უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის დახმარების ფაქტზე“ გამოძიების დაწყება დაშინებისა და შევიწროვების ახალ ტალღაზე მიანიშნებს – თინა ხიდაშელი
„ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა, წამება, პატიმრობა საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად საკმარისი არ არის და გაბრაზებულ ადამიანებს ვერც ახალ-ახალი რეპრესიული კანონების მიღება აჩერებს – სწორედ ამიტომ რეპრესიების კიდევ უფრო მძიმე ფორმა შემოგვთავაზეს, რომლის საშუალებითაც ათეულობით ადამიანის უმძიმესი ბრალდებებით დაპატიმრების შესაძლებლობას ქმნიან, – ასე ეხმაურება პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი.
ხიდაშელის შეფასებით, პროკურატურის განცხადება „საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე“ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების თაობაზე მორიგ გამოძიებად ჩაითვლებოდა, რომ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული, აღვირახსნილი კამპანია „ჩანერგილი ჯაშუშების“ გამოსავლენად.
„პროკურატურის დღევანდელი განცხადება, კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია იმისა, თუ როგორ იყენებს ერთი პოლიტიკური პარტია მთლიან სამართალდამცავ სისტემას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ეს ნათლად მიანიშნებს დაშინებისა და შევიწროვების ახალი ტალღის დაწყებაზე. „ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა, წამება, პატიმრობა არ არის საკმარისი საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად, ვერც ე.წ. პარლამენტის მიერ ყოველდღიურად ახალ-ახალი რეპრესიული კანონების მიღება აჩერებს გაბრაზებულ ადამიანებს.
სწორედ ამიტომ, შემოგვთავაზეს რეპრესიების კიდევ უფრო მძიმე ფორმა, რომლის საშუალებითაც ათეულობით ადამიანის უმძიმესი ბრალდებებით დაპატიმრების შესაძლებლობას ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ აბსურდული ბრალდებების საფუძველი, დიქტატურის დამყარების პროცესში მყოფი რუსული ძალისგან არაფერია გამორიცხული, ვინაიდან სამშობლოს სიყვარულისთვის, რამდენიმე ათეული ჩვენი თანამებრძოლი უკვე იმყოფება საპატიმროებში.
პროკურატურის შეთითხნილი ბრალდებების არავის ეშინია!
ყველა მსგავი ქმედება, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ჩვენი ბრძოლის არა მხოლოდ სამართლიანობას, არამედ, აუცილებლობას, რომ არ დავკარგოთ სამშობლო და გასული საუკუნის ოციანი წლების 25 თებერვლის ტრაგედია კიდევ ერთხელ რომ არ დატრიალდეს საქართველოში“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, პროკურატურამ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პროკურატურის ცნობით, გამოძიება მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყეს.