თუფაქის ბეჭედი სოტბის აუქციონზე მილიონ დოლარად გაიყიდა
თუფაქის გარდაცვალებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, რეპერი თუფაქ შაკური დღემდე ამყარებს რეკორდებს. სოტბის ნიუ იორკის აუქციონზე რეპერის ერთ-ერთი სამკაული 1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.
ოქროსა და ბრილიანტის გვირგვინის ბეჭედი ჰიპ-ჰოპ კულტურის ყველაზე ძვირადღირებულ არტეფაქტად იქცა, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ბეჭედი 1 016 000 დოლარად, საწყის ღირებულებაზე სამჯერ მეტად, გაიყიდა.
„ეს ბეჭედი ერთადერთია, რომლის დიზაინიც თვითონ ფაქმა შექმნა და მისი კრეატიული ენერგიის ერთ-ერთი ბოლო შემოქმედებაა. განსაკუთრებული არტეფაქტი იმ პერიოდისაა, როდესაც მისი გავლენა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში ზენიტში იყო“, – განაცხადა სოტბის აუქციონის მეცნიერებისა და პოპულარული კულტურის დეპარტამენტის დირექტორმა კასანდრა ჰატონმა.
თუფაქმა ბეჭედი 1996 წელს შექმნა და 1996 წლის MTV Video Music Awards-ზე ეკეთა. ამ დღეს თუფაქი საზოგადოებაში ბოლოჯერ გამოჩნდა.