1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასასრული, ანუ პუტინმა გაიმარჯვა? – Deutsche Welle
ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასასრული, ანუ პუტინმა გაიმარჯვა? – Deutsche Welle

ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასასრული, ანუ პუტინმა გაიმარჯვა? – Deutsche Welle

889
0

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ვლადიმერ პუტინის წინაშე შორსმიმავალი დათმობებისათვის. ევროპა შოკშია. აშშ-რუსეთის სამიტს საუდის არაბეთში (ერ-რიადში) მსოფლიოს გეოპოლიტიკური ბალანსის კარდინალურად შეცვლა შეუძლია“, – წერს კოლუმნისტი დირკ ემერიხი გერმანიის რადიო „დოიჩე ველეს“ („Deutsche Welle“)  მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასასრული, ანუ პუტინმა გაიმარჯვა?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხშირად ვფიქრობ 2023 წელს გამოცემულ წიგნზე სახელწოდებით „აბადონი: ნაბიჯი უფსკრულისაკენ“. ავტორები ჰანს-ულრიხ იორგესი და აქსელ ბორმბოიმენი წერენ 2025 წლის მსოფლიოზე: დონალდ ტრამპი, რომელიც ისევ ირჩევენ აშშ-ის პრეზდენტად, ქაიროში ხვდება ვლადიმერ პუტინს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს ევროპიდან თავისი ჯარები გამოჰყავს და ნატოს ტოვებს.

სამაგიეროდ, ვლადიმერ პუტინი „ხელს უხსნის“ თავის ამერიკელ კოლეგას ჩინეთის საწინააღმდეგო მოქმედებებში. ორი უდიდესი ბირთვული სახელმწიფო ხელახლა ინაწილებენ მსოფლიოს  და უარს აცხადებენ ყველანაირ ორგანიზაციებში და ალიანსებში მონაწილეობაზე, რომლებიც მათთვის მხოლოდ დაბრკოლებებად გადაიქცნენ. „მაგარი ბიჭები“ – დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი პლანეტაზე ყველაფერს თავიანთი სურვილებისამებრ წყვეტენ. გეცნოთ სიუჟეტი?

აშშ გლობალური წესრიგის კოორდინატთა სისტემას ცვლის

ის, რაც ორი წლის წინათ პოლიტიკური ტრილერის სახით იქნა ჩაფიქრებული, ძალიან ახლოს დგას რეალობასთან. მართალია, დღეს ჯერ-ჯერობით აშშ ნატოშია და სამიტიც ქაიროში კი არა, ერ-რიადში იმართება, მაგრამ ყველა დანარჩენი ნაწილი აბსოლუტურ სიმართლეს ჰგავს: მსოფლიოს მართავს არა კანონის ძალა, არამედ უძლიერესის უფლება.

ამჟამინდელი მომენტისათვის შეერთებული შტატები წარმოუდგენელი დინამიკით ცვლის გლობალური წესრიგის კოორდინატთა სისტემას. ევროპა შოკირებულია. ევროპული სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურები პარიზში სეიკრიბნენ იმის განსახილველად, რაც მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოხდა აშშ-ის ინიციტივით. როგორც მოსალოდნელი იყო, ადექვატური ნაბიჯების გადადგმა ძნელი აღმოჩნდა – ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: სამხედრო ხარჯების გაზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ, უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის თაობაზე ევროკავშირში მკვეთრი უთანხმოება შეიმჩნევა.

ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ღერძი – პარიზი-ბერლინი – უკვე დიდი ხანია შეფერხებით და არარიტმულად მუსაობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საერთო ენა ვერა და ვერ გამონახეს. გარდა ამისა, სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცს თითზე ჩამოსათვლელი დღეები რჩება გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტზე – 23 თებერვალს ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და იგი, დიდი ალბათობით, თანამდებობას დატოვებს. პროგნოზების თანახმად, გერმანიის კანცლერი კონსერვატიული ქრისტან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მენცი გახდება. ასე რომ, ევროპაშიც პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ არასტაბილურია – იქ, სადაც ერთიანობა და მტკიცე კურსი არ არსებობს, წარმატების მიღწევა დაბრკოლებებს აწყდება.

გაიმარჯვა თუ არა ვლადიმერ პუტინმა?

ერ-რიადის სამიტის შედეგები ჰიპოთეტური სცენარით შეიძლება ასე გამოიხატოს:

აშშ მოილაპარაკებს ჩარჩო-ხელშეკრულებაზე რუსეთთან და პილატე პონტოელივით „ხელებს იბანს“. უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან კი არ ზის, არამედ სადღაც კუთხეში სკამზეა ჩამომჯდარი და იქიდან უყურებს და უსმენს, თუ რას ლაპარაკობენ „დიდები“. ევროპა საერთოდ არ ჩანს. სამიტი მთავრდება და ევროპას გადაწყვეტილებას აძლევენ – აწი შენ მთავარი როლი გეკისრება, ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც ჩვენ ორმა მოვილაპარაკეთო.

და ამ დროს დონალდ ტრამპი ისეთი სიტყვებით ამკობს ვლადიმერ პუტინს, რომ კრემლის ბინადარი სიხარულით მეცხრე ცაზეა. ოკუპირებული უკრაინის მიწა-წყალი რუსეთს ოფიციალურად რჩება. უკრაინისათვის ნატოსაკენ მიმავალი გზა გადაკეტილია, ალიანში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ დონალდ ტრამპს არ სურს უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების კონტიგენტი განათავსოს და განზრახული აქვს რუსეთი „დიდ რვიანში“ დააბრუნოს.

მოკლედ, ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ყველაფერზე მოილაპარაკეს და ერთმანეთთან თანასწორად საუბრობენ. ანუ ხდება ის, რაც ვლადიმერ პუტინს ყოველთვის სურდა. კრემლი ყოველთვის ცდილობდა შუღლი ჩამოგდებულიყო დასავლურ ალიანსში, ახლა კი მან ეს ყველაფერი „უფასოდ მიიღო“: ამერიკა და ევროპა ერთიანობის დემონსტრირებას არარ ახდენენ.

ეს სავარაუდო სცენარია, მაგრამ თუ მართლაც ასე მოხდება ერ-რიადში, მაშინ ვლადიმერ პუტინი აბსოლუტურ გამარჯვებას მოიპოვებს, დასავლეთი კი წააგებს. უკრაინა ყოველთვის უფრთხოდა მოვლენების ასეთ განვითარებას, თავს არიდებდა მის განხილვას, თუმცა ევროპული ანალიტიკური ცენტრები არცთუ იშვიათად მსჯელობდნენ. გრიგალის წინასწარმეტყველება შეიძლებოდა. დონალდ ტრამპი არასოდეს არ მალავდა იმას, თუ რის გაკეთება ჰქონდა განზრახული. ევროპა სიტუაციის გაცნობიერებას აჭიანურებდა და ბოლოს „ორმოში აღმოჩნდა“.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის საიმედოდ შესანარჩუნებლად უკრაინაში, სავარაუდოდ 140-150 ათასიანი სამშვიდობო კონტინგენტი იქნება აუცილებელი. ვიმეორებ – „საიმედოდ შესანარჩუნებლად“: არ ვგულისხმობ გაეროს „ცისფერჩაფხუტიანების“ მოვალეობას, რომლებიც მხოლოდ პატრულირებას ახდენენ. მშვიდობისმყოფლების დიდი ნაწილი, ალბათ, გერმანიიდან იქნებიან, მაგრამ არც ბუნდესვერი და არც გერმანული საზოგადოება ამისათვის მზად არ არის.

ჯეიმს ვენსის გამოსვლამ ევროპა შეაძრწუნა

თითქოსდა ეს ნეგატიური ამბები ევროპისათვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მიუნჰენის კონფერენციაზე. როცა ჯეიმს ვენსი ტრიბუნასთან მივიდა, ყველას ეგონა, რომ იგი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის დეტალებს გააჟღერებდა, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამმა ყველაზე უარეს მოლოდინსაც გადააჭარბა – 18-წუთიანმა გამოსვლამ ევროპა გულის სიღრმემდე შეაძრწუნა.

ჯეიმს ვენსმა ყველაზე დიდ მუქარებად ჩათვალა არა რუსეთი ან ჩინეთი, არამედ თვით ევროპის შიგნით არსებული საფრთხეები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული მთავრობები – ისეთები როგორიცაა, ვთქვათ, გერმანიის მთავრობა – ევროპისათვის უფრო მეტ საფრთხეს მოასწავებს, ვიდრე რუსეთის ან ჩინეთის მთავრობა. მისი თქმით, ევროპის მთავრობებს თავიანთი ამომრჩევლების ეშინიათ და პარტიებს გარიყულად აქცევენ. ამერიკელ სტუმარს, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მხედველობაში ჰქონდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომლის ლიდერს ალის ვაიდელს იგი შეხვდა. ოლაფ შოლცთან მოლაპარაკება კი ჯეიმს ვენსის დღის წესრიგში არ აღმოჩნდა.

თავის ვიცე-პრეზიდენტს მხარი აუბა დონალდ ტრამპმაც და დაიწყო ლაპარაკი ამერიკელი და რუსი ხალხის დიდებულებაზე. ეს სრულიად ახალი ტონალობაა. ამერიკა თავის მტრებზე ისე ლაპარაკობს, თითქოსდა ისინი ყოველთვის ძველი განუყრელი მეგობრები იყვნენ, ხოლო ძველ განუყრელ მეგობრებს მტრებად თვლის.

წყარო