ტრამპმა ზელენსკისა და მაკრონს განუცხადა, რომ არ უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას -The Wall Street Journal
7 დეკემბერს, პარიზში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მას სურს იხილოს ძლიერი და კარგად შეიარაღებული უკრაინა.
„ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში და რომ მას სურს, რომ ევროპულმა ჯარებმა აწარმოონ ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი. მან არ გამორიცხა შეერთებული შტატების მხარდაჭერა შეთანხმებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ამერიკელი ჯარი არ იქნება ჩართული ამ მისიაში“, – წერს The Wall Street Journal-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა ასევე მოუწოდა ევროპელებს, მეტი გააკეთონ, რათა ჩინელებმა ზეწოლა მოახდინონ კრემლზე კონფლიქტის დასასრულებლად.