
ტრამპი, პუტინი და უკრაინის მომავალი – Financial Times
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ტრამპი, პუტინი და უკრაინის მომავალი“ (ავტორი – გიდეონ რიჩმანი, პოლიტიკური მიმომხილველი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
იუნჰენის 1938 წლის შეთანხმება ხშირად მოიხსენიება ისეთი სიტუაციის აღმნიშვნელ მოქმედებად, როცა დიქტატორების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვთ. ტრამპისა და პუტინის სამიტი, რომელიც 15 აგვისტოს არის დაგეგმილი ალასკაზე, ერთ-ერთი თვალსაზრისით ძალიან მოგვაგონებს მიუნჰენს: ჩეხოსლოვაკიის მთავრობა (პრეზიდენტი ედვარდ ბენეში) არ იყო მიწვეული იმ მოლაპარაკებაზე, რომლის დროსაც ნევილ ჩემბერლენი (დიდი ბრიტანეთის პრემიერი), ბენიტო მუსოლინი (იტალიიის პრემიერი) და ედუარდ დალადიე (საფრანგეთის პრემიერი) დაეთანხმნენ ადოლფ ჰიტლერის (გერმანიის რაიხსკანცლერის) მოთხოვნას ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის ოკუპირებას გერმანიის ჯარების მიერ.
ამჟამინდელ სიტუაციაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც არ იქნება ალასკაში დაგეგმილი რუსეთ-აშშ-ის ლიდერების მოლაპარაკების მონაწილე, რომლის დროსაც მისი ქვეყნის საზღვრების საკითხი უნდა იქნას განხილული. და როგორც ამბობენ ხოლმე, „თუ შენი ადგილი მაგიდასთან არ არის, ესე იგი, მენიუში ნამდვილად ხარ“.
დონალდ ტრამპის ლაპარაკი „მიწების გადაცვლაზე“ ასევე იწვევს შეშფოთებას როგორც უკრაინაში, ასევე ევროპაში. არის იმის შიში, რომ პატივმოყვარე დონალდ ტრამპი შეიძლება იოლად დაიქვემდებაროს და მართოს ვლადიმერ პუტინმა, სასტიკმა დიქტატორმა.
უკრაინელებისა და ევროპელებისათვის ყველაზე უარეს სცენარად ითვლება ის, რომ ტრამპი და პუტინი შეთანხმდებიან „მიწების გაცვლაზე“, რაც სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ უკრაინა სამუდამოდ დაუთმობს რუსეთს თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს.
ვლადიმერ პუტინის მიზანი, სავარაუდოდ, გამოიხატება დონალდ ტრამპთან სასურველი შეთანხმების მიღწევით, რომელსაც შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის მომხდარ ფაქტად იქნება წარდგენილი. გარიგება, რომლის დადებაც პუტინს სურს, უკრაინას დაუცველს და კრახის წინაშე ტოვებს. და თუ უკრაინა უარს იტყვის მის ხელმოწერაზე, რუსებს იმედი აქვთ, რომ აშშ კიევის მხარდაჭერას შეწყვეტს, ევროპას კი ამერიკის გარეშე კიევის დახმარება გაუჭირდება. ანუ ასეთი სიტუაციაც ხელსაყრელია რუსებისათვის.
დიახ, ეს არის ყველაზე სავარაუდო სცენარი, მაგრამ უკრაინელები და მისი ევროპელი მხარდამჭერებს იმედი აქვთ, რომ შედეგები უფრო პოზიტიური იქნება. მათი აზრით, კარგი იქნება, რომ გაფორმდეს ცეცხლის შეწყვეტა და სანქციები იქნას გათვალისწინებული რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ კრემლი ომს განაახლებს. ტერიტორიული საკითხის განხილვა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა დაიწყოს.
ასეთი სწრაფტემპიანი დიპლომატიით და ბობოქარი ემოციებით დატვირთულ დღეებში არსებობს იმის საფრთხე, რომ როგორც უკრაინა, ისე ევროპა მხედველობიდან გაუშვებენ იმ სტრატეგიული მომენტის მნიშვნელობას, თუ „რის მიღწევა სურთ მათ და რის მიღწევა არის შესაძლებელი“.
ომის მსვლელობას წინასწარ ზუსტად ვერ განსაზღვრავ, მაგრამ ყველაზე დამაჯერებელი ანალიზის მიხედვით, რომელიც კი მე დღემდე მინახავს, უკრაინა ომს თანდათანობით აგებს, ხოლო ცოცხალი ძალის პრობლემა წინა ხაზზე სულ უფრო მწვავე ხდება. ეს ნიშნავს, რომ თუ მოლაპარაკება ჩაიშლება და ომი გაგრძელდება, რუსეთისათვის ეს უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა, რაც, თავის მხრივ, უკრაინას აწყობს.
