
უახლოეს პერიოდში უფრო მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი „დიფ სთეითის“ მართული ევროკავშირისგან და არა მხოლოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაიძლიეროს პოზიციები-ზაზა შათირიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილმა დონალდ ტრამპის მიმართ, პარალელურად კი ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს საზოგადოებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის ფასადს მიღმა დამალული ინფორმაციის მიწოდება, რადგან სიმართლით აღჭურვილი მოქალაქე ძლიერი სახელმწიფოს საკვანძო რგოლია სიმშვიდის და სტაბილურობის ჯაჭვში, ხოლო პირიქით – დაბნეული და სიცრუით გაბრუებული ადამიანი უმთავრესი იარაღია „დიფ სთეითის“ ხელში, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.
შათირიშვილის თქმით, „ოლიგარქიული ოჯახები, მათივე ხელწერის თანახმად, სწორედ საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირებენ მათ მიერ არაკონტროლირებად, არასასურველ მთავრობებს, ხალხის ხელითვე ამხობენ მათ და შემდეგ ამ ყველაფერს რევოლუციებად, „დემოკრატიის“ გამარჯვებად ასაღებენ“.
„მათთვის სასურველ, თითქოსდა ხალხის არჩეულ მთავრობას როდესაც მოიყვანენ, რა თქმა უნდა, იგი არა ხალხს, არამედ „დიფ სთეითს“ ემსახურება. სწორედ ესაა სახელმწიფოების დაპყრობის უახლესი მეთოდი, რომელიც რამდენიმე ოლიგარქიულმა ოჯახმა შეიმუშავა (თუ ვინ არიან ოჯახები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ). დაპყრობის ეს ახალი, უნივერსალური იარაღი შემდეგში მდგომარეობს: ხალხმა არ იცის, რომ დაპრყობილია. მონოპოლიზებული მედიის, მოქრთამული და ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში, „დიფ სთეითს“ ამგვარი ქმედება არ უჭირს და ერთ მარიონეტს მეორეთი მარტივად ანაცვლებს. რეალურად კი არაფერი იცვლება. ამის საუკეთესო მაგალითია დიდი ბრიტანეთი, სადაც ბოლო წლებში ოთხჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი: ბორის ჯონსონი, ლიზ ტრასი, რიში სუნაკი და კირ სტარმერი – ერთი შეხედვით, ოთხი განსხვავებული პოლიტიკოსი, თუმცა კი, ყველა მათგანი „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი. ბრიტანეთის მსგავს, სუვერენიტეტდაკარგულ ქვეყნებში, როგორებიც ევროკავშირში 90%-ს წარმოადგენენ, არსებულ ვითარებას მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს დოსტოევსკის ცნობილი ციტატა: „საუკეთესო გზა, რათა პატიმარს გაქცევა არასოდეს მოუნდეს – მან არ უნდა იფიქროს, რომ ციხეშია“. „დიფ სთეითს“ სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარი გეგმების შესრულებაში ეხმარება პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ აგენტურას სრულიად დამსახურებულად ვუწოდებთ, თუმცა, ამ პროცესებში, აგენტების გარდა, მონაწილეობს მასა, რომელიც „სასარგებლო იდიოტებისგან“ შედგება. დღეს, რუსთაველზე მდგარი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინონ, ამის ნათელი მაგალითია. საბედნიეროდ, სასარგებლო იდიოტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდწილად დაკავშირებულია ქართველი ხალხის სიბრძნესთან, თუმცა, ასევე აღსანიშნავია ხელისუფლების მუდმივი მუშაობა, აქტიურობა, რათა საზოგადოება ფხიზლად იყოს, ეს პროცესი კი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამძაფრდა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან „დიფ სთეითის“ და ფონდების, USAID-ისა და NED-ის მწვავე კრიტიკა. მარტო ბოლო ერთ კვირაში: პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაქვეყნა სტატია „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შვიდი თვე“, სადაც აღნიშნავს, რომ აშშ-სთვის სახელმწიფოებრივი ინტერესია მისი დამარცხება. მარკო რუბიომ USAID-ს კიდევ ერთხელ უწოდა ანტიამერიკული, რევოლუციების დამფინანსებელი კორუფციული ფონდი, ხოლო ჯეი დი ვენსმა NED-ზე განაცხადა, რომ „გზას აცდენილი“ ორგანიზაციის დახურვა ამერიკელ ხალხს დაუბრუნებს კონტროლს მათ გადასახადებზე. მაშინ, როდესაც აშშ-ში ასე ღიად ამხელენ და აკრიტიკებენ კორუმპირებულ NGO ორგანიზაციებს, ნახეთ, როგორი კონტრასტია ევროპაში ამ კუთხით – საქართველოს პროკურატურის მიერ, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში მხილებული NGO-ების ანგარიშების დაყადაღებამ „დიფ სთეითის“ მიერ ღიად მართული ევროკავშირის და ცალკეული ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. ფაქტობრივად, ევროპამ უთხრა საქართველოს მთავრობას – როგორ გაბედეთ და შეეხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელით რევოლუციებს გიწყობთო… კიდევ ერთხელ, მოკლედ რომ შევაჯამოთ ერთი შეხედვით უცნაური კონტრასტი – აშშ აღიარებს არასამთავრობოთა დესტრუქციულ როლს, მათ მონაწილეობას რევოლუციებსა და არეულობებში, ხოლო „დიფ სთეითის“ მორჩილი ევროპა კბილებით იცავს აშშ-ის მიერ კორუმპირებულად შერაცხულ NGO-ებს.
