1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  “ტრამპისა და მასკის კავშირი თავიდანვე ჩასაშლელად იყო განწირული, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე დრამატულად და სისასტიკით მოხდებოდა”-The Daily Telegraph
 “ტრამპისა და მასკის კავშირი თავიდანვე ჩასაშლელად იყო განწირული, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე დრამატულად და სისასტიკით მოხდებოდა”-The Daily Telegraph

 “ტრამპისა და მასკის კავშირი თავიდანვე ჩასაშლელად იყო განწირული, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე დრამატულად და სისასტიკით მოხდებოდა”-The Daily Telegraph

521
0

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) დღევანდელ, 6 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით:  „ტრამპისა და მასკის კავშირი თავიდანვე ჩასაშლელად იყო განწირული, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე დრამატულად და სისასტიკით მოხდებოდა“ (ავტორი – მაიკლ ლინდი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ურთიერთობა და მათი „მეგობრობის“ დრამატული ფინალი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ეჰ, როგორ ბედნიერ წყვილად გამოიყურებოდნენ…

თუმცა სინამდვილეში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის „საჯარო განქორწინება“ არავის არ უნდა გაუკვირდეს. დონალდ ტრამპს, შოუ-ბიზნესის ოსტატს, ასეთ სიტუაციებში არ უყვარს საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნა – მას თავის ყოფილ მოკავშირეებთან და დაქვემდებარებულ პირებთან უთანხმოება-დაპირისპირების დიდი ხნის ისტორია აქვს. ტყუილად კი არ არის ყველაზე ცნობილი ფრაზა მისი რეალითი-შოუდან „მოსწავლე“ – „შენ გათავისუფლებული ხარ!“.

დატოვა რა თეთრი სახლი, ილონ მასკმა, იმწუთშივე გამოხატა თავისი პრეტენზიები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. მან თეთრი სახლის მიერ კონგრესში შეტანილ კანონპროექტს თანამდებობაზე ყოფნისას „დიდი და ლამაზი“ უწოდა, ახლა კი, როცა პოსტიდან გადადგა, კანონპროექტი „საზიზღარი და საძაგელი“ გახდა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი  მილიარდერი იმასაც ამბობს, რომ სექსუალურ დანაშაულში მხილებული ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის დოსიე მთავრობამ იმიტომ არ გამოაქვეყნა, რომ მასში დონალდ ტრამპიც არის მოხსენიებული.

კაცმა რომ თქვას, პრეზიდენტის და მილიარდერის ურთიერთობის ერთადერთ სიურპრიზად ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მათი მეგობრული დამოკიდებულება საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, ახლა კი უეცრად შეწყდა. მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა დონალდ ტრამპის მხარდაჭერა გადაწყვიტა 2024 წლის ივლისში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მილიარდერმა მის სასარგებლოდ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა. მართალია, იგი თავის „იქს-ქსელში“ წერს, რომ მისი დახმარების გარეშე დონალდ ტრამპი ვერ გაიმარჯვებდა და პრეზიდენტი ვერ გახდებოდაო, მაგრამ სინამდვილეში საეჭვოა, რომ მილიარდერის ფულებს რაიმე გავლენა მოეხდინათ არჩევნებზე, თუ დემოკრატების კანდიდატის კამალა ჰარისის არაპოპულარობას გავიხსენებთ და იმასაც, რომ ამომრჩევლები „მოყოყმანე შტატებში“ რესპუბლიკელებისაკენ გადაიხარნენ. ასე იყო თუ ისე, დონალდ ტრამპმა ილონ მასკს დახმარება დაუფასა – „სპეციალური სახელმწიფო მოსამსახურის“ სტატუსი მისცა და მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) თავმჯდომარის პოსტი ჩააბარა.

ისევე როგორც დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტებამდე, ილონ მასკსაც არ ჰქონდა სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება, რაც გამოვლინდა მილიარდერის სრულ უცოდინარობაში სახელმწიფოს მოწყობისა და სხვა ოფიციალური პროცედურების საკითხებთან მიმართებით. იგი თავისი თაობის ბიზნეს-მაგნატების მსგავსად თვლიდა, რომ მთავრობის პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს ორგანოები ბიზნესივით არ იმართება. ილონ მასკმა თავისი საქმიანობა იმ გაუგებარი მოქმედებით დაიწყო, რომელიც მიმართული ყო სახელმწიფო მოსამსახურეების შემცირებისაკენ – თითქოსდა იგი საკუთარი კომპანიების Tesla-ს, PayPal-ის ან SpaceX-ის თანამშრომლებს ათავისუფლებდა. ისიც ცნობილია, რომ ილონ მასკმა  სოციალური ქსელი „ტვიტერი“ (ამჟამინდელი „იქს-ქსელი“) რომ შეიძინა, თანამშრომლებს ელფოსტით წერილი გაუგზავნა და იმის ანგარიში მოსთხოვა, თუ რა გააკეთეს გასულ კვირაში. ანალოგიურად მან, როცა თანამდებობა დაიკავა და DOGE-ში პერსონალის მართვის სამმართველო შექმნა (უფლებამოსილების დარღვევით), დაახლოებით ორ მილიონ ფედერალურ სახელმწიფო მოსამსახურეს ელფოსტით წერილები გაუგზავნა და მათ მოსთხოვა, რომ თავიანთი ხელმძღვანელებისათვის ყოველკვირეული საქმიანობის ანგარიშები ჩაებარებინათ – ხუთი ყველაზე კარგი მიღწევის თაობაზე და ვინც ამას არ გააკეთებს, დაუყოვნებლივ იქნება გათავისუფლებული სამსახურიდან.

საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელსაც ყოფილი სენატორი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს, აგრეთვე პენტაგონისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელებმა თავიანთ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ილონ მასკის წერილები უყურადღებოდ დაეტოვებინათ და მისი მოთხოვნა არ შეესრულებინათ. ეს ამბები დონალდ ტრამპის ყურამდეც მივიდა, მაგრამ იგი არ იმჩნევდა და საჯაროდ ილონ მასკს მხარს უჭერდა. თავის მხრივ მილიარდერი უფრო შორს წავიდა და იმავე ნიადაგზე შეხლა-შემოხლა მოუხდა ფინანსთა მინისტრთან სკოტ ბესენტთან.

მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს ასეთი გარემოება: ერთია, როცა ილონ მასკი დონალდ ტრამპის კადრებს კულისებში ებრძოდა, მეორეა – როცა ბრძოლა საჯაროდ და სააშკარაოზე გამოიტანა. მას შემდეგ, რაც ორ აპრილს დონალდ ტრამპმა თავისი მცდარი სატარიფო გეგმები გამოაქვეყნა, ილონ მასკმა პრეზიდენტის მრჩეველს ვაჭრობის საკითხებში პიტერ ნავაროს „ნამდვილი იდიოტი“ და „აგურებით სავსე ტომარა“ უწოდა.

როგორც ამბობენ, ილონ მასკმა თავისი ურთიერთობა დონალდ ტრამპთან იმითაც გაიფუჭა, როცა ვისკონსინის შტატის უმაღლესი სასამართლოს სპეციალურ არჩევნებში 20 მილიონი დოლარი ჩადო და განაცხადა, რომ ამომრჩევლებს დააჯილდოებდა. ეს უხეში იდეა რესპუბლიკელებს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ (იდეა ამომრჩევლების მოსყიდვად იქნა შეფასებული) და საბოლოო ჯამში არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

პრეზიდენტისა და ბიზნესმენის ურთიერთობის გაწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად იქცა ილონ მასკის აქტიურობა თავის სოციალურ „იქს-ქსელში, როცა მან კონგრესმენებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეტანილი „დიდი და ლამაზი“ კანონპროექტის (გადასახადებისა და ასიგნებების შესახებ) წინააღმდეგობისაკენ მოუწოდა. დოკუმენტის ერთ-ერთი დებულებაა სახელმწიფო სუბსიდიების შემცირება ელექტრომობილების წარმოებასა და შესყიდვაზე და თუ მართლაც ასე მოხდება, საეჭვოა, რომ ძვირი ელექტრომობილი ვინმემ იყიდოს. ილონ მასკი კი იმ კომპანიის (Tesla) გენერალური დირექტორია, რომელიც ელექტრომობილებს ამზადებს.

დონალდ ტრამპმა მილიარდერის მიმართ განაცხადა, რომ იგი მისი ქცევით იმედგაცრუებულია და აღნიშნა, რომ ისინი ოდესღაც კარგი მეგობრები  იყვნენ, ახლა კი არ იცის, აღდგება თუ არა მათი კეთილი ურთიერთობა.

უკმაყოფილო მილიარდერმა თავის „იქს-ქსელში“ ისიც კი თქვა, რომ არჩევნების დროს მისი ფინანსური დახმარების გარეშე დონალდ ტრამპი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ხოლო კონგრესში დემოკრატები გაბატონდებოდნენ, რესპუბლიკელების ნაცვლად. ანუ ამით დონალდ ტრამპი უმადურობას ამჟღავნებს მის მიმართ.

პრეზიდენტმა კი მწვავედ შენიშნა თავის სოციალურ პლატფორმაზე – Truth Social-ში, რომ ილონ მასკს ის ეწყინა, მისი ელექტრომობილების წარმოებაზე და გაყიდვაზე სახელმწიფო დახმარება რომ გავაუქმეო. „იგი ყველას თავისი ელექტრომობილების შეძენას აძალებდა… ჭკუიდან იყო შეშლილი!“, – დაწერა ტრამპმა და ილონ მასკს ყველა სუბსიდიის შეწყვეტით დაემუქრა: „ძალიან მიკვირს, თუ რატომ არ გააკეთა ეს ჯო ბაიდენმა“.

დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის ურთიერთობის ასეთი სახით დასრულებამ, რასაკვირველია, დემოკრატები ძალიან გაამხიარულა. (…) თუმცა მთავარი გაკვეთილი ამ ამბებიდან მაინც ის არის, რომ ცნობადი სახეები – ისეთები, რომლებსაც სახელმწიფო საჯარო თანამდებობებზე არასოდეს არ უმუშავიათ და პრეზიდენტები გახდნენ, ვთქვათ, გენერალი ულის გრანტი, დუაიტ ეიზენჰაუერი, ან ბიზნესმენები ჰერბერტ გუვერი, დონალდ ტრამპი და თუნდაც იგივე ილონ მასკი, როგორც წესი, არასახარბიელოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს აშშ-ის მთავრობის მართვის საკითხებში იმ პრეზიდენტებთან შედარებით, რომლებსაც ფართო გამოცდილება ჰქონდათ პოლიტიკურ საქმიანობაში – ვთქვათ, ჯორჯ ვაშინგტონთან, აბრამ ლინკოლნთან და ფრანკლინ რუზველტთან შედარებით.

როცა გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი (მეტსახელად „აიკი“) 1953 წელს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, მისმა წინამორბედმა ჰარი ტრუმენმა გაიხუმრა: „იგი დაჯდება და ბრძანებს: ეს არ გააკეთოთ, ის არ გააკეთოთ… მაგრამ იგი ვერაფერს მიაღწევს. საწყალ აიკს წარმოდგენა არ აქვს, რომ [თეთრი სახლი] მის არმიას არ ჰგავს“.

და არ ჰგავს არც „ტესლას“ და არც „ტვიტერს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: