
ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს -იუსტიციის სამინისტრო
ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას.
„2025 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ამ დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მეათე წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი. საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 11 ქვეყანა. საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო, საიმედო გარემოს ქმნის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით. საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოზეც. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად საჭირო სტანდარტებს, მთავრობის მდგრადი ძალისხმევის გამო, საქართველო „პირველ დონეზე“ დარჩა.