რა ხდება? ნუთუ ტრამპის პოლიტიკასა და ევროპელთა მოსაზრებებს შორის ასეთი კარდინალური სხვაობაა? ნუთუ ეს დაპირისპირება და კონტრასტი რეალურია? სწორედ ეს არის მთავარი კითხვები და ვეცდები, მარტივად და გასაგებად ავხსნა რეალობა. ცხადია, არანაირი კონტრასტი და აზრთა სხვაობა არ არსებობს, ყველაფერი ერთი ხელით მართული პროცესია, რის უკანაც „დიფ სთეითი“ დგას. ოლიგარქიული ოჯახები ახლა გამალებით ცდილობენ, რომ მათი მმართველობის რებრენდინგი მოახდინონ და ის, რაც საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რაც გაცხადებულია მათ შესახებ – საერთოდ გააქრონ მოქმედებათა არეალიდან. ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ამერიკა გაწმინდონ „დიფ სთეითის“ ნამოქმედარისგან, მოახდინონ მისი რებრენდინგი და ძველი, აპრობირებული მეთოდები მთლიანად ევროპაში ჩატოვონ, თანაც უფრო აგრესიულად და ღიად. ასე აიხსნება ის კონტრასტი NGO-ების მიმართ, რაც აშშ-სა და ევროპას შორის არის. რაც შეეხება „დიფ სთეითის“ რებრენდინგს და ამ ფარულ პროცესში ტრამპის მართლაც შესაშურ სამსახიობო ოსტატობას, მისი ხელით ოლიგარქიულმა ოჯახებმა თითქმის დაასრულეს ევროპის ძარცვა აშშ-ის სასარგებლოდ. რუსეთ-უკრაინის ომი მთლიანად ევროპას ჩამოჰკიდეს „კისერზე“, ამერიკული იარაღის ყიდვა ევროპის ვალდებულება გახადეს, ცალმხრივი, 15%-იანი სავაჭრო ტარიფები დაუწესეს, 600 მილიარდის ნავთობის შეძენასა და 750 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე მათივე აგენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და საბოლოოდ დააყენეს ევროკავშირი მუხლებზე. ახლა ლოგიკური კვანძი გავხსნათ – აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ აღიარებულია, რომ ევროკავშირს, უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით სწორედ „დიფ სთეითი“ მართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს „დიფ სთეითს“ ებრძვის? როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპს გამარჯვების ქულები ჩაუწერეს? არა, ცხადია. ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც „დიფ სთეითის“ ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია. ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს. ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპაში საკუთარი გეგმები 110%-ით შეასრულეს. დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, დაასუსტეს რუსეთი, ჩაუჭრეს მას შუა აზია, ცხვირწინ ააცალეს სომხეთი და აზერბაიჯანი, აზიური ტვირთებისთვის გააკეთეს ალტერნატიული დერეფანი ზანგეზურზე და ეს დერეფანი 100 წლით იყიდეს… ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე „დიფ სთეითს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდების ცვლილება სჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გაუვრცელდათ. სწორედ ამას ვგულისხმობ „დიფ სთეითის“ რებრენდინგში“, – აღნიშნავს შათირიშვილი.
როგორც შათირიშვილი აცხადებს, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილში, რომელიც მან დონალდ ტრამპის გაუგზავნა, სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა.
„პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილს რაც შეეხება, რომელიც თავში ვახსენე, იმედი მაქვს, ეს წერილი, რომელშიც სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა, მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ პროცესების სინამდვილეს და აცნობიერებენ იმას, რომ არანაირი „დიფ სთეითთან“ მებრძოლი ტრამპი არ არსებობს. ის უზარმაზარი ვაკუუმი, რაც აშშ-მა ხელოვნურად შექმნა საქართველოსთან ურთიერთობაში და რაზეც ბატონი ყაველაშვილი მიანიშნებს, სწორედ რომ ამის დასტურია. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წერს ტრამპს – თუ მთელი მსოფლიო დაალაგეთ, როგორც ამბობთ, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება რა გაგიხდათო – სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ტრამპი, ანუ „დიფ სთეითი“ არ ჩქარობს, მას უნდა, რომ ნაბიჯის გადადგმამდე მაქსიმალურად დაასუსტოს, პრობლემები შეუქმნას მის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს მთავრობას და როდესაც საუბრის დრო მოვა, მათ სურთ, მაგიდასთან საქართველო მაქსიმალურად „გალახული“ იჯდეს. ამიტომ, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ბევრი და მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი „დიფ სთეითის“ მართული ევროკავშირისგან, და არა მხოლოდ. ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მიმართულებით! მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, მაინც ვფიქრობ, რომ, ერთი მხრივ, არსებული ვაკუუმის, მეორე მხრივ, „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი და ვადები ხელისუფლებამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს, მაქსიმალურად გაიძლიეროს პოზიციები ქვეყანაში და საბოლოოდ ჩახსნას პოლიტიკური პროცესიდან კრიმინალების ბანდა, რასაც დღეს „ოპოზიცია“ ეწოდება. შედეგად კი, როდესაც „ლაპარაკის დრო“ დადგება, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ ოპონენტთან არათუ სუსტად, არამედ მტკიცედ და მყარად წარდგება“, – აღნიშნავს შათირიშვილი.