
ტრამპის საგარეო პოლიტიკა ჩიხში აღმოჩნდა – ავთანდილ წულაძე
1987 წელს ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა დაწერა წიგნი „გარიგების ხელოვნება“. ამ წიგნში ტრამპი საკუთარ თავს გარიგებების ოსტატად წარმოაჩენს. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა თავისი საგარეო პოლიტიკა იმ იდეაზე დააფუძნა, რომ როგორც გარიგებების ოსტატს, მას შეუძლია უკარნახოს სხვა ქვეყნების ლიდერებს აშშ-ს პირობები.
ტრამპის მიერ მსოფლიოსთან სავაჭრო ომმა შოკური რეაქციები გამოიწვია მთელ მსოფლიოში ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებში. მაგრამ ტრამპი, როგორც „გარიგების ოსტატი“, პირობას დევს, რომ ყველასთან შეთანხმებას მიაღწევს.
ტრამპის დაპირებები უკრაინაში ომის დასრულებისა და ირანთან ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე მომგებიანი შეთანხმების დადების შესახებ, იმავე პრინციპს ეფუძნება. თუმცა, როდესაც ტრამპი პრეზიდენტობის 100 დღეს უახლოვდება, მისი პოლიტიკის შედეგები ოპტიმიზმს არ იწვევს. ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „გარიგების ხელოვნება“ რეალობას ხვდება“.
სტატიის ავტორი, CNN-ის მიმომხილველი სტივენ კოლინსონი აღნიშნავს, რომ ტრამპის მცდელობები, საერთაშორისო საკითხები უძრავი ქონების გაყიდვის მსგავსად გადაჭრას, წარმატებული არ არის: „პრეზიდენტი იმ ფაქტის წინაშე აღმოაჩნდა, რომ გეოპოლიტიკას და გლობალურ სავაჭრო მოლაპარაკებებს ბინის გაყიდვასთან დიდი კავშირი არ აქვს“
ტრამპი იძულებული გახდა, ათობით ქვეყნის წინააღმდეგ ტარიფები გაეყინა და 90-დღიანი პაუზა გამოეცხადებინა. თუმცა, მის დაპირებებს, რომ 90 დღის განმავლობაში ათობით ქვეყნის მთავრობასთან შეერთებული შტატებისთვის ხელსაყრელი პირობებით შეთანხმებას მიაღწევდა, ჯერ შედეგი არ მოჰყოლია.
ჩინეთთან სავაჭრო ომის გამწვავებამ აშშ-ის საფონდო ბირჟების ვარდნა გამოიწვია და პრობლემები შეუქმნა ამერიკულ კორპორაციებს, რომლებიც ჩინეთის კომპონენტების მიწოდებაზე არიან დამოკიდებულნი. ამერიკელი ბიზნესმენები ზეწოლას ახდენენ ტრამპზე, რათა მან ჩინეთთან სავაჭრო ომი შეაჩეროს. ტრამპმა ჩინეთთან შეთანხმების მიღწევის მზადყოფნის შესახებ შემრიგებლური განცხადებების გაკეთება დაიწყო, მაგრამ სი ძინპინი დონალდ ტრამპთან სავაჭრო ომისთვის მზად აღმოჩნდა და ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე მკაცრი ზომები მიიღო. ჩინეთმა არა მხოლოდ საპასუხო ტარიფები დააწესა ამერიკულ საქონელზე, არამედ აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს მანამ, სანამ ტრამპი ჩინეთის წინააღმდეგ ყველა ტარიფს არ მოხსნის.
ტრამპის მცდელობები, ზეწოლა მოეხდინა უკრაინაზე, რათა ზელენსკის ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებებზე რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობებით, ევროკავშირისა და ჩინეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ასევე უშედეგო აღმოჩნდა. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ტრამპი ამ პროცესიდან გასვლისთვის ემზადება.
ტრამპის ქმედებებმა ამერიკელ მოქალაქეებში უკმაყოფილების ზრდა გამოიწვია, რაც პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნას იწვევს. სოციოლოგიური გამოკვლევების სააგენტოს Pew Research-ის ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპის რეიტინგი 40%-მდე დაეცა.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 59% არ უჭერს მხარს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტარიფების ზრდას. ასევე, გამოკითხული ამერიკელი ამომრჩევლების 55% არ უჭერს მხარს სახელმწიფო მოხელეების მასობრივ შემცირებას.
ამგვარად, ტრამპი არა მხოლოდ აგებს სავაჭრო ომებსა და უკრაინის ომის მოლაპარაკებებს, არამედ პოპულარობის დაკარგვასაც იწყებს. პოპულარობა – ეს იყო ტრამპის მთავარი პოლიტიკური რესურსი, რამაც მას არჩევნებში გამარჯვების საშუალება მისცა.
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 2026 წლის ნოემბერში გაიმართება. საარჩევნო კამპანია ამ ზაფხულს დაიწყება. რესპუბლიკურ პარტიაში იზრდება შიში, რომ ტრამპის შეცდომების გამო პარტია ამ არჩევნებს წააგებს და დემოკრატებმა შესაძლოა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვონ. ამ შემთხვევაში, ტრამპი დაკარგავს პოლიტიკურ ინიციატივას და დემოკრატები გააძლიერებენ ზეწოლას რესპუბლიკელებზე, რათა მათმა კანდიდატმა მოიგოს შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები.
ამომრჩევლებსა და ამერიკულ ელიტაში ტრამპის, როგორც „გარიგებების ოსტატის“ მიმართ იმედგაცრუებამ, შესაძლოა ტრამპზე ზეწოლის გაზრდა გამოიწვიოს. ასევე მოსალოდნელია ტრამპის ადმინისტრაციის დასავლელ მოკავშირეებთან პარტნიორობის აღდგენა. ჩინეთთან ეკონომიკური ომის დეესკალაცია დაიწყება. დონალდ ტრამპი იძულებული იქნება დაუბრუნდეს ამერიკის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას.
ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი