1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტრამპი ისრაელ-ირანის ომში ჩართვას ყოყმანობს
ტრამპი ისრაელ-ირანის ომში ჩართვას ყოყმანობს

ტრამპი ისრაელ-ირანის ომში ჩართვას ყოყმანობს

435
0

ისრაელსა და ირანს შორის ომი მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მოვლენად იქცა. ამ ომის შედეგი განსაზღვრავს, თუ როგორ შეიცვლება ძალთა გლობალური ბალანსი.

ისრაელი გამანადგურებელ დარტყმებს აყენებს ირანის ბირთვულ ობიექტებს და ქვეყნის მმართველი ელიტის წარმომადგენლებს. განადგურებულია ათობით ირანელი გენერალი, ბირთვულ კვლევებში ჩართული მეცნიერები და აიათოლა ხამენეის მრჩევლები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანში რეჟიმის შეცვლას შეეცდება.

თეირანში პანიკაა. მოსახლეობა ქალაქიდან გარბის. ირანის ხელისუფლება კარგავს კონტროლს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. არის ინფორმაცია, რომ აიათოლა ხამენეის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ მის რუსეთში გაქცევაზე.

აიათოლა ხამენეიმ ძალაუფლება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობას გადასცა და აღმოსავლეთ ირანში ბუნკერში იმალება. ისრაელის არმია ანადგურებს ირანის რეჟიმის იმ ლიდერებს, რომლებიც რეალურად ახორციელებენ ძალაუფლებას ქვეყანაში.

ირანი აგრძელებს ბალისტიკური რაკეტების სროლას ისრაელის მიმართულებით. აიათოლა ხამენეიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ირანი არ დანებდება და გააგრძელებს ბრძოლას. ეს ნიშნავს, რომ ირანი უარყოფს დონალდ ტრამპის შეთავაზებას, დანებდეს და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელისა და შეერთებული შტატების პირობებით.

ირანის პრობლემა ის არის, რომ ისრაელისგან განსხვავებით, ირანს არ შეუძლია სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდეს. არც რუსეთი და არც ჩინეთი აქტიურად არ ერევიან კონფლიქტში.

ირანს არ აქვს რესურსები ხანგრძლივი საჰაერო ომის წარმოებისთვის. შემდგომი განვითარების ორი შესაძლო სცენარი არსებობს.

პირველი სცენარი. ირანის ხელმძღვანელობა მთლიანად უარს ამბობს ბირთვულ პროგრამაზე, ირანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმება იდება. ირანში რეჟიმი დარჩება, მაგრამ მნიშვნელოვნად დასუსტდება. დონალდ ტრამპი ამ სცენარს ეყრდნობა და მოუწოდებს ირანს გარიგების დადებისკენ.

მეორე სცენარი. ირანში გადატრიალება ან რევოლუცია ხდება. აიათოლა ხამენეი და ირანის სხვა მაღალი რანგის ლიდერები ცდილობენ სხვა ქვეყანაში გაქცევას. ირანში პოლიტიკური რეჟიმი უფრო დემოკრატიული ხდება. ეს სცენარი მსგავსი იქნება სირიაში მომხდარი მოვლენებისა. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა. ახალი ხელმძღვანელობა ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს ამყარებს.

მეორე სცენარი უფრო მისაღებია ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის. ისრაელის ხელმძღვანელობა თავის განცხადებებში ხაზს უსვამს, რომ ის არ ებრძვის ირანელ ხალხს, არამედ დიქტატორულ რეჟიმს.

თუმცა, ირანის სრულად დასამარცხებლად ისრაელს აშშ-ს დახმარება სჭირდება. ირანის მთავარი ბირთვული ობიექტი ფორდოუში დაახლოებით 100 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ამ ობიექტის ასაფეთქებლად სპეციალური ბომბია საჭირო, რომელიც მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს. ისრაელის ხელმძღვანელობა ტრამპს სთხოვს, დაარტყას ფორდოუს ბირთვულ ობიექტს, მაგრამ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

ტრამპის მერყეობა განპირობებულია იმით, რომ აშშ-ს პირდაპირმა მონაწილეობამ ირანთან ომში შეიძლება გამოიწვიოს ირანის დარტყმები ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე. ტრამპმა არჩევნების წინ პირობა დადო, რომ შეწყვეტდა ყველა ომს და არ ჩაითრევდა აშშ-ს ახალ სამხედრო კონფლიქტებში.

ამავდროულად, ისრაელის გადამწყვეტი და ძალიან ეფექტური ქმედებების ფონზე, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის პრეზიდენტის პოზიცია სისუსტედ გამოიყურება. ტრამპის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ უკვე შეასუსტა აშშ-ს საერთაშორისო ავტორიტეტი. თუ ტრამპი ვერ გაბედავს ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ ობიექტზე დარტყმას, მაშინ თავად ტრამპის და შეერთებული შტატების ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეირყევა. ირანის რეჟიმს კი გადარჩენის შანსი ექნება მოლაპარაკებებზე დათანხმებით.

ტრამპი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებს.

https://www.foxnews.com/world/trump-make-iran-decision-within-next-two-weeks-given-chance-negotiations-leavitt-says

აშშ ირანზე დარტყმისთვის ემზადება. იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი და ირანი თამაშში ფსონებს ზრდიან და დათმობებზე წასვლას არ აპირებენ, დიდი ალბათობით, ტრამპი იძულებული გახდება დათანხმდეს ისრაელის მოთხოვნას ირანის ბირთვული ობიექტის დაბომბვაზე.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი