“ტრამპს პუტინისაგან კომპრომისი ჭირდება: რა შეიძლება დათმოს რუსეთის პრეზიდენტმა?”-Financial Times
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ტრამპს პუტინისაგან კომპრომისი ჭირდება: რა შეიძლება დათმოს რუსეთის პრეზიდენტმა?“ (ავტორი – როუზ გეტემიულერი)
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეუძლია აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სამ მომენტში დაუთმოს“, – წერს როუზ გეტემიულერი, სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც ნატოს გენმდივნის მოადგილე იყო 2016-2019 წლებში.
პირველი საკითხი, ავტორის აზრით, არის ის ფორმულირება, რომელიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისათვის შეიძლება იქნეს გამოყენებული – გერმანიის პრეცედენტი. როგორც როზა გეტემიულერი წერს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ტერიტორიული მთლიანობა იურიდიულად შენარჩუნებული იქნა და მისი აღმოსავლეთის პროვინციები (ანუ გდრ) მხოლოდ დროებით ოკუპირებულად ჩაითვალა და არა სამუდამოდ დაკარგულად. შესაძლოა მიწების შემოერთება დიდი ხნის განმავლობაში ვერ განხორციელდეს, მაგრამ ქვეყნის გაყოფა მუდმივად არ უნდა იქნეს აღიარებული. „დადგება დრო და უკრაინა გაერთიანდება – ისე როგორც გერმანია გაერთიანდა“.
მეორე დათმობა ეხება ნატოში უკრაინის წევრობის საკითხს: „რუსეთისათვის შეთავაზებული იყოს უკრაინის ისეთი ინტეგრაცია ნატოში, რომლის დროსაც ქვეყანა სწრაფად არ იქნეს მიღებული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ანუ პროცესი დროში გაჭიანურდეს, ვთქვათ, 20 წლის განმავლობაში. მოლაპარაკება ამ საკითხში ისედაც დიდხანს გაგრძელდება, რადგან უკრაინა ამჟამად მზად არ არის და ნატოში მიღებისათვის ყველა პირობა რომ შესრულდეს, ამას დიდი დრო ჭირდება. მოკლედ, ვლადიმერ პუტინი დარწმუნდება, რომ სიურპრიზები მოსალოდნელი არ იქნება.
მესამე სავარაუდო დათმობა იქნება ის, თუ დონალდ ტრამპი მზადყოფნას გამოხატავს განაახლოს რუსეთის სასურველი მოლაპარაკება ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, რომელიც აშშ-მა ცალმხრივად შეწყვიტა.
ვლადიმერ პუტინს შეიძლება არ მოეწონოს თავისი პოზიციის კორექტირება – მას ხომ უკრაინის სრული განადგურება და მორჩილება სურს, მაგრამ ბირთვული იარაღის კონტროლზე აშშ-ის თანხმობა რუსი ლიდერის ავტორიტეტს ასწევს და საერთაშორისო არენაზე კრემლის რეპუტაცია გაიზრდება.
მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტრამპიც დარწმუნდეს – იგი წაგებული არ დარჩება ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებით უკრაინის საკითხში. მან უნდა იცოდეს, რომ კრემლი მზად იქნება ზოგიერთ დათმობაზე წავიდეს, კარგად მოფიქრებულ კომპრომისზე, როგორც საკუთარი იმიჯის, ასევე დონალდ ტრამპისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ვოლოდიმირ ზელენსკის სახის შესანარჩუნებლადაც. არავის არ ჭირდება ომიდან გამანადგურებელი მარცხით გამოსვლა.
მოამზადა სიმონ კილაძემ