თუ რამე დაგვამარცხებს – არა მოწინააღმდეგის ავტორიტეტი, რომელიც მსხვრევადია, არამედ საკუთარი შეცდომები, რომელთა დაშვების უფლება ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს -დავით ქართველიშვილი
„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რითაც მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.
ქართველიშვილის თქმით, სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მოხდა ოდესღაც თითქოსდა უძლეველი ავტორიტეტების მსხვრევა.
„სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოში მოხდა ოდესღაც თითქოსდა ურყევი ავტორიტეტების, ხელისუფლებებისა თუ ისტორიულ-პოლიტიკური მოცემულობების სრული კრახი: სომხეთით დაიწყო თუ გაგრძელდა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ “არცახის” გარშემო დაწერილი ერის ისტორია და სახელმძღვანელოები, სომხების სულიერი სიძლიერე, მათი უძლეველობა და ამ აუღებელ ციხე-სიმაგრედ ქცეული პროვინციის ლეგენდა ერთ დღეს დაიმსხვრა სომხების მიერ ყარაბაღის მიტოვება/ჩაბარებით.
ამას წინ უსწრებდა ამერიკელების სამარცხვინო გაქცევა ავღანეთიდან, რაც მაშინ რაღაც მზაკვრულ გეგმად ჩანდა;
რუსეთის არმია, რომელიც სერიოზულად ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, მაგრამ თვეების განმავლობაში ვერ უმკლავდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო მის სპეცსამსახურებს “გაეპარა” ქვეყნის გადატრიალების სერიოზული მცდელობა. ასეა თუ ისე, უკრაინაში აშკარად რაღაც ისე არ მიდის , რაზეც იყო გათვლა კრემლში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე;
ბრიტანეთის სამთავრობო ციებ-ცხელება, მათი სპეცსამსახურების არადამაჯერებელი მუშაობა ქვეყნის გავლენების შესანარჩუნებლად მსოფლიოში, უცნაური საკადრო გადაწყვეტილებები მინისტრთა კაბინეტში არა მხოლოდ ლონდონში, არამედ შოტლანდიაშიც;
აფრიკაში საფრანგეთის ნეოკოლონიალური სისტემის სრული კრახი, რომელიც დაფუძნებული იყო ისეთ ფინანსურ და ლოგისტიკურ ქსელებზე, რომლებსაც თითქოს და “უვადო ვარგისიანობა” უნდა ჰქონდა;
ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც უკრაინასთან მიმართებით იმდენად არადამაჯერებლად იქცევა, რომ ვერც საკუთარ გამოყოფილ თანხებს აკონტროლებს, ვერც საჭირო მიზნობრიობისა და რაოდენობის იარაღს აწვდის, ვერც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციების დაგეგმარებას ახორციელებს დამაჯერებლად და შედეგიანად;
ორი კვირის წინ დაინგრა აშშ-სა და ევროპის მონოპოლია მსოფლიო ბაზარზე მიკროელექტრონიკაზე, როდესაც ჩინეთმა წარადგინა თავისი მიკროპროცესორები;
ამჟამად ისრაელი თავისი მაღალტექნოლოგიური თავდაცვის სამინისტროთი, ყველა ტიპის “უძლეველი” სპეცსამსახურებით და დაზვერვით, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პალესტინელები ვერ გაბედავდნენ სერიოზულ ქმედებებს ისრაელთან არაბულ მონარქიებთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით.
ამ ყველაფერს აკვირდება ახალი გადაფორმატებისა და განახლების სტადიაზე მყოფი დანარჩენი მსოფლიო. აკვირდება და აკეთებს სათავისოდ საჭირო დასკვნებს. ამ პოზიციაზე ვართ ჩვენც. ქართველი რაგბისტების არ იყოს, თუ რამე დაგვამარცხებს – არა მოწინააღმდეგის ავტორიტეტი, რომელიც მსხვრევადია, არამედ საკუთარი შეცდომები, რომელთა დაშვების უფლება ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს“, – წერს ქართველიშვილი.