უკრაინა 2025 წლის ბოლომდე ინტერნაციონალური ლეგიონების ლიკვიდაციას გეგმავს
უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა 2025 წლის ბოლოსთვის სახმელეთო სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი ინტერნაციონალური ლეგიონის ლიკვიდაციას გეგმავს. ინფორმაციას BBC-ის უკრაინული ბიურო ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის გეგმის მიხედვით, უცხოელი მებრძოლები ლეგიონების ლიკვიდაციის შემდეგ სამხედრო სამსახურს მოიერიშე დანაყოფებში განაგრძობენ. ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ლეგიონების ლიკვიდაცია ევოლუციური პროცესია, და რომ ლეგიონებმა საკუთარი როლი კონფლიქტში უკვე შეასრულეს.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ თავად ლეგიონებში უკმაყოფილება გამოიწვია. „არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მოიერიშე დანაყოფები დაკომპლექტებულია მსჯავრდებულებით, ადამიანებით, ვისაც ნასამართლობა აქვთ. ანუ, ერთი მხრივ, ჩვენ გვეყოლება შტრაფბატი, ხოლო მეორე მხრივ – უცხოელები”, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ უკრაინელ მებრძოლს.
ლეგიონების წევრები ამბობენ იმასაც, რომ მათი გაუქმების შემთხვევაში უკრაინულ ჯარში უცხოელების ნაკადი შემცირდება ან საერთოდ შეწყდება.
როგორც BBC-ის უკრაინული რედაქცია აღნიშნავს, ინტერნაციონალური ლეგიონები ფაქტობრივად ცალკე მყოფი სპეცდანიშნულების რაზმებია, რომლებიც ომის დაწყებიდან ჯერ ტერიტორიული თავდაცვის სტრუქტურაში შედიოდნენ, ხოლო შემდეგ სახმელეთო სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდნენ.
დღეის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ოთხი ინტერნაციონალური ლეგიონი შედის. თითოეულში ოთხასიდან ექვსას ჯარისკაცამდე ირიცხება. სამი ლეგიონი საბრძოლოა, ხოლო ერთი – სამწვრთნელო. ლეგიონები კომპლექტდება უცხოელებით, რომლებსაც ჯარში სამსახურის გამოცდილება აქვთ. ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან სამწლიან კონტრაქტს აფორმებენ და უკრაინელებისგან განსხვავებით ექვს თვეში მისი გაწყვეტა შეუძლიათ.