“თუ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული სკანდალი არ დაამხობს, მაშინ პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მსხვერპლი გახდება”-The Daily Telegraph
„თუ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული სკანდალი არ დაამხობს, მაშინ პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მსხვერპლი გახდება…“ – ასეთი არასასიამოვნო სათაური აქვს უკრაინელი ლიდერისათვის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მრავალტირაჟიან ყოველდღიურ გაზეთში – „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია ანალიტიკოსი როლანდ ოლიფანტი. „მიმდინარე კვირა ძალიან რთული გამოდგა ვოლოდიმირ ზელენსკისათვის: მისი პოლიტიკური კარიერა ბეწვზე ჰკიდია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
კიეველები მძიმე სიტუაციაში არიან: ელექტროენერგია ხშირად ითიშება, ციდან ყოველ ღამით რუსული დრონები ხმა და რაკეტული დარტყმების გრიალი ისმის. განწყობა ყველას უსიამოვნო აქვს, ადამიანები მოღუშული სახეებით დადიან…
ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ეს დღეები განსაკუთრებით არასასიამოვნოა. ბოლო ერთ კვირაში მან დარტყმა-დარტყმაზე მიიღო: დაკარგა ადმინისტრაციის მეთაური, აგონიაშია ქალაქი პოკროვსკი – უკრაინის ციტადელი, რომელსაც რუსები მთლიანად აღებით ემუქრებიან, ამერიკელებმა კი პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერეს და მისგან დამამცირებელ ტერიტორიულ დათმობებზე თანხმობას ითხოვენ, მშვიდობის სანაცვლოდ. სამშაბათს ვერხოვნა რადას დეპუტატები შეეცადნენ პრეზიდენტის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი დაებლოკათ…
საჯარო გამოსვლების დროს პრეზიდენტი აუღელვებელი ჩანს: „უკრაინა მაქსიმალური სერიოზულობით ეკიდება დიპლომატიურ ძალისხმევას მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენ გვინდა გარანტირებული უსაფრთხოება“, – დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ამერიკელი სპეცწარმომადგენლებთან – სტივ უორკოფთან და ჯარედ კუშნირთან შეხვედრის შემდეგ.
მაგრამ ახლა კულისებში თვით ვოლოდიმირ ზელენსკის ბედი წყდება: დარჩება თუ არა იგი მეომარი ქვეყნის ლიდერად თუ მისი ხელისუფლება უკრაინაში მშვიდობის დამყარებამდე დასრულდება, როგორც ეს ოდესღაც უინსტონ ჩერჩილს მოუვიდა?
მრავალი წლის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი და ანდრეი ერმაკი განუყრელი მეგობრები იყვნენ. გასულ პარასკევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენიანი მეთაურის გადადგომა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებლების მიერ მის კაბინეტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ პრეზიდენტის ოფისში თითქმის ორმეტრიანი დიამეტრის მქონე ნახვრეტი დატოვა (იგულისხმება ანდრეი ერმაკის სიმაღლე). ერმაკი ზელენსკისათვის „მარჯვენა ხელი“ იყო.
როგორც კიევის ანალიტიკური ცენტრის „პენტას“ დირექტორი ვლადიმერ ფესენკო თვლის, ტექნიკურად ზელენსკიმ შეიძლება ხელისუფლება შეინარჩუნოს. მართლაცდა ხომ ცხოვრობენ ადამიანები მარჯვენა ხელის გარეშე? კაცმა რომ თქვას, პოლიტიკური ამპუტაცია პრეზიდენტისათვის შეიძლება სასარგებლოც იყოს – ამით აღმოიფხვრა კრიზისის პოტენციური წყარო და დააკმაყოფილა ფართო პოლიტიკური წრეების მოთხოვნა, რომლებსაც ანდრეი ერმაკი არ მოსწონდათ.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ ზელენსკი არ ზარალდება ამ მოვლენების გამო.
„უკრენერგოში“ მომხდარი 100 მილიონი დოლარის ფინანსური დატაცების სავარაუდო სქემამ, რომელიც ანდრეი ერმაკი გადადგომამდე მიიყვანა (თუმცა იგი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და მისი სახელი ეჭვმიტანილად არ დასახელებულა), ვოლოდიმირ ზელენსკის რეპუტაციას ზიანი მიაყენა და რუსეთმა პროპაგანდისტული მიზნებისათვის გამოიყენა.მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი, რაც ზელენსკის მიადგა, თავისი ძველი მეგობრის წასვლა იყო. ხმაურიანი „კარის გაჯახუნება“ იმის მანიშნებელია, რომ თვითონ უკრაინის ლიდერი ხელშეუხებელი უკვე აღარ არის.
ის, რომ მისმა მტრებმა, როგორიც ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა, ოპოზიციური დეპუტატები და თვითონ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ზოგიერთი წევრი, თავი იმდენად დამაჯერებლად იგრძნეს, რომ თვით ანდრეი ერმაკის გადადგომასაც კი მიაღწიეს, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის „დადებული“ არაფორმალური პოლიტიკური ზავი, რომელიც 2022 წლიდან ნარჩუნდებოდა, დარღვევის საფრთხის ქვეშ დგას. სამშაბათს, 2 დეკემბერს სწორედ პეტრო პოროშენკომ და მისი პარტიის „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატებმა დაბლოკეს სპიკერის ტრიბუნა და ისეთი ხმაურიანი სცენა მოაწყვეს, რომელიც უკრაინის ვერხოვნა რადაში ომამდე იყო დამახასიათებელი.
შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის ფაქტი, რომ ზელენსკის სახელისუფლო უფლებამოსილება შეიძლება ოფიციალურადაც ეჭვქვეშ დადგეს, რაც მისი პოპულარობის დაქვეითებას ასახავს. ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა, რესპონდენტთა მხოლო ერთი მეოთხედი თვლის, რომ იგი ხელისუფლებაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც უნდა დარჩეს. შესაძლოა, როცა ეს ფაქტი გააცნობიერა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითონ განაცხადა, რომ ომის შემდეგ იგი არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ იქნება. სხვათა შორის, დახურული გამოკითხვის შედეგები, რომლებიც არ გამოქვეყნებულა, მოწმობს, რომ პრეზიდენტის რეიტინგი კორუფციული სკანდალის შემდეგ უფრო შემცირდა.
ამრიგად, ანდრეი ერმაკის წასვლამ ნეგატიური პროცესი შეიძლება როგორც შეაჩეროს, ასევე გააძლიეროს კიდეც და პრეზიდენტს დაემუქროს.
ერმაკის მიმართ პოლიტიკური ბრალდებები იმაში გამოიხატება, რომ ის იყო მონოპოლისტი საკადრო საკითხში, სისტემატურად იშორებდა ისეთ ჩინოვნიკებს, რომლებსაც დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ჰქონდათ ან პოპულარულები იყვნენ. ასეთი ბ რალდებებეი ამჟამინდელ სკანდალამდეც ისმოდა. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ერმაკის დაცემა გამოიწვია.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, სამსახურიდან ხმაურიანი გათავისუფლებების სერია, რომელიც რუსეთთან ომის დაწყებისას მოხდა, ანდრეი ერმაკის ინიციატივით განხორციელდა – მან მმართველობაში ერთპიროვნული მოქმედების სწრაფვა გამოიჩინა და ცდილობდა თავისი გავლენები გაეფართოებინა. იმასაც ამბობდნენ, რომ მას ყველგან ეთქმოდა ბოლო სიტყვა, მასზე იყო დამოკიდებული გადაწყვეტა. იმავდროულად ისმოდა საჩივრებიც, რომ პრეზიდენტის მეგობარი სამსახურში (პრეზიდენტის ოფისში) იღებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც მას ყველაფერში ემორჩილებიან). იგი იმდენად იყო მონოპოლისტი საკადრო სისტემაში, რომ საბოლოოდ დაბრკოლებად იქცა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზებაში და დასავლეთთან დიპლომატიურ კონტაქტებში.
„მის გადადგომას არავინ არ გამოეტირება, თვითონ ერმაკის გარდა“, – განაცხადა დეპუტატმა სოლომია ბობროვსკაიამ. ისევე როგორც ბევრი სხვა უკრაინელი დეპუტატები, სოლომიაც თვლის, რომ ანდრეი ერმაკმა მიერ აწყობილი მექანიზმი პარლამენტსაც კი გვერდს უვლის. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ის ადამიანი, რომელიც ანდრეი ერმაკის ნაცვლად იქნება, ალბათ, აღადგენს კავშირს პარლამენტსა და პრეზიდენტის ოფისს შორის.
ვლადიმერ ფესენკოს თქმით, ზელენსკისათვის რეალური საფრთხე მხოლოდ მაშინ გაჩნდება, თუ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებლები მის კვალს იპოვნიან „უკრენერგოს“ ირგვლივ მიმდინარე სკანდალში
არავითარი საფუძველი არ არსებობს იმ ვარაუდისათვის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი კორუფციულ სკანდალში ჩართული, მაგრამ ამის მიუხედავად უკვე ჩნდება კითხვა, ვინ შეიძლება პრეზიდენტის მემკვიდრე იყოს. თუ დონალდ ტრამპი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას მიაღწევს, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი ძალიან სწრაფად დადგება.
რასაკვირველია, სანამ ომი გრძელდება (არ არის გამორიცხული, რომ წლების განმავლობაში ასე იყოს), უკრაინა ვერ ჩაატარებს არჩევნებს ვერც იურიდიული და ვერც პრაქტიკული თვალსაზრისით.
რუსეთის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე აღარ აქვს ლეგიტიმური სტატუსი იმდენად, რამდენადაც მისი პრეზიდენტობის კონსტიტუციური ვადა უკვე დიდი ხანია ამოიწურა, თუმცა საკითხის ასე დაყენება უკრაინელ ამომრჩევლებზე ნაკლებად მოქმედებს. თვით პეტრო პოროშენკოც კი, პრეზიდენტის მოწინააღმდეგე, აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი კანონიერ პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, მმართველობის დემოკრატიის გადადება გაურკვეველი ვადით არ შეიძლება. დადგება მომენტი, როცა უკრაინას არჩევნების ჩატარება მოუწევს ისე, რომ ომიც არ იყოს შეწყვეტილი.
მომგებიანი სიტუაციის მთავარი შემძენი იქნება ვოლოდიმირ ზელენსკის სერიოზული მოწინააღმდეგე, უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდალი (და უკრაინის ელჩი ლონდონში) ვალერი ზალუჟნი. მაგრამ ჯერჯერობით იგი დემონსტრაციულად დუმს და თუ რაიმეს ამბობს, მხოლოდ გამარჯვების მნიშვნელობაზე და უკრაინისადმი მხარდაჭერაზე.
ალბათ, კიევში ბევრმა იმიტომ დაიწყო ლაპარაკი კომპრომისებზე, „ეროვნული ერთიანობის მთავრობის“ შექმნაზე (უინსტონ ჩერჩილის სტილით), რომლის შემადგენლობაში ყველა პარტიის წარმომადგენელი შევიდოდა. მათი აზრით, ანდრეი ერმაკის წასვლა შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა უფრო კოლეგიალურ მმართველობაზე გადავიდეს საომარი მდგომარეობის პირობებში
როგორც ერთ-ერთი ყოფილი ჩინოვნიკი ვარაუდობს, ეს არ იქნება იდეალური გადაწყვეტილება, მაგრამ უფლებას იძლევა რაღაც დროის განმავლობაში დემოკრატიის დეფიციტის პრობლემა მოაგვაროს.