ტრამპმა მრჩევლებს პუტინთან ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა-CNN
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ მრჩევლებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მისი და პუტინის პირისპირ შეხვედრა იქნება, რომელიც აგრეთვე ცოტა ხანში უნდა გაიმართოს.
ტრამპი, როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ამბობდა, რომ ფიცის დადების შემდეგ ერთ დღეში დაასრულებდა უკრაინულ კონფლიქტს, მაგრამ ახლა, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ თითქმის სამწლიანი ომი დასასრულს უახლოვდება. ამრიგად, როგორც ჩანს, ტრამპი დაარღვევს მის მიერ მიცემულ სიტყვას, წერს ტელეარხი.
ამის სანაცვლოდ, ტრამპი და მისი გუნდი იმედოვნებენ, რომ მალე დაიწყებენ კონფლიქტის დარეგულირების გეგმაზე მუშაობას, რომელიც მისი პრეზიდენტობის რამდენიმე თვეში აღსრულდება, მათ შორის პუტინთან პირდაპირი საუბრის მეშვეობით.
ტრამპის გუნდის წევრებმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პუტინთან სატელეფონო საუბარზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. როგორც CNN-ი იუწყება, სატელეფონო საუბრის ზუსტი დღე უცნობია.