კიევის პოზიცია, რომლის თანახმად, მოსკოვს არცერთი გოჯი ტერიტორია არ უნდა დაუთმოს, პრინციპულია, მაგრამ იმავდროულად არარეალური დღევანდელ სიტუაციაში. მთავარია ყურადღება მივაქციოთ საკვანძო განსხვავებას, რომელიც გამოხატულია ტერიტორიის დე ფაქტოდ და დე იურედ დათმობაში.
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ძალადობრივი ანექსიის იურიდიული აღიარება მიუღებელია როგორც თავად უკრაინისათვის, ასევე ევროკავშირისათვის და დიდი ბრიტანეთისათვის. მაგრამ რუსული ოკუპაციის – როგორც მკაცრი რეალობის – ფაქტიური აღიარება, ფართო სამშვიდობო შეთანხმების კონტექსტში, შეიძლება აუცილებელი აღმოჩნდეს. საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის სახელმწიფოების ანექსია 1940 წელს არ ყოფილა აღიარებული არც აშშ-ის და არც ევროპის უმეტესი ქვეყნების მიერ, მაგრამ რადგანაც ეს იყო ცხოვრებისეული რეალური ფაქტი, დასავლეთი ამას დროებით შეეგუა და საბჭოთა მთავრობასთან თანამშრომლობდა. საბოლოოდ, ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკამ 1990 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ხოლო მოსკოვი იძულებული გახდა მათი სუვერენიტეტი 1991 წელს ეღიარებინა.
უკრაინის მომავლის უფრო თვალსაზრისით მსჯელობისას, ევროპის გავლენიანი სახელმწიფოების მთავრობები აცნობიერებენ, რომ დისკუსია მხოლოდ ტერიტორიების შესახებ, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, მუდმივად შეუძლებელია. ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბმა, რომელიც გავლენიანი მოთამაშეა დღევანდელ დიპლომატიაში, სასარგებლო იდეა წამოაყენა მომავლისთვის, თავისი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით – ფინეთმა რუსეთთან 1940-იან წლებში ორი ომი გადაიტანა.
სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე ფინეთმა რუსეთს თავისი ტერიტორიის 10% დაუთმო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთი იძულებული გახდა ნეიტრალური სახელმწიფო ყოფილიყო, რომ მოსკოვთან ანტაგონიზმისათვის თავი აერიდებინა. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ფინეთმა შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა და დემოკრატიული წყობილება, გადაიქცა აყვავებულ, თავისუფალ და წარმატებულ ქვეყნად.
ალექსანდრე სტუბის ვარაუდით, უკრაინის მომავლის უზრუნველყოფა გულისხმობს სამი საკითხის – დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის – გათვალისწინებას. ფინეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ უკრაინისათვის აუცილებელი არ არის ამ სამივე საკითხში თავის მიზნებს 100%-ით მიაღწიოს. თუ უკრაინა შეძლებს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის შენარჩუნებას, მაშინ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში შეიძლება იძულებითი დათმობა განახორციელოს. ეს მტკივნეული დათმობა იქნება, მაგრამ მისაღები.
სუვერენიტეტის საკითხსაც თავისი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რუსეთი ითხოვს უკრაინის უფლებების შეზღუდვას ბევრ სფეროში, თანაც ისეთის, რომლითაც საკუთარი საგარეო-პოლიტიკური კურსის გატარება და თავდაცვის შესაძლებლობა უმცირდება (დემილიტარიზების გათვალისწინებით). კრემლი ასევე ითხოვს, რომ უკრაინამ ოფიციალური უარი განაცხადოს ნატოს წევრობაზე და, არ არის გამორიცხული, ევროკავშირზეც.
ბუნებრივია, უკრაინას აშკარად არ შეუძლია დაერთანხმოს კრემლის სამხედრო სეზღუდვების მოთხოვნებს, მაგრამ თუ კიევი ევროკავშირში ინტეგრირებას მოახდენს, მაშინ შეიძლება მან ნატოზე უარი თქვას, დროებით მაინც. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ: პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ უკრაინის წევრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსი უახლოეს მომავალში არარეალურად მოჩანს.
ალასკის სამიტის ერთ-ერთი აშკარა საფრთხე იმით გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი მოთხოვნები დიდი ხნის განმავლობაში აქვს მოფიქრებული, დონალდ ტრამპი კი, როგორც ყოველთვის, დაინტერესებულია იმით, რომ სწრაფად განაცხადოს თავისი ტრიუმფი, ვიდრე გარიგების დეტალებზე იმსჯელოს.
მაგრამ ნებისმიერი შეთანხმება, რასაც მხარეები ალასკაზე მიაღწევენ, იქნება პროცესის დასაწყისი და არა დასასრული. უკრაინელებმა და ევროპელებმა დონალდ ტრამპი უნდა წააქეზონ და ხელი არ უნდა შეუშალონ ხანგრძლივი თამაშისათვის. რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ ყველაზე უკეთესია, რაც მათთვის ამჟამად არის მისაწვდომი.
მოამზადა სიმონ კილაძემ