1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტრამპის და ჰარისის დებატებმა შეიძლება გადაწყვიტოს არჩევნების შედეგი
ტრამპის და ჰარისის დებატებმა შეიძლება გადაწყვიტოს არჩევნების შედეგი

ტრამპის და ჰარისის დებატებმა შეიძლება გადაწყვიტოს არჩევნების შედეგი

167
0

კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის მოახლოებული დებატები შეიძლება იყოს გადამწყვეტი მომენტი საარჩევნო კამპანიაში. გამოკითხვების მიხედვით, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს ხმების 49% აქვს. მერყევ შტატებში, როგორიცაა ჯორჯია და პენსილვანია, არც ჰარისს და არც ტრამპს არ აქვთ უპირატესობა.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ისტორია აჩვენებს, იმ სიტუაციაში, როდესაც კანდიდატებს აქვთ თანაბარი შანსები, დებატებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ.

ამერიკული მედია ყურადღებით აკვირდება კანდიდატების მომზადებას დებატებისთვის. კამალა ჰარისი რეპეტიციებს გადის დებატებისთვის ტრამპის დუბლიორთან, ფილიპ რეინსთან. რეინსი ჰილარი კლინტონის ყოფილი მრჩეველია. ის ცნობილია თავისი მკაცრი დებატებით და წარმატებით ბაძავს ტრამპის სტილს. The Washington Post-ის ცნობით, სპეციალურად კამალა ჰარისისთვის აშენდა ABC სატელევიზიო სტუდიის მოდელი პიტსბურგის სასტუმრო Omni William Penn-ში. https://www.washingtonpost.com/politics/2024/09/09/harris-trump-debate/

კამალა ჰარისი ემზადება დებატებისთვის, როგორც ჰოლივუდის მსახიობი. ჰარისი დაეყრდნობა წინასწარ კარგად მომზადებულ თეზისებს და არა იმპროვიზაციას. როგორც ყოფილ პროკურორს, მას აქვს უნარი დაარწმუნოს მსაჯულები ბრალდებულის დანაშაულში. ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება სავარაუდოდ შეიცავს ახალ ან დავიწყებულ ფაქტებს ტრამპის შესახებ, რომლებმაც ის უნდა წარმოაჩინონ როგორც კრიმინალური მიდრეკილებების მქონე პიროვნება.

დებატების ფორმატი ასევე უფრო მოსახერხებელია ჰარისისთვის, ვიდრე ტრამპისთვის. სანამ ერთ-ერთი კანდიდატი საუბრობს, მეორეს მიკროფონი გამორთული ექნება. ეს ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს საუბარს ვერ შეაწყვეტინებენ. დონალდ ტრამპი თავის დებატების ტაქტიკაში ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მანიპულირებას ეყრდნობა. ოპონენტის საუბრის უხეშად შეწყვეტა ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც ტრამპი ხშირად იყენებდა. ამჯერად მას ამის შესაძლებლობა არ ექნება.  კამალა ჰარისს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს მომზადებული არგუმენტები ტრამპის პროვოკაციულ განცხადებებზე რეაგირების გარეშე.

დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისისთვის დებატების მოსამზადებლად დუბლიორი არ გამოიყენა. ტრამპის შტაბში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია და თავის თანაშემწეებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს. ტრამპის თავდაჯერებულ გამარჯვებას ბაიდენთან დებატებში მისი შტაბი ჰარისზე უპირატესობად წარმოაჩენს.

აღსანიშნავია, რომ კამალა ჰარისს ჯო ბაიდენთან დებატების გამოცდილებაც აქვს. ის 2019-2020 წლების საპრეზიდენტო კამპანიაში იყრიდა კენჭს. 2019 წელს, ბაიდენთან დებატების დროს, ჰარისმა მოახერხა მისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. მოგვიანებით ჰარისმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მაგრამ ბაიდენმა დააფასა ჰარისის ნიჭი და მიიწვია იგი ვიცე-პრეზიდენტად თავის საარჩევნო კამპანიაში.

თუ კამალა ჰარისი მოიგებს დებატებს, დონალდ ტრამპი დაკარგავს “უძლეველის”  იმიჯს და ავტორიტეტს როგორც ნაპოლეონი ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლები გამარჯვებულს დაუჭერენ მხარს და წინასაარჩევნო კამპანიაში ლიდერი გამოჩნდება.

საქართველოსთვის კამალა ჰარისის საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ინტერესს, თუ ის პრეზიდენტი გახდება. შეერთებულ შტატებში საგარეო პოლიტიკა დიდწილად დამოკიდებულია ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველზე და სახელმწიფო მდივანზე. ამ პოლიტიკურ მოღვაწეებს აქვთ გადამწყვეტი გავლენა შეერთებული შტატების პრეზიდენტზე.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ კამალა ჰარისის დროს. ამავე დროს, კამალა ჰარისის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი სავარაუდოდ ფილ გორდონი იქნება. გორდონი ცნობილია საგარეო პოლიტიკის საკითხებში უფრო მკაცრი და რეალისტური მიდგომით, ვიდრე ჯო ბაიდენის ამჟამინდელი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი. ფილ გორდონი მუშაობდა ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში და სწორედ მისი რეკომენდაციით დაამტკიცა კლინტონმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება. ფილ გორდონი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეას.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ნატოსთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა. როდესაც ტრამპი პრეზიდენტი იყო, ის იმუქრებოდა, რომ შეერთებული შტატები დატოვებდა ნატოს. ამავდროულად, ტრამპი ტრაბახობდა, რომ მისმა მუქარამ გააძლიერა ნატო. ამრიგად, ტრამპის საგარეო პოლიტიკა, თუ ის პრეზიდენტი გახდება, უფრო არაპროგნოზირებადი იქნება. პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა გადააყენა რამდენიმე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. ტრამპს არ აქვს მკაფიო გეგმა ან საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. ტრამპი მოქმედებს იმის მიხედვით, თუ როგორია სიტუაცია ამ მომენტში. ამიტომ, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგნოზირება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, თითქმის შეუძლებელია.

ამრიგად, თუ ჰარისი მოიგებს დებატებს, სიტუაცია უფრო გარკვეული და პროგნოზირებადი გახდება. თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ვითარება კიდევ უფრო ქაოტური და დამაბნეველი იქნება.

 

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი