დონის მკვეთრი დაცემით და ეკონომიკური გაურკვევლობით. ეს ფაქტორი ნეგატიურად იმოქმედებს ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენაზე.
ევროკომისიის გაერთიანებული კველევითი ცენტრის მონაცემებით, უკრაინა ომამდეც ისეთ ქვეყნებს მიეკუთვნებოდა სადაც ევროპაში შობადობის ყველაზე დაბალი დონე იყო: ერთ ქალზე, პირობითად, მხოლოდ საშუალოდ 1,2 ბავშვის გაჩენა მოდიოდა. ომის დროს შობადობა დაეცა: 2022 წლის ბოლოს ერთ ქალზე პირობითად 0,9 ბავშვი მოდიოდა, ხოლო 2023 წელს შობადობამ კიდევ უფრო იკლო – 0,7 ბავშვამდე. ევროკავშირში საშუალო მაჩვენებელი, პირობითად, ერთ ქალზე 1,5 ბავშვს შეადგენს.
უკრაინაში შობადობის ზრდას, ომის გარდა, დამატებით ხელს უშლის არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური არასტაბილურობა, არამედ გენდერული დისბალანსიც. ელა ლიბანოვას თქმით, ომის შემდეგ, თუ ეკონომიკა სწრაფად არ იქნება აღდგენილი, ოჯახების წევრები (ქმრები ცოლ-შვილთან) გაერთიანებას საზღვარგარეთ მოისურვებენ, რაც მას ნიშნავს, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს, ამჯერად მამაკაცები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, კარგი განათლებით, რომლებიც კარგ ცხოვრებას ესწრაფვიან.